ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„უჰ, მოვიდნენ გემებით“... „შემოდგომის ლეგენდა - 2019“

„უჰ, მოვიდნენ გემებით“... „შემოდგომის ლეგენდა - 2019“
2 დეკემბერი, 2019

თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ უკვე 11 წლისაა. კონკურსმა მეორე ათწლეულის ათვლა წინანდლის მამულში დაიწყო. ჭავჭავაძეების უნიკალურ ბაღში ათი ფინალისტი ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე: „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდა. ვინ მოიყვანეს გემებმა, ან მოვიდნენ თუ არა საერთოდ ? ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით შევიტყობთ. მანამდე კი ლიტერატურული ჟიურის წევრები : ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლე ერემეიშვილი სამი გამარჯვებულის გამოვლენას ცდილობენ. კამათი და აზრთა სხვადასხვაობა შერჩევის პროცესის განსაკუთრებული მახასიათებელია. ამ დისკუსიამ სულ მალე საუკეთესო სამეული უნდა გამოავლინოს.

 

***

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო.

„შემოდგომის ლეგენდამ“ გვაჩვენა, რომ მისი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ ძალიან ბევრი კარგი მწერალი გვყავს, რომელმაც პირველად სწორედ აქ, „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში გადაწყვიტა, შეექმნა პირველი ლიტერატურული ნაწარმოები. ესენი არიან დავით გორგილაძე, მარიამ ბექაური, ბექა ადამაშვილი, ივა ფეზუაშვილი და ა.შ. ძალიან საინტერესო და წარმატებული ადამიანები, რომლებიც სხვა მრავალი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე გახდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. თაობები იცვლება, იცვლება დროც, დამოკიდებულებები თემების მიმართ“, - გვეუბნება მწერალი მაკა ლდოკონენი.

მისი თქმით, შეცვლილია კონკურსანტების ინტერესები და ნაშრომების შინაარსი. თუ ადრე უფრო ხშირად სიყვარულზე წერდნენ და სხვადასხვა პირად პრობლემებს აღწერდნენ, წელს ნაშრომების თემატიკა, მეტწილად, სოციალურ პრობლემებს შეეხება.

„იმპროვიზირებული ტურის დავალება და თემა „უჰ, მოვიდნენ გემები“, მე ძალიან მომწონს, მადლობა ზაალ ჩხეიძეს ამ კარგი იდეის მოწოდებისთვის, ეს თემა არამხოლოდ საინტერესოა, ის მნიშვნელოვან ჟანრობრივ მრავალფეროვნებას სთავაზობს მონაწილეებს, თავისი ინტონაციითაც კი დაგაყენებს წერის ხასიათზე. ხასიათი კი მნიშვნელოვანია, როცა ცოტათი ცივა, შემოდგომაც ზამთარს გვპირდება და გინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული დაწერო. თუმცა, როგორც კონკურსანტებს ვუთხარი, მთავარია შინაგანი თავისუფლება, როდესაც წერ, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ რაღაც შექმნა მხოლოდ კონკურსისთვის და ადგილისთვის“, - ამბობს მაკა ლდოკონენი.

ლეგენდის წლევანდელი კონცეფციაა: „მწვანე თარგი“ - სილამაზის კომფორტის და ფუნქციის სინთეზი. კონკურსანტებმა იმპროვიზაციული ტურის დაწყებამდე რამდენიმე აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ჩაუტარდათ ლექცია წინანდლის ბაღებისა და კონკურსის კონცეფციის შესახებ, მიიღეს მონაწილეობა ჭავჭავაძეების მარნის ტურში და დაელოდნენ თემის გამოცხადებას საიდუმლო ოთახში.

მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი წელს პირველად არის „შემოდგომის ლეგენდის“ ჟიურის წევრებს შორის. აინტერესებს კონკურსის მიმდინარეობა, ყურადღებით აკვირდება ფინალისტებს და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„კონკურსი მეტნაკლებად თამაშია, შოუ, ყველაზე კარგი თამაში, რომელიც ბევრ თამაშს ჯობია. სრულიად ეგოისტურად მომწონს ამ გარემოში და ადამიანებთან, ახალგაზრდებთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ იცნობენ, ყველა ერთად ატარებს დროს, მათ საერთო ინტერესები და მიზანი აქვთ. საბოლოოდ, ვიმედოვნებ რომ კარგი კრებული გამოვა, და იმ კრებულში თუ რამდენიმე ძალიან კარგი ნაშრომი იქნება, „შემოდგომის ლეგენდა“ ნამდვილად გაამართლებს კიდევ ერთხელ თავის არსებობას“, - გვეუბნება ანა.

 

***

იმპროვიზაციული ტური დილის 11 საათზე დაიწყო. წინანდალში ცივა, თუმცა ფინალისტებისთვის კონკურსის ორგანიზატორებს თსუ-სა და კომპანია „სილქნეტს“ საჩუქრები აქვთ - თბილი ჰუდები, ქუდები და წერისთვის საჭირო ნივთები მათ განკარგულებაშია.

წერის პროცესს თვალს ადევენებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე. „კონკურსის მონაწილეებმა ცოტა რთული დავალება მიიღეს, თუმცა ძალიან კარგი განწყობა აქვთ და იმედია, თავს გაართმევენ. „შემოდგომის ლეგენდა“ ბევრი კონკურსანტისთვის ლიტერატურაში შესვლის პირველი შანსია. დიდი იმედი მაქვს, წლევანდელი კონკურსის შემდეგ ბევრი ახალი სახე გამოჩნდება“, - ამბობს თსუ რექტორი.

***

„შემოდგომის ლეგენდა 2019“-ის ფინალისტებს შორისაა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, 19 წლის ილია ჭანტურია. ის საუკეთესო ათეულში მეორედ მოხვდა. 2019 წელი მისთვის განსაკუთრებულია. ილია ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, არის პრემია „საბას“ და „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ნომინანტი.

„ამ კონკურსებისგან „შემოდგომის ლეგენდა“ ნამდვილად განსხვავდება. ჩემთვის მეგობრებთან და ბევრ საინტერესო ადამიანთან ასოცირდება. მოკლედ, ლეგენდა სულ სხვა ამბავია, იცნობ ადამიანებს, ხდება იდეების გაცვლა, როგორც ტექსტებზე, ისე სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებით“, - გვეუბნება ილია.

„გასულ წელს ცოტა ჩაკეტილი ვიყავი, ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, ნაცნობი გარემოა, ეს განწყობა ჩემს ტექსტზეც მოქმედებს. ჩემი ტექსტი საერთოდ არ ეხება გემებს და ზღვას, თუმცა ჩანს ის ემოცია, რაც ამ თემამ გამიჩინა. შეიძლება ვიღაცისთვის „უჰ, მოვიდნენ გემები“ გაოცებასთან ასოცირდება, თუმცა ჩემთვის უფრო მეტად შიშია და მოლოდინი. ტექსტი ორ მწერალს ეხება, რომლებსაც თავიანთი ნაწერის გამო ასამართლებენ“, - გვეუბნება ილია.

რა ბედი ეწიათ ილიას მწერლებს ჯერ არ ვიცით, თუმცა სულ მალე ამ ამბის დასასრულს კონკურსისთვის შექმნილ სპეციალურ კრებულში წავიკითხავთ. კრებული საჩუქრად კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოების საღამოზე მოსულ ყველა სტუმარს გადაეცემა.

 

***

ფინალისტებს შორის პირველად მოხვდა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ხვიჩა ყაზაიშვილი, თუმცა, არა საკუთარი ინიციატივით. ხვიჩასთვის „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ლიტერატურული კონკურსია და ვერც აქ მოხვდებოდა, რომ არა მეგობარი, რომელმაც მისი მოთხრობა კონკურსის შესარჩევ ტურში გამოაგზავნა და ამ ამბის შესახებ მაშინ შეიტყო, საკუთარი სახელი და გვარი საუკეთესო ათეულში როცა ამოიკითხა.

