ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„სექტორი 12“

შემეცნებით-სათავგადასავლო პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში



სტუდენტურ-შემეცნებითი პროექტის „სექტორი 12“ მიზანია სათავგადასავლო ტურის მეშვეობით სტუდენტები უკეთ დაეუფლონ უნივერსიტეტის ისტორიას და შეიტყონ უფრო მეტი უნივერსიტეტის მოღვაწეების შესახებ.
პროექტი გულისხმობს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაყოფას პირობით 12 სექტორად. თითოეულ სექტორში დაფარულია სპეციალური კოდი, რომელსაც კონკურსანტები მინიშნებების ამოხსნის გზით მიაგნებენ. კოდების მოწოდების შემდეგ თითოეული მონაწილე იღებს კონკურსის სიმბოლოს. 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ბოლო მინიშნებისთვის ერთმანეთს სისწრაფესა და გამჭრიახობაში შეეჯიბრება. კონკურსის გამარჯვებული მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.


2012 წლის 10 დეკემბერს 12 სიმბოლოს მფლობელი 12 ფინალისტი ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეეჯიბრა. თითოეულ მონაწილეს ორგანიზატორებმა დაშიფრული გზავნილი გადასცეს, რომელიც უნივერსიტეტის ლოგოს ავტორის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდებოდა. მონაწილეებს 12 ამოცანის ამოხსნა ევალებოდათ, სწორი პასუხის ავტორი კი, დარჩენილი სიმბოლოების პოვნას განაგრძობდა. საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის ლოგოს შემადგენელი 24 ცხოველის შეგროვებით და ლოგოს შექმნით პროექტის გამარჯვება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თენგიზ სულთანიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულ კონკურსანტს ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცა.
„ერთი თვის განმავლობაში ვიყავი ჩართული სექტორის პროექტში, ასეთ საინტერესო თავგადასავალში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია, ყოველდღიურად აღმოვაჩენდით ახალს უნივერსიტეტის შესახებ და მოხარული  ვარ, რომ მსგავსი ფორმით უნივერსიტეტის ისტორიას დავეუფლე“, - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა.