ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", დათო ტურაშვილი - "უნივერსიტეტი" (როგორიც მახსოვს)

"რეტულიტი", დათო ტურაშვილი - "უნივერსიტეტი" (როგორიც მახსოვს)
11 აპრილი, 2020
უნივერსიტეტი
(როგორიც მახსოვს)


მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოვხვდებოდი ხოლმე, ყოველთვის მოწიწებას ვგრძნობდი ამ შენობის მიმართ, რაც ჩემი მშობლების დამსახურება იყო, რადგან ისინი, ყოველთვის განსაკუთრებულად მოიხსენიებდნენ ხოლმე უნივერსიტეტს და ამიტომაც ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გადავწყვიტე რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სწორედ აქ უნდა გამეგრძელებინა. თუმცა არ ვიცოდი რა ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა (ან საიდან უნდა მცოდნოდა ეს, ჩვიდმეტი წლის ასაკში) და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მხოლოდ იმიტომ მოვადექი საბუთებით ხელში, რომ მშობლები დამეწყნარებინა. იყო ივლისის საშინელი სიცხე და მაღლივი კორპუსის ფოიე ჰგავდა ნამდვილ ჯოჯოხეთს, რადგან ეს გახლდათ საბუთების ჩაბარების ბოლო დღე და იმდენი ხალხი იდგა უსასრულოდ გრძელ რიგებში, რომ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. უკვე გარეთ გამოვდიოდი, როცა საბუთების მიმღებმა ერთ-ერთმა ქალმა ხმამაღლა, მთელი იმ დახუთული დარბაზის გასაგონად იყვირა, _ თუ ვინმე მსურველი ბიჭიც არის, ამ ფაკულტეტზე იმის საბუთებს, ურიგოდ მივიღებთო. ეგრევე, დაუფიქრებლად გადავაწოდე ჩემი საბუთები იმ ქალს და მხოლოდ მერე ავხედე წარწერას _ "ფილოლოგიის ფაკულტეტი",  და მხოლოდ ამის შემდეგ დავაკვირდი იმ ფაკულტეტის მისადგომებთან რიგში ჩამდგარ აუარებელ გოგოს. ყველაზე მეტად კმაყოფილი იმის გამო დავრჩი, რომ სწავლა მომიწევდა იმ კორპუსში, რომელიც ჩემთვის ნიშნავდა კიდეც უნივერსიტეტს, თორემ სად ჩავაბარებდი, სულერთი იყო. . 

* * *
მახსოვს პირველი დღეც უნივერსიტეტში – ვუახლოვდები პირველ კორპუსს და უცებ ციდან ცვივა ფანტელებივით პატარა ფურცლები, რომლებსაც ძალიან სწრაფად ითვისებენ გამვლელები. სწორედ იმ წელს საბჭოთა საქართველოში აღნიშნავდნენ გეორგევსკის ტრაქტატის იუბილეს და როგორც აღმოჩნდა, რომელიღაც იატაკქვეშა დისიდენტურმა ორგანიზაციამ, ანტისაბჭოური პროკლამაციები გაავრცელა. ავხედე პირველი კორპუსის სახურავს, მაგრამ იქ ვერავინ აღმოვაჩინე, მაგრამ ეს ფანტელებივით ფურცლები, კიდევ ცვიოდა. ამიტომაც პირველივე დღეს ვნახე გიო ახვლედიანი _ ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი, რომელიც ერთადერთი იყო იმ დღეს უნივერსიტეტში, ვისაც ვიცნობდი და გიოს გავახსენე, რომ სწორედ ასეთი მოლოდინი გვქონდა, სანამ უნივერსიტეტის სტუდენტები გავხდებოდით. 
უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ბირჟაზე დგომაც პირველივე დღეს მოვსინჯეთ და აგრეთვე პირველივე ლექციიდან დამამახსოვრდა იმ ადამიანის უჩვეულო ხმა, რომელიც ლაშა ხეცურიანს ეკუთვნოდა. ლაშა, მე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მამრი, ვეკუთნოდით აშკარა უმცირესობას და აშკარა უმრავლესობა კი ეკუთვნოდათ გოგოებს, რომლებსაც გადავსებული ჰქონდათ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის განკუთვნილი დიდი აუდიტორიები. ბიჭები იმდენად ცოტანი ვიყავით, რომ იძულებულები გავხდით დაუყონებლივ მოგვეძებნა მეგობრები, როგორც მეზობელ ფაკულტეტებზე, ასევე უფროსკურსელებს შორის. ზემოთქმულს მოითხოვდა ერთიანობის ტრადიცია, რომელიც ჩვენამდეც არსებობდა უნივერსიტეტში და ამიტომაც იშვიათად მახსენდება ჩხუბი და სერიოზული დაპირისპირება, სანამ სტუდენტი ვიყავი. მართალია დანით შეიარაღებულები პირველად, სწორედ სტუდენტობისას, სწორედ უნივერსიტეტის ეზოში დამხვდნენ, მაგრამ ეს იყო მოგვიანებით და რაც მთავარია არა შიდასაუნივერსიტეტო გარჩევების გამო. პირიქით, უნივერსიტეტში ყოველთვის მეგობრული გარემო და ატმოსფერო იყო და გარჩევებსაც აღარ ჰქონდათ მძიმე და რთული გაგრძელებები. მეტიც, მხოლოდ ერთადერთხელ მახსოვს ჩხუბი ნათლიას მოედანზე, რომელიც მოსწორებულ ადგილს ერქვა უნივერსიტეტის ეზოსა და ზოოპარკს შორის. ზუსტად არ მახსოვს ვინ ან რატომ ჩხუბობდა მაშინ, მაგრამ მახსოვს რომ ეს იყო ე.წ. ერთი-ერთზე ჩხუბი და რაც მთავარია, ალბათ იყო უკანასკნელი ერთი-ერთზე ჩხუბი არა მხოლოდ დედა უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს ისტორიაშიც. . . 