„როდესაც ეს ამბავი გავიგე, ბევრი ვიფიქრე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. წესით მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი, უსამართლობა ვიგრძენი, დავიკავე სხვისი ადგილი, რომელსაც ძალიან უნდოდა აქ ყოფნა. თუმცა, პატივი ვეცი იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ კონკურსში შრომა ჩადეს, მე ამარჩიეს, იმ ადამიანებსაც, რომლებიც არჩეული არიან და ჩემს მეგობრებს, რომლებმაც შემაგულიანეს, რომ ფინალურ ტურში წავსულიყავი. თუმცა, ძალიან დამწყდა გული იმ ერთი ადამიანის გამო, მას ალბათ ბედნიერების დიდი ემოცია „მოვპარე“. ორი დღისგან ბევრი დადებითი მივიღე, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ახალ საკითხებზე. არიან აქ ადამიანები, რომლეთან ყოფნაც მსიამოვნებს და არ მსიამოვნებს. ეს ყველაფერი კარგი გამოცდილებაა. გავიცანი საინტერესო და კარგი ბავშვები, იმედი მაქვს რომ ისინი კარგ მწერლებად ჩამოყალიბდებიან“, - გვიყვება ხვიჩა. როგორც ამბობს, ხშირად არ წერს. თუმცა, იდეები ყოველთვის აქვს. კითხვაზე მოვიდნენ თუ არა გემები მასთან, გვეუბნება რომ მოვიდნენ.

„ვეცადე, ზღვასა და გემებთან მივსულიყავი ისე, რომ რისი თქმაც წერით მინდა, არ დაკარგულიყო. თავად წერის პროცესი ჩემთვის სასიამოვნო არასდროს არის. რაზეც ვწერ ყველაფერი მნიშვნელოვანია, ეს ამბები ძალიან მოქმედებს ჩემზე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მარტივად და ბედნიერად ვერ ვაკეთებ. ჩემი ნაშრომი კი ეხება ფეხბურთს, ადამიანებს ვისაც ეს სპორტი უყვარს. საქართველოში ფეხბურთი გემით შემოიტანეს მეზღაურებმა. ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს „მერცხალი“ ჰქვია, მე დავწერე „მერცხალის“ სამ ფეხბურთელსა და ორ გულშემატკივარზე, რომლებიც სხვადასხვა პრობლემების გამო სამუშაოდ თურქეთში მიდიან, იქ ის ამბები გადახდებათ თავს, რაც „ხდება ხოლმე“. თურქეთიდან გემი ბრუნდება და მოაქავს რაღაც, ეს „რაღაც“ ჩვენთვის კარგი არ არის. ჩემი ნაწერი არსებულ სოციალურ რეალობას ეხება. იმ ადამიანებს, რომლებიც პოპკულტურაში საერთოდ არ ჩანან, ლიტერატურა კი მათი სანგარი უნდა იყოს“, - ამბობს ხვიჩა.

 

***

კონკურსის ფინალისტებს შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ცინცაძე. მისთვის წერა ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ხშირად დგება არჩევანის წინაშე, დახატოს, თუ დაწეროს. მომავალში გეგმავს,რომ ორივე გააერთიანოს და საკუთარი ნაწერი ილუსტრაციებით გააფორმოს.

„იმპროვიზაციულ ტურში ჩემი ნაწერით კმაყოფილი არ ვარ, ვინ არის საკუთარი შემოქმედებით კმაყოფილი?! მითუმეტეს დროის სიმწირის გამო. ისეთი ნამდვილად არ გამოვიდა, როგორსაც სახლში დავწერდი. თუმცა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე წერის პროცესში. არასდროს მქონია შესაძლებლობა, რომ მთელი დღე მხოლოდ დამეწერა. მთელი ჩემი მოთხრობა დასაწყისსა და დასასრულს ეხება, ისინი ერთმანეთს უერთდებიან და პირიქით. მინდოდა მეთქვა, რომ ერთის დამთავრება მეორე ახალი ამბის დაწყების შანსია. მინდოდა, რომ ეს საკუთარი თავისთვისაც დამეჯერებინა და მგონი დავიჯერე“, - ამბობს თამარ ცინცაძე.

 

***

თამარ ცინცაძესთან ერთად ნინი ბატიაშვილს გაგაცნობთ, ისინი მეგობრები არიან. „შემოდგომის ლეგენდის“ შესარჩევ კონკურსში რამდენჯერმე გამოაგზავნეს ნაშრომები, თუმცა წელს გაუმართლათ და ორივე ერთად მოხვდა საუკეთესო ათეულში. ნინი ბატიაშვილი თავის ნაწერებს მეგობრებს აკითხებს, როგორც გვეუბნება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრი. „შემოდგომის ლეგენდაზე“ მონაწილეობა კი კომპეტენტური და ობიექტური აზრის მოსმენის ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნია.

