ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", გივი ალხაზიშვილი-"უნივერსიტეტი"

"რეტულიტი", გივი ალხაზიშვილი-"უნივერსიტეტი"
9 აპრილი, 2020
უნივერსიტეტი


“ამონარიდი წიგნიდან “მომავალი წარსული”...



1961 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ფილოლოგიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე ჩავირიცხე. მე და თედო ბექიშვილი ერთ ჯგუფში მოვხვდით. პირველი კურსი წარმატებით დავხურე. დამავალდებულეს, პარალელურად საუნივერსიტეტო სიმფონიურ ორკესტრის რეპეტიციებზე მევლო, როგორც ჰობოისტსï და პირველი კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ  დღის დასწრებულზე გადამიყვანეს.
იმ დროიდან ყველაზე მკაფიოდ მახსენდება თედო ბექიშვილის, ჯემალ აჯიაშვილის და ჩემი გასეირნება მდინარე ვერეს ხეობაში. ერთადერთი ოცნება გვქონდა, როგორმე დაგვეარსებინა ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი. მაშინდელი ჩვენი ოცნებები გულისშემძვრელი და დაუვიწყარია უზომო გულუბრყვილობისა და ლიტერატურული საქმიანობის როგორმე წამოწყების  წრფელი სურვილით.  ახლაც კი, როცა მე და ჯემალი ერთმანეთს ვხვდებით, არ შეიძლება ის საოცარი დღე არ გავიხსენოთ.

ვახტანგ ფალიაშვილი დირიჟორობდა სტუდენტურ ორკესტრს და უამრავი კონსერვატორიადამთავრებული პროფესიონალი უკრავდა და თან სწავლობდა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე _ მეორე დიპლომისთვის.
საუნივერსიტეტო სტუდენტურ ორკესტრთან ერთად 1961-62 წლებში მოვიარე ლვოვი, კიევი, მოსკოვი; გავმართეთ კონცერტები, ხოლო მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, წარმოვადგინეთ ოპერა "დაისი”, რომლის უვერტიურასაც უდირიჟორა სახელგანთქმულმა დირიჟორმა გაუკმა, ხოლო შემდეგ ვახტანგ ფალიაშვილმა გააგრძელა. უცნაური ამბავი მოხდა მაშინ. სპექტაკლზე არ გამოცხადდა პირველი ჰობოი _ მურთაზ (გვარი აღარ მახსოვს) — და ვახტანგ ფალიაშვილმა მკითხა, თუ ვიცოდი პირველი ჰობოის პარტია და თუ შევძლებდი უვერტიურის შესრულებას. პირველი, რაც მაშინ ვიგრძენი, შიში და სიხარული იყო, რომელი ჭარბობდა, ვერ ვარკვევდი, მაგრამ ბატონ ვახტანგს ვუთხარი, რომ პირველი პარტია თითქმის ზეპირად ვიცოდი, რადგან ჩემთვის ვუკრავდი ხშირად. ასე შედგა ჩემი დებიუტი ლომონოსოვის უნივერსიტეტში, როგორც ჰობოისტისა. მოგეხსენებათ, ოპერა "დაისს” ჰობოი იწყებს და ამ სოლოს გარეშე "დაისი” წარმოუდგენელია. თვრამეტი წლის ვიყავი და მეყო თავხედობა, პირველი პარტიის შესრულებაზე დავთანხმებულიყავი ვახტანგ ფალიაშვილს, ზაქარიას ძმისშვილს. ან სხვა რა გზა მქონდა?!
სოლო პარტია რომ ჩავამთავრე, გული მომეცა და უფრო გავთამამდი. ის წუთები დაუვიწყარია ჩემთვის. ჰობოისტი, რომელიც არ გამოცხადდა სპექტაკლზე გაურკვეველ მიზეზისàï გამო, ჩემი ვარაუდით კი რუსის გოგოსთან ერთად დაიკარგა, კონსერვატორიადამთავრებული იყო და არა ჩემსავით მოყვარული მუსიკოსი, ამიტომ შიშობდა ბატონი ვახტანგი, როგორ შევძლებდი იმას, რაც შევძელი.

