ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს ALL STAR 2020-ის 10 მოთამაშიდან 6 თსუ გუნდის წევრია

საქართველოს ALL STAR 2020-ის 10 მოთამაშიდან 6 თსუ გუნდის წევრია
31 იანვარი, 2020
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი ხაშურში, 29 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართა. ALL STAR 2020-ისთვის სასტარტო ხუთეულების 10 ადგილიდან 6 თსუ გუნდის წევრია, რომელთაგანაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე MVP გიორგი კორსანტია, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული დევიდ მაკფარლანდი გახდა.
ALL STAR 2020-ისთვის სასტარტო ხუთეულები კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, ხოლო სათადარიგოები და საკუთარი ასისტენტები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს. თსუ გუნდის წევრები გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, გიორგი ტურძილაძე და ლუკა ზაქრაძე ALL STAR 2020 ადგილობრივებში, ხოლო ჯორჯე მილოსავლიევიჩი და დევიდ მაკფარლანდი ლეგიონერებში თამაშობდნენ. ადგილობრივ და ლეგიონერთა გუნდების დაპირისპირება კი ადგილობრივთა გამარჯვებით, ანგარიშით 128:115 დასრულდა.
,,ოლ სტარის“ მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). ჩატენვების კონკურსში თსუ გუნდის ახალი წევრი დევიდ მაკფარლანდი, ქუთაისის გუნდის წევრი ჯეიმზ მილიკენი, ბათუმელი კოლინ მალკოლმი და ოლიმპელი ნიკა დარბაიძე იღებდნენ მონაწილეობას. ამერიკელმა ლეგიონერმა, თსუ გუნდის წევრმა, უკანახაზელმა დევიდ მაკფარლანდმა  პირველივე ცდით მოიგო და ფინალში ქუთაისის გუნდის წარმომადგენელი ჯეიმზ მილიკენი დაამარცხა. ჟიურის წევრებმა გივი ბიჭიაშვილმა, გია სანაძემ, ნოდარ ქორქიამ და ზვიად ინაურმა დევიდ მაკფარლანდს უმაღლესი შეფასება მიანიჭეს. 
მატჩის საუკეთესო მოთამაშე MVP  თსუ გუნდის წევრი გიორგი კორსანტია გახდა, რომელიც მეოთხე სეზონია, რაც თსუ-ს სახელით მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ყველა ვარსკვლავის მატჩში მან არასრულ 23 წუთში 27 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული დევიდ მაკფარლანდი შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – თამაზ ხაჩიურმა დააჯილდოვა, გიორგი კორსანტიას კი  სპეციალური MVP-ის პრიზი გადაეცა.
ALL STAR - ის ჩატარება საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციასა და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება.
სხვა სტატიები »