„ძალიან მინდა მოვისმინო უკუკავშირი ჟიურის მხრიდან. გარემო ძალიან კარგია, მამშვიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი ვიყავი გარეთ, ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ძალიან კარგად არის არჩეული აქაურობა. ლექციაც საინტერესო იყო, თუმცა დამაბნეველი. ფინალისტები ვფიქრობდით რომ იმპროვიზაციული ტურის დავალება „კნიაზების“ პერიოდს დაუკავშირდებოდა, თუმცა არ გვეგონა ასე თუ განვითარდებოდა. წლებია მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ეს ხომ საინტერესო თავგადასავალია“, - ამბობს ნინი. ის თავისი ნაწერის შესახებ გვიყვება და ექთანი თამრიკოს ისტორიას ნაწილობრივ გვიმხელს.

„ვარ ექთანი თამრიკო, რომელიც საგიჟეთში მუშაობს და ვყვები ერთ-ერთ პაციენტზე. ბოლოს ორაზროვნად მთავრდება ჩემი ნაწერი, ეს არ მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა რახან ასე გამოვიდა, აღარ გადავაკეთე. მგონი არის რაღაც ხიბლი ასეთ დასასრულში. ამ 12 საათში წერის დროს რამდენიმე ფაზა მქონდა. თემის გამოცხადების დროს ყველას ყბა ჩამოგვივარდა და რაღაც დროის განმავლობაში იქ გვეგდო. დილას უკვე ვიცოდი, დაახლოებით, რაზეც დავწერდი“, - გვიყვება ნინი ბატიაშვილი.

 

***

დათო კილაძე სცენარისტია. მოკლე სარეკლამო მესიჯების წერა მისი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა მოთხრობებს იშვიათად წერს. იმპროვიზაციულ ტურში, ფაქტობრივად, ორი მოთხრობა დაწერა. პირველი არ მოეწონა და სრულიად ახალი ბოლო 1 საათში დაასრულა.

„კმაყოფილი ვარ, როგორც კი მეორე იდეა მომივიდა და წერა დავიწყე, ბოლომდე ჩავიყვანე ტექსტი. თემა ძალიან მომეწონა. ჩემი მოთხრობის სიუჟეტი საუთჰემპტონში ხდება, მთავარი გმირი ერთ-ერთ პაბში მცხოვრები ვირთხაა, რომელიც სხვადასხვა თავგადასავლებში ხვდება. ამ ვირთხის გამო კონკრეტული ადამიანები, რაღაც მნიშვნელოვანს კარგავენ და რას კარგავენ, ამას მოთხრობის ბოლო წინადადებაში წაიკითხავთ. შეიძლება არ მოეწონოს ჟიურის, თუმცა დავას აქვს აზრი იმაზე, თუ რამდენად ორიგინალურია ჩემი ნაწერი. მე მგონია, რომ ვინმე ბევრს რომ წერდეს, ბევრს უნდა ფიქრობდეს კიდეც, ფიქრის შესაძლებობა გამომდინარეობს იმ ინფორმაციისგან, რომელსაც წლების განმავლობაში ვიღებთ. ამიტომ აუცილებელი არაა მილიარდი წიგნი გქონდეს წაკითხული და მერე დაიწყო წერა“, - გვიყვება დათო.

 

 

***

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინი ბუკია, „შემოდგომის ლეგენდის“ საუკეთესო ათეულში მოხვედრამდე, კონკურსის ფარგლებში ჩატარებული შემოქმედებით წერის მასტერკლასების ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მასტერკლასების ფარგლებში ჩატარებული ლექციები. როგორც ამბობს, უჭირს იმ სტილის პოვნა, რომელშიც უნდა რომ წეროს. ნინის ძალიან სიამოვნებს წერის დროს ლიტერატურული ხერხებით თამაში. იმპროვიზაციულ ტურში დაწერილი მოთხრობის შესახებ რამდენიმე საიდუმლო დეტალს გვიმხელს და ერთ-ერთი საყვარელი მწერლის შესახებ გვიყვება.