* * *
ჩვენ, უნივერსიტეტის  მაშინდელ პირველკურსელებს, გვქონდა პატივი და ბედნიერება, ქართული მეცნიერების მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი კლასიკოსები, საკუთარი თვალით გვეხილა მაშინდელი უნივერსიტეტის კედლებში. (კედლებზე აკრული სტუდენტები, დერეფანში ჩავლილი რომელიღაც მკაცრი პროფესორის დანახვისას, მართლა მახსოვს). 
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას (ქართულის გაკვეთილზე) ძალიან მიყვარდა ხოლმე ფანჯარასთან ჯდომა, საიდანაც არაყიშვილის ქუჩას გადავყურებდი, რომელსაც დილაობით ძუნძულით დაუყვებოდა ხოლმე ძალიან მკაცრსახიანი შუახნის მამაკაცი. მას ეცვა სპორტული რეიტუზი და მისი დანახვისთანავე, რატომღაც მეღიმებოდა ხოლმე (რისთვისაც ბოდიშს ვიხდი დაგვიანებით) და ზოგჯერ რაღაც მხიარულს, გადავძახებდი კიდეც. თუმცა მის გამხიარულებას ჩემი დებილური კომენტარები, სრულიადაც არ იწვევდნენ და საპასუხოდ, კიდევ უფრო მკაცრი გამომეტყველებით ამომხედავდა ხოლმე. 
როცა უნივერსიტეტის პირველკურსელი გავხდი, ჩემი სტუდენტობის მესამე დღეს, ანუ 3 სექტემბერს, კარი გაიღო და აუდიტორიაში სწორედ ის გამხდარი კაცი შემოვიდა, რომელიც არაყიშვილის ქუჩაზე დილაობით ძუნძულებდა. ჩვენს ასკაციან  აუდიტორიას მკაცრი სახით მიესალმა და ერთადერთი, ვისაც გაუღიმა, მე ვიყავი. მე არ გამღიმებია არც მაშინ და არც რამდენიმე თვის მერე, როცა ბატონ გრივერ ფარულავასთან გამოცდა ვერ ჩავაბარე და ჩემი ცხოვრების პირველი ორიანი მივიღე . . .
ჩვენ რომ სტუდენტები გავხდით, იმ კლასიკოსებიდან, ვინც თბილისის უნივერსიტეტი შექმნა, მხოლოდ აკაკი შანიძე იყო ცოცხალი, მაგრამ სწორედ ჩვენი სტუდენტობის დროს, ბატონი აკაკი გარდაიცვალა. დიდი მეცნიერი უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს და ამიტომაც მისი ბოლო, სამოქალაქო პანაშვიდი, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის შესასვლელში, დიდ ფოიეში გაიმართა. ჩვენც ჩავდექით საპატიო, გამოსამშვიდებელ ყარაულში და სიჩუმეში, ნელ-ნელა გვირგვინების გატანაც დაიწყეს. მახსოვს რომ ბოლოს მე და ლაშა ხეცურიანი დავრჩით და ლაშამაც რომ აიღო გვირგვინი ეზოში ჩასატანად, მეც დავიხარე. ის იყო ბოლო გვირგვინი უნდა ამეღო (რომელიც ცხონებულს ფეხებთან ედო), რომ უცებ გარდაცვლილი აკაკი შანიძე, ცოცხალივით ალაპარაკდა. შიშისგან გვირგვინი უკანვე დავაბრუნე და უკანა სვლით გაპარვაც დავაპირე, მაგრამ მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და დიდ მეცნიერს სასახლეში ჩავხედე. სასახლეს ვეძახით, თორემ სინამდვილეში ბატონი აკაკი კუბოში იწვა გაუნძრევლად და მისი ხმა კი რადიოქსელიდან მოგვმართავდა. არადა შიშისაგან დასველებული საკუთარი შუბლიც მახსოვს...  


