ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", მარიამ ზუბაშვილი, "დ’ირაკლი"

"შემოდგომის ლეგენდა",  მარიამ ზუბაშვილი,  "დ’ირაკლი"
12 აპრილი, 2020
მარიამ ზუბაშვილი

დ’ირაკლი
                     
მე და ირაკლი ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ჩვენ ორი. ლეილა დეიდა გვიყვება, ირაკლიმ პირველად ბურთს ფეხი რომ დაარტყა, დათოს მოხვდაო. თუმცა ყოველთვის ირონიულად ამატებდა, ირაკლიმ დაარტყა, დათო კი მაშინვე აღრიალდაო.  მიყვარდა ლეილა დეიდა, მაგრამ მისთვის უცნობი იყო სიტყვა გუნდი. მე და ირაკლი მაშინ მეთერთმეტე კლასში ვიყავით.  მე კარში ვიდექი, ირაკლი კი მიცავდა. ბიჭებს რომ წავეჩხუბებოდით, მაშინაც მიცავდა, ამის ხელებისთვის არ შეიძლებაო, და ერთ გემრიელ მუშტს ჩემ სახელზეც აგემებდა ხოლმე  ჩაჩხიან თედოს.  ჩვენ ერთ პატარა ეზოში ვცხოვდობდით: მე, ირაკლი, ავთო და ლილე. კარგად მახსოვს, მე და ირაკლი ყოფილ  ცემენტის საწარმოში რომ გავიპარეთ და ავთო გამოიჭირეს, მწარედ მოხვდა მაშინ ჩვენ მაგივრად, მშობლებისთვის არ უთქვამს სად წავედით, სულ ჩვენ დაგვყვებოდა ხოლმე, თან ჩვენზე უმცროსი და, ლილე მოსდევდა, ჩვენც დავდიოდით და გვეგონა იმ ქუჩებს, რომლებშიც ასე არხეინად დავაბიჯებდით, ერთ დღესაც ჩვენს გვარებს უწოდებდნენ. ირაკლი ჯერ კიდევ მაშინ ეუბნებოდა ლილეს, რომ გავიზრდებით და თბილისში UEFA-ს თასით დავბრუნდები, პირველ პაემანზე წავალთ  ასპინძაშვილის ქუჩაზეო. მაშინ მეც ვიცინოდი, ავთოც და ლილეც...
გვიანი ოქტომბერი იყო, მეშვიდე კლასი, მე და ირაკლის ჯერ კიდევ გახუნებული ბრაზილიის ფორმები გვეცვა და გათოშილები მივრბოდით სახლისაკენ, თან „საგოლე პასის“ გადაცემაში ვავარჯიშებდი ჩვენი დაფლეთილი ბურთით, ერთად რომ ვიყიდეთ  ირაკლის მეთერთმეტე დაბადების დღეზე. ეზოში ნელი დეიდას სამფეხა სკამზე ჩამომჯდარი ლილე დაგვხვდა, გაფითრებული, ერთიანად ცახცახებდა, რომ დაგვინახა ქვითინი აუვარდა.  იმ საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში წაგვიყვანა მამამ მე, ირაკლი და ლილე. ლილე ჩვენ შუაში იჯდა და ხმას არ იღებდა. არადა იმ საღამოს კარგად იყო, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.  ოთხი დღის მერე მე და ირაკლის მამების ნაქონი პერანგები ჩაგვაცვეს და ლილესთან ერთად გავაცილეთ ავთო. თურმე იმ დღეს ჩვენს მოსაძებნად წასულა ცემენტის ძველ ქარხანაში...
მეთერთმეტე კლასში ვიყავით და ლილე მეათეში, დერეფნებში რომ ჩავუქროლებდით, ირაკლი აუცილებლად ჩერდებოდა, მაგრამ გოგონა იმ დღის მერე არ დაგვლაპარაკებია. ავთოს ფეხბურთი არასოდეს ჰყვარებია, მაგრამ ყოველი შეჯიბრის „საგოლე პასს“ ირაკლი სწორედ მას უძღვნიდა.  მე ძველებურად კარში ვიდექი და მხოლოდ ყიჟინას თუ დავცემდი ჩვენების შეტევისას.
