ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„RettuLIT2“ (ლიტერატურული დაბრუნება2)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა თაობის 17-მა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, რომელსაც თსუ და „ჯეოსელი“, გასული წლიდან კი „სილქნეტი“ ერთობლივად ახორციელებენ.

უნიკალური ატლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმშია დაცული, ატლასი 1711 წელს ქალაქ ნიურნბერგშია გამოცემული და სხვადასხვა დროით დათარიღებული 67 რუკისგან შედგება. ფერად ატლასზე ქართული მინაწერები სულხან საბას მიერ წითელი ფერის მელნითაა შესრულებული. გულდასმით გამოყვანილი ქართული ასოები იმ გეოგრაფიულ ლოკაციებსა და ნახატებს ამშვენებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტზე მიმოფანტულ ქვეყნებს ვიზუალურად გამოსახავს. საიუბილეო კრებულისთვის თითოეულ მწერალს ატლასის ის ნაწილი შეხვდა, რომელზეც კონკრეტული ქვეყანა, გეოგრაფიული ნიშანი და სულხან-საბას ქართული მინაწერია დატანილი, აღნიშნული ფრაგმენტი იქცა ინსპირაციად, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეიქმნა.

„RettuLIT, ლიტერატურული დაბრუნება“ პირველი წიგნი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეზე გამოიცა. მაშინდელ საიუბილეო გამოცემაში სხვადასხვა თაობის 15-მა უნივერსიტეტელმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა. წიგნში ლიტერატურული კვალი „პირველსხიველებიდან“ ახალბედა მწერლებამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებამდე მოდის. პირველმა პროექტმა თითოეული მათგანის უნივერსიტეტზე მოგონებები  გააერთიანა.

100 წლის საუბილეო კრებულში „RettuLIT2“ (ლიტერატურული დაბრუნება2) მკითხველი იმოგზაურებს უნივერსიტეტთან და ავტორებთან ერთად.