* * *
იმ კლასიკოს ლექტორებს შორის, რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ, ბატონი ლეო მენაბდე, მაინც ძალიან გამორჩეული იყო. ცოდნასა და განათლებას რომ თავი დავანებოთ, გარეგნობითაც საკმაოდ განსხვავდებოდა სხვებისაგან ერთმანეთთან ძალიან დაახლოებული თვალებით. მასთან გამოცდის ჩაბარების დროც რომ მოგვიახლოვდა, ნერვიულობისგან სმასაც მოვუმატეთ (მეცადინეობის პარარელურად რასაკვირველია) და ერთხელაც ძალიან დავთვერით. ოღონდ სადღაც შორს დავთვერით და ძლივს ავუყევით ფეხით ვარაზისხევს და როგორც იქნა, უნივერსიტეტამდეც მოვაღწიეთ. ირაკლი დოჩანაშვილმა თქვა _ მოდი ბარემ უნივერსიტეტში დავრჩეთ, სახლში წასვლას რაღა აზრი აქვს, ხვალ მაინც აქ უნდა მოვიდეთო. ლოგიკურად მომეჩვენა ეს წინადადება (თანაც მეორე დილით ბარემ გამოცდა მქონდა იმავე უნივერსიტეტში) და ფანჯრიდან გადავძვერით. შევიპარეთ საპროფესოროში, სადაც რბილი ტახტები გვეგულებოდა (სავარძლები მაინც) და ტკბილად მივიძინეთ. მახსოვს დილა, როცა გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ აშკარად ცალთვალა კაცი დამყურებდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბატონ ლეო მენაბდეს და მაშინვე გამოვფიზლდი. კიდევ კარგი რომ ბატონ ლეოს იუმორის გრძნობაც აღმოაჩნდა _ იწექი, არ ადგე, დღეს ხომ ჩემთან გამოცდა გვაქვს და ბილეთებს ბარემ აქვე მოგართმევო . . .  

* * *
როცა უნივერსიტეტის წინ, ჩვენი პირველი აქციების გამართვა დავიწყეთ, ძალიან შეყვარებული გახლდით და ამიტომაც ერთხელ, საერთო საქმე, კინაღამ ჩავშალე კიდეც. სწორედ მაშინ, როცა პირველ კორპუსთან  მიტინგი დავიწყეთ და ქვის შემაღლებაზე ავხტი და შეკრებილ ხალხს სიტყვით მივმართე, ჩემმა შეყვარებულმა გამოიარა. და უცებ, მისი დანახვისას, საერთოდ დამავიწყდა რას ვერჩოდი საბჭოთა ხელისუფლებას და ხმა ჩამიწყდა. . . 