„ჩემი ყველა ნაწერი „გარბის“ იმისკენ, რომ იყოს ლექსი, მე კი „ვაბრუნებ“ მოთხრობისკენ. ბახმანი ძალიან პოეტური მწერალია, რომელმაც ისეთი რომანი დაწერა, ცხოვრებას მივცემდი, ერთი გვერდი მაინც რომ იყოს ჩემი. ჩემი მოთხრობა, რომელიც იმპროვიზაციულ ტურში დავწერე, ერთი კაცის ისტორიაა,რომელიც ჩვეულებრივ, მოსაწყენ, „მოკუნძულო“ ადგილას „ლოთის ყურეში“ მოხვდა. ამ ადამიანმა მეორე, ასევე უცნაური კაცი იპოვა, რომელსაც ერთ დღეს ჰგონია, რომ ტელემაქეა, მეორე დღეს მედეას პირველი შეყვარებული ან დარვინის დამხმარე. სხვადასხვა ამბები ხდება და ბოლო ხვდები, რომ უბრალოდ შეიძლება მზე იმ დროს ზენიტში იყო და ყველაფერი ასევე შეიძლება არც მომხდარიყო. იმედი მაქვს მკითხველი ამ მინიშნებებს ამოიცნობს“, - ამბობს ნინი.

 

***

ფინალისტებს შორისაა გიორგი მუზაშვილიც. გიორგი ამერიკული პროექტის National Novel Writing Month-ის მონაწილეა. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულია ყველა, ვინც ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით 50 ათას სიტყვას დაწერს. გიორგი მოთხრობებს ინგლისურად წერს, მისი საყვარელი ჟანრი ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკაა.

„ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა საქართველოში, ჯერჯერობით, განვითარებული ჟანრი არ არის. ერთდაერთი მწერალი გვყავს, ნატო დავითაშვილი. დავით ჭაჭუა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, იმპროვიზაციულ ტურშიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დავწერე. ამ ჟანრში წერის დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა დამეწერა, დროის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო. სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც მარგარეტ ეტვუდი წერს, არის გაფრთხილება იმისა, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და რისი არიდება შეიგვიძლია. ჩემს მოთხრობებში, ძირითადად, გრძნობებსა და ემოცებზე ვსაუბრობ, უბრალოდ ეს ყოველივე გადატანილია მომავალში“, - ამბობს გიორგი.

 

***

ალბათ, გახსოვთ შარშანდელი კონკურსიდან „გოგონა წითელი ბერეტით“ - თამუნა მამარდაშვილი. მისთვის წითელი ბერეტი წელსაც ტრადიციული ატრიბუტია. წერამდე რამდენიმე წუთით ადრე კით ჯარეტის კომპოზიციებს უსმენდა.

„როცა სევდიანი ვარ, უფრო კარგად ვწერ. კიტ ჯარეტის მუსიკა მასევდიანებს. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რისთვის უნდა მომესმინა წერამდე. წელს ძალიან გამიხარდა ფინალისტებში ჩემი სახელის და გვარის წაკითხვა. შარშან რომ გამოვცადე, როგორი კარგი იყო ლეგენდის ფინალისტობა, წელსაც მომინდა. გასულ წელს მეგობრები შევიძინე, წელსაც ერთად ვართ აქ და ძალიან ვგულშემატკივრობ მათ. ადამიანებს საერთო ინტერესებზე მეტად არაფერი აკავშირებთ, ჩვენ ლეგენდის დამსახურებით ეს გამოგვივიდა. იმპროვიზაციულ ტურში ორი მეზობლის ურთიერთობის შესახებ დავწერე. ერთი პარტიული მუშაკია, მეორე უპარტიო, თავისუფალი და პრინციპული ადამიანი. ეს არის ადამიანური ისტორია,რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვერაფერს ვწერდი, თუმცა ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, არ მომცეს მოდუნების საშუალება და მეც დავწერე, ვნახოთ რა იქნება“, - გვეუბნება თამუნა.

