ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური ფოტოკონკურსი – „UNIკადრი“

ფოტოკონკურსი სახელწოდებით - „UNIკადრი“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეს ფარგლებში დაიგეგმა. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა გადაეღო უნივერსალური კადრი უნივერსიტეტის შესახებ. ფოტოკონკურსი სამ ნომინაციას მოიცავდა:
  1. უნივერსიტეტელის საუკეთესო პორტრეტი;
  2. შენობის ფასადის ან უნივერსიტეტის დეტალების საუკეთესო ფოტოკადრი;
  3. სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრი;
ფოტოკონკურსის „UNIკადრი“ ჟიურიმ შემოსული ფოტონამუშევრებიდან საუკეთესო 27 აარჩია. ფოტოგამოფენაზე ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს გასულ საუკუნეში გადაღებული ფოტოები და დღევანდელობა, სტუდენტების ფოტოობიექტივში მოხვედრი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები. ფოტოკონკურსი უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა. 10 დეკემბერს უნივერსიტეტის გუმბათში გამართულ გამოფენაზე კონკურსში სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო თანხა 600 ლარი სამ გამარჯვებულზე თანაბრად განაწილდა. უნივერსიტეტის საუკეთესო პორტრეტის ავტორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მეკო გრიშაშვილი გახდა, შენობის ფასადის საუკეთესო ფოტოკადრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე ქადაგიძემ გადაიღო, ხოლო  სასწავლო პროეცესისა და სტუდენტური ცხოვრების ამსახველი საუკეთესო კადრისთვის ჯილდო ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი კობახიძეს ერგო.  კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ახალგაზრდა ფოტოგრაფები მინიდა მიდელაშვილი, ანა გოგუაძე და უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე შედიოდნენ.
თავისი რჩეული გამოავლინა ელექტრონული წიგნების პორტალმა lit.ge, რომელმაც საუკეთესო ფოტოს ავტორს "იოტა-რიდერი" (ელექტრონული წიგნების წამკითხველი), ხოლო გამარჯვებულ სამეულს - ვაუჩერები გადასცა.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მსგავსი კონკურსი სხვადასხვა თემაზე ყოველწლიურად გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს შეეძლებათ.