* * *
ჩვენი სტუდენტობის დროს, უნივერსიტეტში, არ არსებობდა არანაირი კაფე შენობის შიგნით და არსებობდა მხოლოდ გარეთ, პირველი კორპუსის მისადგომებთან. იქვე არსებობდა კაფე "ლიზიკო", სადაც ახლა ბანკია და მაშინ კარგი ხაჭაპურების გარდა, რაღაც სხვა გემრიელობებიც იყიდებოდა. ხოლო ცოტა მოშორებით, სადაც ახლა ტარას შევჩენკოს ძეგლია (სწორედ იმის გვერდით), ჩაის სახლი მდებარეობდა იაფი სტუდენტური მენიუს თანხლებით. გაცდენილი ერთი ლექციის ხანგრძლივობა, ზუსტად იმისთვის იყო საკმარისი დრო, რომ ჩაის სახლში გადარბენა და ჩაის დალევა მოგესწრო. თუმცა იქ სხვა სასმელებიც ჩნდებოდა ხოლმე, როცა გარეთ თოვდა ან არც ციოდა, მაგრამ სხვა თავშესაქცევი, უბრალოდ არ არსებობდა. ერთადერთი, რითიც უნივერსიტეტის მაშინდელი ადმინისტრაცია ჩვენს გართობას ცდილობდა ხოლმე, სტუდენტური დღეები იყო, როცა ფაკულტეტები ერთმანეთს სიმღერებსა და ხუმრობებში ეჯიბრებოდნენ. ყველაზე კარგად სოსო სოსელია ხუმრობდა ხოლმე, ოღონდ არა სცენიდან, არამედ პარტერიდან ან "გალიორკიდან". მგონი ერთხელ სილამაზის კონკურსიც ჩატარდა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მაგრამ შედეგები ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ჩემთვის ასეთი `ივენთები” მაშინაც ღიმილისმომგვრელი იყო. სხვათაშორის არათუ სიტყვები, მაშინ ყველაფერი უცხოური, იშვიათობა იყო და იძულებულები ვიყავით იმით დავკმაყოფილებულიყავით, რასაც საბჭოთა კავშირი თვითონ აწარმოებდა. ამიტომაც საბჭოთა კავშირში შექმნილი ყველაფერი (ალბათ კოსმოსური ხომალდების გარდა), საშინლად უხარისხო იყო თუნდაც იმის გამო, რომ ბაზარი და კონკურენცია, საერთოდ არ არსებობდა. ღვინის სამშობლო საქართველოშიც კი, მაღაზიებში ნაყიდი ღვინო, საშინლად ყარდა ხოლმე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, რადგანაც გასტრონომებში სხვა არჩევანი, უბრალოდ არ არსებობდა. შეიძლება მდიდრებს ჰქონდათ კიდეც სხვა ალტერნატივა, მაგრამ ჩვენ სტუდენტები ვიყავით და რაც ჩვენ ფეკალური მასები დაგვილევია, დღემდე როგორ მოვაღწიეთ, მართლა გულწრფელად მიკვირს. თუმცა იყო ხოლმე ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების იშვიათი, მაგრამ საოცარი შემთხვევები და რა დამავიწყებს ნამდვილ ფრანგულ კონიაკს, რომელიც ერთხელ ჩვენმა კურსელმა და მეგობარმა დიმა ბენაშვილმა უნივერსიტეტში  მოიტანა. იმ დღეს ჩათვლა გვქონდა სამხედრო კათედრაზე და რუსი ოფიცრები კი, ქრთამის გარეშე, ჩათვლას ძალიან იშვიათად აძლევდნენ ხოლმე ქართველ ოფიცრებს. დიმამაც იფიქრა ამ ბოთლს მივაშავებ მაიორ_ლექტორს და ჩათვლასაც მივიღებო, მაგრამ აუდიტორიაში, ჯერ ხელცარიელი შევიდა რომ ვითარება დაეზვერა. ის ბოთლი შესანახად ჩვენ დაგვიტოვა, მაგრამ დიმამ კარი მიიხურა თუ არა, ისე რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მე და ბოცო წიკლაურმა, ის ფრანგული კონიაკის ბოთლი, სულმოუთქმელად ჩავარაკრაკეთ. როცა დიმა აუდიტორიიდან გამოვიდა დერეფანში და თავისი ბოთლი მოითხოვა, ჩვენ მას ისე რბილად გავუღიმეთ, როგორც ამის მიღწევა, მხოლოდ ნამდვილ ფრანგულ კონიაკს შეუძლია . . . 
* * *
ზუსტად მახსოვს რომ იმ დღეს, 25 თებერვალი იყო და თბილისში იმდენი თოვლი მოვიდა, რომ უნივერსიტეტის ეზო მუხლებამდე დაიფარა. იმდღევანდელი სუნიც მახსოვს და ბედნიერების ისეთი შეგრძნებაც, რომელიც მერე აღარც კი მქონია, მაგრამ გაზაფხულიც ძალიან მიყვარდა ხოლმე და განსაკუთრებით კი უნივერსიტეტის აყვავებული ეზო. თუმცა აყვავებული ნუშისა და იასამნის სუნი, ჭავჭავაძის მხრიდანაც მოჰქონდა ხოლმე გაზაფხულის დადგომას და მგონი ის სიხარულის შეგრძნებაც, განუმეორებელი იყო. მქონდა ზამთრის საიდუმლოც და ვიცოდი როგორ უნდა მოვხვედრილიყავი მეორე კორპუსის სახურავზე, საიდანაც ზამთრის გამჭირვალე დღეებში, ულამაზესი მყინვარწვერი ჩანდა. რასაკვირველია ამ საიდუმლოს ყველას ვერ ვუმხელდი და მხოლოდ შეყვარებულებს თუ გავანდობდი ხოლმე, რადგან პირველი კოცნისთვის (საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე), ამაზე უკეთესს ადგილს, ძნელად თუ მოძებნიდა რომელიმე გამიჯნურებული სტუდენტი . . .