***
უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრემ, უფრო კი ლიტერატურულმა მეგობრობამ სხვადასხვა ასაკის დამწყებ მწერლებთან, სხვაგვარი მნიშვნელობა მიანიჭა ჩემს მაშინდელ ცხოვრებას და მთლიანად ვიყავი ჩაფლული ლიტერატურულ საძმაკაცოში. უნივერსიტეტის გაზეთში, "პირველ სხივში” და "ახკომში” ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. გიგლა სარიშვილი, იურა ბაქანიძე, სოსო პაიჭაძე, თედო ბექიშვილი, ჯემალ აჯიაშვილი, ჯემალ დავლიანიძე, ჯარჯი ფხოველი, ნომადი ბართაია, ლაშა კაკიაშვილი, ომარ გოგიჩაიშვილი, ამირან ასანიძე, გოგი კვირკველია, დათო თურქაძე და მრავალი სხვა დამწყები ლიტერატორი თუ ლიტერატურის მოყვარული უნივერსიტეტის ეზოში, შოთა ჩანტლაძესთან ვიკრიბებოდით.
უნივერსიტეტის ეზო, ანუ აუდიტორია ღია ცის ქვეშ, უამრავ მოყვარულ ლიტერატორს იტევდა და იცვლიდა. ჯაშუშებიც გვყავდა გარეული, როგორც მერე გაირკვა. ხრუშჩოვისდროინდელმა დათბობის ხანამ გაგვათამამა და რას აღარ ვსაუბრობდით სანდო წრეში, თუმცა ხალხის სანდოობა, განსაკუთრებით კი ზოგიერთის, მეტად საეჭვო აღმოჩნდა. ომარ გოგიჩაიშვილი და ნოდარ სივსივაძე გვამარაგებდნენ აკრძალული ლიტერატურით, ძირითადად ქსეროასლებით და ამგვარი ლიტერატურის გავრცელებისას ძალიან  ფრთხილობდნენ. თუ არ ვცდები, გოგი კვირკველიას, კონსტანტინე გამსახურდიას ნათლულს მიუწვდებოდა ხელი ნათლიის ბიბლიოთეკაზე და ზვიად გამსახურდიას ინიციატივით და ხელისშეწყობით ვრცელდებოდა საიდუმლო ლიტერატურა, მოგვიანებით კი "ოქროს საწმისის” ნომრები. მაგრამ ეს გვიან, დიდი ხნის მერე, როცა შოთა ჩანტლაძე და გოგი კვირკველია აღარ იყვნენ ცოცხლები.