 

***

ცოტნე ავსაჯანიშვილი კონკურსში წელს მესამედ იღებს მონაწილეობას. შარშან საპრიზო მესამე ადგილი ერგო. წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ნაშრომის შესაქმნელად დიდი დრო დასჭირდა. კმაყოფილი არ არის, თუმცა თავისი პერსონაჟებისა და კონკურსის შესახებ განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს.

„თემა მომეწონა, თუმცა ძალიან ზოგადი იყო. ჩემი ნაწერის გმირი არის მთხრობელი, რომელსაც ჰყავს ყრუ-მუნჯი შეყვარებული აურიკა დრაგუნოვიჩი. აურიკა სოფი როტარუს და არის, ეს სახელი გამახსენდა და მივხვდი, რომ ჩემი პერსონაჟისთვის აურიკა უნდა დამერქმია. მთავარი გმირები ბოშები არიან. მოქმედება მოლდოვაში ხდება.

„შემოდგომის ლეგენდა“ ჩემი შეყვარებულია, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვნახულობ. წელს შეყვარებულს ბოლოჯერ ვხედავ, სტუდენტი აღარ ვიქნები მომავალ წელს, მერე რა იქნება არ ვიცი, მაგრამ წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ჩემთვის“, - ამბობს ცოტნე.

 

***

ინგა ღოღობერიძე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. კონკურსში მოთხრობა პირველად გამოაგზავნა და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა. „მამა მიდის კანადაში“ სპეციალურად „შემოდგომის ლეგენდისთვის“ დაწერა. თუმცა, ყველაფერი ბევრად უფრო ადრე, მოთხრობის დაწერამდე დაიწყო.

„ჩემი მეგობარი ჟურნალისტია, რომელიც, როგორც წესი, ამ კონკურსს აშუქებს. მასთან ვიყავი სახლში, ჩემთან საუბარში ახსენა, რომ ძალიან უნდოდა ისევ გაეშვათ „შემოდგომის ლეგენდაზე“ ჟურნალისტად. უცბად, ერთი იდეა მომივიდა თავში, ვუთხარი, დავწერ მოთხრობას და გადავაგზავნი, თუ ისე მოხდა, რომ შენც გაგიშვეს და მეც მოვხვდი საუკეთესო ათეულში, ერთად ვიქნებით წინანდალში-მეთქი. და ასეც მოხდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა ეს ამბავი გავიგეთ.

ჩემი მოთხრობა „მამა მიდის კანადაში“ იმ ადამიანების შესახებაა, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩვენს გარშემო. არასდროს ვწერ მათზე, ვისაც არ ვიცნობ, მეტნაკლებად კავშირი უნდა მქონდეს მათთან, უნდა ვიცოდე მათი ხასიათი.

რაც შეეხება ახალ მოთხრობას, რომელიც იმპროვიზაციულ ტურში დავწერე, ამბავი ეხება ერთ მოხუცს, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება სჭირს. ჩემი პირადი გამოცდილებაა, ბებოს ჰქონდა, ვაკვირდებოდი მას და ამ დაავადების თანმდევ პროცესებს.

აქ გარემო კარგია, ოთახში მარტო ვწერდი, ერთადერთი დისკომფორტი ისაა, რომ ლეპტოპში წერა არ შეგვიძლია. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, ზუსტად არ ვიცი მომავალ წელს გამოვაგზავნი თუ არა, მთავარია მქონდეს კარგი მოთხრობა და რატომაც არა?!“, - ამბობს ინგა.

 

***

ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, გამარჯვებულები უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია „სილქნეტისგან“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ. დაჯილდოების საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც კონკურსის ფინალური მოთხრობებისგან შემდგარი ბუკლეტის პრეზენტაცია ჩატარდება. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია გაუმარტივოს ახალგაზრდებს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმა, აღმოაჩინოს ახალი მწერლები და გააცნოს ისინი მთელს საქართველოს. კონკურსი წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს არაერთი ჯილდოს მფლობელნი და წიგნების ავტორები არიან.

 

***

მათ კი ვისაც, ფინალისტების საკონკურსო ეტაპზე გამოგზავნილი მოთხრობების წაკითხვა სურს, ამას კონკურსის ფეისბუქ გვერდზე „შემოდგომის ლეგენდა“  შეძლებს.

სხვა სტატიები »