 * * *
მიყვარდა ძველი ბიბლიოთეკაც, რომელიც ბოლო სართულზე, ყოფილი სამრეკლოს ტერიტორიაზე იყო გახსნილი და სიჩუმეში, იქ მხოლოდ წიგნების სუნი იდგა. მახსოვს რომ გუმბათს ავხედავდი ხოლმე ცალიდაყვზედაყრდნობილი, როცა სწავლისგან ვიღლებოდი და მოახლოებულ გამოცდებზე ფიქრი კი, არც ისე სასიამოვნო იყო. იქვე იყო (სხვათა შორის) სწორედ ის ადგილი, სადაც ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის ზაფხულში და ესეც კიდევ ერთი, დამატებითი სევდის საფუძველი გახლდათ. . . 

* * *
როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლება თვლიდა, რომ სტუდენტი, სპორტითაც უნდა ყოფილიყო დაკავებული და მათ, მასიურად ანაწილებდნენ ხოლმე სხვადასხვა სახეობებში. თუმცა სტუდენტების განაწილების პრინციპი, ყოველთვის გაუგებარი და ხშირად ამოუცნობი იყო და ჩვენი კურსი (მაგალითად), ფრენბურთზე მიგვამაგრეს. ნახტომიც არ მივარგოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბავშვობიდან, ყველაზე კარგად ფეხბურთს ვთამაშობდი და შესაბამისად, უნივერსიტეტშიც ფეხბურთის თამაში მინდოდა. ჰყავდა კიდეც მაშინდელ უნივერსიტეტს საკუთარი საფეხბურთო გუნდი, მაგრამ იქ მოხვედრა მაშინ, ისეთივე რთული იყო (თითქმის), როგორც დღევანდელ "ბარსაში". ამიტომაც, გიორგი ტაბიძისა და სოსო კოტორეიშვილის ინიციატივით, მინი-ფეხბურთის გუნდი შევქმენით და ტურნირების ჩატარებაზე, უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობაც რომ დაგვეთანხმებინა, ალბათ სერიოზული წარმატებებიც გვექნებოდა. უნივერსიტეტის დიდ საფეხბურთო ნაკრებში, მერე, მხოლოდ ერთხელ მაინც, კი ვითამაშე (მხოლოდ ჩვიდმეტი წუთი), მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. . . 


* * *
ერთი სტუდენტობისდროინდელი ფოტო მაქვს – უნივერსიტეტის წინ ვსხედვართ: კახა ბუაჩიძე, გიო ახვლედიანი და მე. სამივეს გვახურავს ქუდები და ის დღე კი, სხვა მიზეზის გამო დამამახსოვრდა. უნივერსიტეტის ბირჟაზე პერიოდულად გამოჩნდებოდა ხოლმე ადამიანი, რომელმაც ზეპირად იცოდა ჯო დასენის სიმღერები. ჩამოჯდებოდა ხოლმე ჩვენს გვერდით და მონდომებით ღიღინებდა ცხონებულის რეპერტუარს. წასვლისას, დამშვიდობების წინ, აუცილებლად გვეტყოდა ხოლმე რომ ძალიან, ძალიან უნდოდა იალტაში მოხვედრა და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა. ის ფოტო რომ გადავიღეთ, იმ დღის მერე აღარ გამოჩენილა და აღარც ის ვიცი, იალტაში თუ ჩააღწია და მართლა თუ აიხდინა თავისი სანუკვარი ოცნება. 
მხოლოდ ამდენი წლის მერე მივხვდი, თუ რატომ მშურდა იმ უცნაური ადამიანის...

დათო ტურაშვილი
"რეტულიტი"
სხვა სტატიები »