_ აი, ჩემი სადოქტორო დისერტაციის პრაქტიკული შედეგი, _ შოთა ჩანტლაძემ გიგლა სარიშვილისკენ გაიშვირა ხელი. _ გუშინ, მინდა გაუწყოთ, რომ გვარიანად ნაქეიფრები ქობულეთის აღმართიდან დავგორდით კეკელიძის ქუჩაზე. მოგეხსენებათ, ის ადგილი ვარაზისხევის გაგრძელებაა და ჩვენი დაშვება შედარებით მშვიდობიანად დასრულდა. მე სასურველზე მეტად დავიჟეჟე, ეს ყმაწვილი კი მთლიანად დაიშალა. დილით ხევში ვიპოვე მისი თავი, რამდენიმე მეტრის იქით ერთი ფეხი, კიდევ უფრო მოშორებით მეორე ფეხი და იქვე ხელჯოხი და სხეული. ეს ამბავი მილიციისთვის არ შემიტყობინებია. ჩემი მეცნიერული მიღწევების გამოყენებით შევძელი, ხელახლა ამეწყო დაშლილი ორგანიზმი და ახალი სიცოცხლე მიმენიჭებინა. აი, ისიც.
სიცილით ვიგუდებოდით. ყველაზე მეტად გიგლა იცინოდა. გიგლას პოლიომიელიტი გადაეტანა ბავშვობაში და ხეიბარი იყო, ხელჯოხი მართლაც სჭირდებოდა, რადგან ცალი ფეხის ნაცვლად პროთეზი ჰქონდა. შოთას უყვარდა სიტუაციების ჰიპერბოლირება და ხშირად ხუმრობდა. ყველა ვხუმრობდით და ასე გადაგვქონდა გასაჭირი. შოთა ჩვენზე ბევრად უფროსი იყო და მისი თაობის მწერლები უკვე სახელგანთქმულები იყვნენ. წერდა თავისთვის, ახლობლებს უკითხავდა, თარგმნიდა კიდეც. "კალევალადან” ნაწილი მისი თარგმნილია. თარგმნიდა ტიუტჩევს. ქართულს ასწავლიდა შსს_ს ერთ რუს მაღალჩინოსანს, რუსეთიდან რომ იყო მოვლენილი.  ეს სამსახური მეგობრებმა უშოვეს და ცოტა სული მოითქვა, ფული და საარსებო წყარო გაუჩნდა ხელმოკლე კაცს. როცა გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, აქეთ ეშურებოდა _ უნივერსიტეტის ეზოსკენ. უფულო და უსახსრო სტუდენტებში ხან ვის, ხანაც ვის გვიჩნდებოდა ფული ან პროვინციიდან ჩამოტანილი ნობათი, დასალევთან ერთად, ხან სტიპენდია წამოგვეწეოდა და იქაური სალუდეები ივსებოდა ჩვენით, სხვებითაც, და იყო გაბმული ხუმრობები, ლირიკული გადახვევები და ლიტერატურაზე საუბრები.

გენერალი დამპირდა ქალაქიდან გასახლებას,
გენერალი მილიციის.

როცა არ მუშაობდა, უფრო ხშირად კი უმუშევარი იყო, ამავე დროს საშიში ელემენტი სტუდენტებისთვის, ვისთანაც დღეებს ატარებდა. მართლაც დაემუქრნენ ქალაქიდან გასახლებით, როგორც მუქთახორას. თავის სიცოცხლეში ლექსი არ დაუბეჭდავს. ჰქონდა ერთი მცდელობა, "მნათობში” მიიტანა ლექსები დასაბეჭდად და უარი უთხრეს. მაშინ სიმონ ჩიქოვანი რედაქტორობდა "მნათობს”, როგორც ჩანს, არ მოეწონა შოთას ლექსები. ძნელია ვიმკითხაო, რა არ მოეწონა, მაგრამ ჩემთვის რომ ვფიქრობ, ვასკვნი, ალბათ სიმონისთვის მიუღებელი იყო ტრადიციიდან გასვლის თუ ტრადიციის გადასხვაფერების მცდელობა, არააქტუალური თემატიკა, თავისუფალი ლექსის დანერგვისკენ სწრაფვა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, თვითონ იყო სიახლის დამნერგავი ქართულ პოეზიაში და ერთ-ერთი პირველი ავანგარდისტი, რაც მიატოვა და აღარც გაუხედავს იქით არასოდეს.
შოთა ჩანტლაძის თაობის პოეტები _ მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე, სხვებიც, არ ზრუნავდნენ მასზე და არც ხელს უწყობდნენ, არც ცდილობდნენ ლექსების გამოქვეყნებაში მიშველებოდნენ ან იქნებ არც თვლიდნენ ისეთ პოეტად, ვისზე ზრუნვაც ღირდა, ან თვითონ შოთა ისხლეტდა მსგავს შეთავაზებებს. რაც ზუსტად არ ვიცი, ვერ ვიტყვი.

სადღაც ფერი გადიარს,
სადღაც ღამე დაობდა,
ჩემი თეთრი გადია
რა უდროოდ დაობლდა.
ჩემი თეთრი გადია
მოდის სასაფლაოდან. 