იმ წელს „დინამოს“ აკადემიაში შეგვიყვანეს. როგორც მეკარეს, სხვა პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა არ მქონია, ამიტომ დაუღალავად ვშრომობდი რომ სარეზერვოდან სასტარტო შემადგენლობაში გადავსულიყავი. სკოლის შეჯიბრებებს გულს ვეღარ ვუდებდი, ძალიან მეადვილებოდა. ნელ–ნელა შევნიშნე რომ ჩემი მცველი ირაკლი ხანდახან ერთი პოზიციით წინ ინაცვლებდა და მარტოს მტოვებდა, მაგრამ სულ მეუბნებოდა - ეს მხოლოდ სკოლის თამაშებში, ხომ იცი, იუვენტუსის რიგებში  რომ ჩავირიცხებით, იქ არასოდეს დაგტოვებო.  
სარეზერვო შემადგენლობა პირველმა მე დავტოვე. პირველ თამაშზე ირაკლიმ თავისი ბუცები მომცა, იღბლიანიაო, დამაიმედებლად გამიღიმა და ბეჭებზე ღონივრად დამკრა ხელი, მერე სარეზერვო სკამებისკენ გაემართა. ირაკლის ზურგზე ყველაფერს ვკითხულობდი, შეტრიალდა თუ არა, მხრები აიწურა, ხელები სპორტული მოსაცმელის ჯიბეებში ჩაიწყო და წინ ბალახის ტკეპნით გაემართა. ყელში მობჯენილი ბურთი მძიმედ გადავყლაპე და მოედანზე გავედი გასახურებლად. ჩემი მშობლები უკვე მოსულიყვნენ, დეიდა ლეილაც ენერგიულად მიქნევდა ხელს. სამხრეთ ტრიბუნაზე კიდევ ორი ნაცნობი ფიგურა დავლანდე. ფეხების გამახურებელი ვარჯიშით ფრთხილად ავიღე სამხრეთის მიმართულება და ტრიბუნას მივუახლოვდი... ლილე და შავებში მოსილი დედამისი პირველ რიგში ისხდნენ და ნაღვლიანი ღიმილით მიცქერდნენ. ხელი დავუქნიე და თავი დავუკარი, ლილეს დედა გამომეპასუხა, ლილემ კი თავი ჩაქინდრა. ირაკლის გავხედე, ფეხზე იდგა და ხან მე გამომხედავდა, ხან ლილეს.  ბოლოს ირაკლის ასეთი სახე მაშინ ჰქონდა, ლილემ ჩვენთან ურთიერთობა რომ შეწყვიტა.
ის თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მოიგო „დინამოს“ ახალგაზრდულმა ნაკრებმა. მომდევნო ორი თამაში სარეზერვო სკამზე გავატარე.
ირაკლი საკუთარი თავისადმი მეტად მომთხოვნი გახდა, დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ატარებდა, სახლში დაბრუნებისას ხმას არ იღებდა და უჩინარი ბურთით ასრულებდა სხვადასხვანაირ მანევრს. მალე სასტარტო შემადგენლობაში შევიდა. პირველ თამაშზე ბუცები არ გამომართვა, შენი პატარა მაქვსო. გულმოდგინედ ათვალიერებდა ტრიბუნებს, მაგრამ უშედეგოდ. იმ თამაშზე ჩვენმა მეკარემ, გიორგი გიორგობიანმა ხელი მოიტეხა. ზაფხულში 18 წლის ხდებოდა და უფროს ლიგაში უპირებდნენ გადაყვანას, რეზერვში, მაგრამ მისგან ნამდვილად იმედისმომცემი მეკარე დადგებოდა და მალე გაიჭრებოდა წინ.. მისი ადგილი იმ დღიდან მე მერგო. მე და ირაკლი „დინამოს“ ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდით და თვეში ერთხელ სტიპენდიასაც ვიღებდით.
