ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ დესპანი

თსუ დესპანი
3 თებერვალი, 2020
„თსუ დესპანი 2020“ დაიწყო. წელს პროექტით 300-ზე მეტი სტუდენტი დაინტერესდა. დესპანები მშობლიური სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებას გააცნობენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. 
პროექტზე „თსუ დესპანი“ რეგისტრაცია სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ, დეკემბრის თვეში ცხადდება, მონაწილეობა სტუდენტის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა სკოლაში შეხვედრის ჩასატარებლად, აუცილებელია სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში საპრეზენტაციო ტრენინგ-კურსები გაიარონ და შესაბამისი სერთიფიკატიც აიღონ, რასაც სრულიად თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ დესპანებს მშობლიური სკოლის მოსწავლეებთან ერთი სავალდებულო შეხვედრა აქვთ, შემდგომი შეხვედრები კი, მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
პროექტით დაინტერესებულ 300 დესპანს შორის არიან ანანო ფანჩულიძე, სალომე მურჯიკნელი და ქეთევან ბენიძე. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფაკულტეტის სამივე სტუდენტს სხვადასხვა გარემოებამ გადააწყვეტინა  პროექტში ჩართვა, თუმცა მათ საერთო მიზანი აქვთ - მომავალ სტუდენტებს საკუთარი უნივერსიტეტი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით გააცნონ.
ანანო ფანჩულიძე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. პროექტის შესახებ შემთხვევით ერთ-ერთ საუნივერსიტეტო ფორუმზე გაიგო და დაინტერესდა. 
„უნივერსიტეტის გარემო სკოლისგან ძალიან განსხვავდება. პირველად უნივერსიტეტში რომ მოვდიოდი, ინფორმაცია არ მქონდა ახალ გარემოზე, ამიტომ გარკვეულ სირთულეებს გადავაწყდი. პროექტში მონაწილეობა სწორედ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა, მინდა ჩემი სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ, რომ ამ სირთულეებს მომზადებულები შეხვდნენ,“ - ამბობს ანანო.
ანანომ ჯერ არ იცის როგორ წარმართავს პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებთან, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველანაირად ეცდება მისი პრეზენტაცია საინტერესო იყოს და მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ პროექტი მისთვისაც ძალიან კარგი გამოცდილება და ცხოვრებაში ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 
„კომუნიკაბელური ვარ, რომელი კლასის მოსწავლეებთანაც შევალ, ვეცდები მათ ენაზე ვესაუბრო. მე თვითონ ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე ვსწავლობ, მასწავლებლობას ვაპირებ, ამიტომ ჩემთვის კარგი გამოცდილება იქნება მოსწავლეებთან ურთიერთობა. ამ სფეროში მეტ კვალიფიციურ ადამიანს გავიცნობ და ცოდნასაც გავიღრმავებ“ - ამბობს ანანო.
ანანოსგან განსხვავებით, სალომე მურჯიკნელმა უკვე სკოლის დამთავრებამდე იცოდა, როგორი იქნებოდა სტუდენტური ცხოვრება. ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასში თსუ საბავშვო უნივერსიტეტში დაიწყო სიარული და სტუდენტობასაც საკმაოდ მომზადებული შეხვდა. რომ არა საბავშვო უნივერსიტეტი, ჩააბარებდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არ იცის, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ახლა სურს, სხვებს დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
„თსუ-ს შესახებ ყველაფერი საბავშვო უნივერსიტეტისგან გავიგე. მანამდე, ჩვენს სკოლაში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მოდიოდნენ, შედარებას ყოველთვის თსუ-სთან აკეთებდნენ, ჩემში ეს უნდობლობას იწვევდა და 70% ვფიქრობდი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, თუმცა მაინც განვიხილავდი სხვა ვარიანტებს, საბავშვო უნივერსიტეტში სიარულის შემდეგ კი, მივხვდი, რომ თსუ-ში ჩაბარება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი,“ - აღნიშნავს სალომე.
პროექტ „თსუ დესპანის“ შესახებ თავიდანვე იცოდა, გასულ წელსაც სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა ვერ მოახერხა, ახლა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც მშობლიურ სკოლას უკვე სტუდენტის სტატუსით დაუბრუნდება.
„მე რომ პირველ კურსზე მოვედი, ბევრი რამ ვიცოდი, ყველას უკვირდა, საიდან მქონდა ინფორმაცია და ძალიან ამაყად ვპასუხობდი: ჩემი საბავშვო უნივერსიტეტიდან. მინდა, რომ სხვა ბავშვებიც ასე ინფორმირებულები იყვნენ და ელემენტარულად, საგნის კრედიტი ბანკის კრედიტი არ ეგონოთ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნოა, რომ მშობლიურ სკოლაში, სადაც თორმეტი წელი გავატარე, ახლა როგორც სტუდენტი, ისე მივალ,“ - ამბობს სალომე.
სრულიად განსხვავებულმა მიზეზმა გადააწყვეტინა ქეთევან ბენიძეს თსუ დესპანი გამხდარიყო. პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ გასულ წელს მისი დაც, რომელიც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, თსუ დესპანი იყო. ბევრი არ უფიქრია, ისე გაიარა რეგისტრაცია და პროექტში ჩაერთო. 
„მეცხრე კლასში გერმანიაში ვსწავლობდი. იქ სწავლის დროს მივხვდი რამხელა უპირატესობა აქვთ იმ ბავშვებს ჩვენთან შედარებით. მათ უკვე მეცხრე კლასში აქვთ ინფორმაცია უმაღლესი განათლების შესახებ. ჩვენთან კი მეთორმეტე კლასშიც არ ხარ ჩამოყალიბებული რა მიმართულებაზე და რატომ აბარებ. სწორედ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა პროექტში ჩართვა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას მივაწვდი მოსწავლეებს,“ - აღნიშნავს ქეთევანი.
ქეთი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. როგორც მომავალი ფსიქოლოგს, ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია საინტერესოდ მიაჩნია და წინასწარ იცის, როგორ მიაწვდის მოსწავლეებს მათთვის საჭირო ინფორმაციას. ერთადერთი, რასაც პროექტში შეცვლიდა, სავალდებულო შეხვედრების რაოდენობაა. თვლის, რომ ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის.
„მართალია, ერთი სავალდებულო შეხვედრის გარდა, თუ სურვილი გვექნება კიდევ შეგვიძლია მოსწავლეებს შევხვდეთ, მაგრამ ქართველები ცოტა ზარმაცი ხალხი ვართ და თუ რაღაც არ დაგვავალე, შეიძლება ჩვენი ნებით არ გავაკეთოთ. მე, როგორც მომავალ ფსიქოლოგს, ძალიან მაინტერესებს, ბავშვები რას ფიქრობენ, რა უნდათ მომავალში და მინდა, რომ, თუ სკოლის ადმინისტრაციისგან ნებართვა მექნება, პრეზენტაციის გარდა ის ტესტები ვაწერინო, რომლებიც მე უნივერსიტეტში ვწერე და რომლებიც პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ, სხვა გეგმებიც მაქვს. მოკლედ კეთილი საქმის გაკეთება მინდა,“ - ამბობს ქეთი.
კეთილი საქმის გაკეთების სურვილმა 2012 წლიდან დღემდე 2500-ზე მეტი დესპანი გააერთიანა, რომლებიც ყოველი წლის გაზაფხულზე სხვადასხვა სკოლას სტუმრობენ, მოსწავლეებს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან და შეიძლება მომავალი დესპანობის სურვილსაც უღვივებენ.
სხვა სტატიები »