*
ზაფხული ძალიან მალე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. მე და ირაკლი სკოლას ვამთავრდებდით, გამოსაშვებ გამოცდებს თუ ვერ ჩავაბარებდით, „დინამოს“ რიგებიდან ამოგვშლიდნენ. სასაცილო იყო პირდაპირ, მთელ ცხოვრებას „დინამოს“ ვუთმობდით, ისინი კი მზად იყვნენ სკოლის ატესტატში გავეცვალეთ. განა ცოტანი იყვნენ მათ აკადემიაში ჩვენნაირები. ისხდნენ და ელოდნენ, როდის მივიღებდით მძიმე ტრავმას, ან როგორ დავრჩებოდით სკოლაში. დედაჩემი ერთ საღამოს ლილეს დედას ელაპარაკა. ნინა დეიდა მათემატიკის მასწავლებელი იყო და სხვა საგნებშიც კარგად ერკვეოდა, უთქვამს, ჩემთან იაროს ერთი კვირა, ყველაფერს ჩააბარებსო. იმავე საღამოს ჭრიალა ხვეული კიბით ავედი ავთოს–ლილეს სახლში.  კარი ნინა დეიდამ გამიღო. პირველივე ნაბიჯთან ერთად შემეხუთა სული. ოთხი წელი იყო გასული მას მერე, სახლში სანთლის ნამწვისა და საკმევლის სუნი იყო დაგუბებული, კედლებიდან ავთოს მომღიმარე სახე მიცქერდა. სასტუმრო ოთახში რომ შევედი, გული შემეკუმშა. ძველებურ ხის ბუფეტზე დიდ ჩარჩოში ჩასმული ჩვენი ბავშვობის ფოტო იდო, ლილეს დაბადების დღეზე გადაღებული, ოთხივე ყურებამდე გაღიმებული ვიდექით. ფოტოსთან მივედი და დაუკითხავად ჩამოვიღე. ირაკლის მკლავი ჩემზე გადმოეხვია, მე – ავთოზე, წინ ლილე იდგა და ტორტზე სანთლების ჩასაქრობად ემზადებოდა. იმ საღამოს მე და ნინა დეიდას არ გვიმეცადინია.
ერთ კვირაში გამოსაშვები გამოცდები დამეწყო, წინ გუნდის „ზბორები“ მელოდა, ამიტომ მე და ირაკლის ყველაფერი ნაადრევად გვაწერინეს. ატესტატი ავიღე. გუნდთან ერთად იმ წელს მხოლოდ მე წავედი ბაკურიანში.
ახლა 22 წლის ვარ. „დინამოს“ ნაკრების მეკარე.  გუშინ მოსკოვიდან ჩამოვედით. დედაჩემმა საფირმო ღომი და შებოლილი სულგუნი დამახვედრა. ლილე და დეიდა ნინაც ჩამოვიდნენ. ამ ზაფხულს მათი ხვეული კიბე ჩამონგრეულა და კორნელი ძიამ მამაჩემის დახმარებით კუსტარულად დამზადებული რკინის კიბე გაჭიმა. სწორედ  იმ ხვეულ კიბეზე მოიტეხა ავთომ მაჯა, ირაკლისთან ერთად რომ სრიალებდა, ახლა აღარც ავთო იყო, აღარც კიბე...
ლილე სამედიცინოზე სწავლობს, ჯერ გათხოვება არ უნდა, სანამ სწავლას არ დაამთავრებს. მეც ველოდები, რომელ კლუბშიც მიმიწვევენ, რეზიდენტურას იქ გააგრძელებს და კი მივხედავთ ერთმანეთს.
დღეს სკოლაში ვიყავი, კლასელებმა ერთად მოვიყარეთ თავი, ჩვენს დამრიგებელს უჭირს სკოლაში სიარული და მასწავლებლობას თავს ანებებს, შვილიშვილებს მივხედავ, ჩემი ცოდნა არ დაიკარგება, არც თქვენ დაიკარგებითო. მეშვიდე კლასში ერთი გენიალური რამ მოიფიქრა, წერილები დაგვაწერინა მომავალი საკუთარი მეებისათვის, ხოდა დრო იყო ის წერილები მიგვეღო. ირაკლი არ მოსულა. თეკლამ თქვა ბანკშია, მუშაობსო. თინა მასწავლებელმა  თვალცრემლიანმა გადმომცა ავთოს წერილი, ლილეს წაუღე, ინაღვლებს, მაგრამ გაუხარდებაო. ჩემი და ირაკლის წერილი ბოლოში იდო. საერთო დაგვიწერია. ბურთები და UEFA-ს ირაკლისეული თასი ეხატა. ზედ დახრილი, გაკრული ასოებით ეწერა:  დ’ირაკლი:
„დათო და ირაკლი, თქვენ ახლა იუვენტუსში თამაშობთ. დათო კარში დგას, ირაკლი კი დაუღალავად იცავს მას. ავთო ტრიბუნებზე ხალხს ქართულად ამღერებს. ირაკლი გადასცემს ბომბარდირს „საგოლე პასს“  და ა რ ი ს!! გ ო ლ ი! ირაკლი დათოსთან მირბის, ეკრანზე აღტაცებული ლილე ჩნდება და ჰაერში ირაკლის კოცნას უგზავნის. დათო და ირაკლი, ჩვენ ვიქნებით #1.“

სხვა სტატიები »