გამჭვირვალე და ნაღვლიანია შოთას ეს ლექსი, გარდაცვალებამდე თვრამეტი წლით ადრე რომ დაწერა. დედამისი ზუსტად ასეთი მახსოვს _ თხელი, სიფრიფანა, გამჭვირვალე, თმაჭაღარა, სანდომიანი და შოთაზე და შოთასთვის შეწუხებული. შოთას ძმას, რომანს, თავის გზა ნაპოვნი ჰქონდა. შოთა ანდერგრაუნდში ცხოვრობდა და ანდერგრაუნდელი იყო.

... მოედნები ამ ქალაქის ცარიელი ადგილებია...

არადა, ამ მოედნებზე საბჭოთა ბელადების ძეგლები იდგა, ეს კი ცარიელ ადგილებს ეძახდა.

გაზაფხულია, ყვავილები დარბიან ველად,
დასდევენ ბავშვებს, გაურბიან ბავშვები ყვავილს. 

ადრევე, გასახლებას რომ პირდებოდა გენერალი მილიციის, იგი დაქადნებით წერდა, დრო მოვა და "ვინ ვის გაასახლებს, ვინ იცის?!”

მოედნებზე, რომლებიც ცარიელი ადგილებია ქალაქის, და ქუჩებზე, სადაც მანქანების მოძრაობა შეწყვეტილია მიზეზთა გამო, იმხანად უნდა ჩაექროლა ესკორტს და ერთ-ერთ მანქანაში უნდა ყოფილიყო საკავშირო ცეკას გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი. მასპინძელთა დიდი ნაწილი ირონიული და ზიზღიანი ღიმილით ხვდებოდა სტუმარს. სტალინის კულტის დამამხობელი აქ უმრავლესობას ქართველი ერის მტრად მიაჩნდა. ჩაიქროლა ესკორტმა და მაშინ რა ვიცოდით, თუ თავდასხმა იგეგმებოდა ნიკიტა ხრუშჩოვზე, და თუ დაგეგმილ თავდასხმას გამოუჩნდებოდა ყველასათვის მეტად მოულოდნელი გამცემი და იმას მოიმიზეზებდა,  ეს იმიტომ ჩავიდინე, რომ ქართველი ერი გადამერჩინაო. მაშინ ხალხში ვრცელებოდა ასეთი ჭორი, თითქოს ხრუშჩოვი ქართველების საქართველოდან გასახლებას აპირებდა. ზოგიერთი მაღალჩინოსანი პარტიული მუშაკიც მოგვიანებით იგივეს ადასტურებდა თავის მოგონებებში. ფაქტი ერთია, ჩვენ მაშინ არაფერი ვიცოდით, რაც მომავალში გაქვეყნდებოდა. არაფერი იმალება მზისქვეშეთში. ეს “დანოსი” 90-იან წლებში დაიბეჭდა გამსახურდიას პრეზიდენტობისას და მერე გაზეთმა “ასავალ-დასავალმაú” გაიმეორა ერთი წლის წინათ. ãგვიან გავიგეთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ “დანოსის” შემდეგ დააპატიმრეს, და რომლებსაც ძვირად დაუჯდათ გულაგელ ძმაკაცთან საიდუმლოს განდობა. 
 60-იან წლებში დამწყები მწერლები, მაშინ ჩვენ ასე გვეძახდნენ, ხშირად დავდიოდით მწერალთა კავშირში, სადაც იმართებოდა ცხარე კამათი დაპირისპირებულ თაობებს შორის. ერთ სხდომაზე კონსტანტინე გამსახურდიამ დააგვიანა და საზოგადოებას მოუბოდიშია, ვიღაც განგსტერი ქალიშვილის დაკრძალვა იყო და ჩემი მანქანა შეფერხდაო. ეს განგსტერი ქალიშვილი ულამაზესი მედიკო მებურიშვილი აღმოჩნდა, ზედმეტ დოზა წამალს რომ შეეწირა საცოდავი. როგორც მოგვიანებით გავიგე, მასთან ერთად ყოფილა ჩემი კურსელი და მეგობარი /ჯარამდელი/ იზა გოცაძე, შემდგომში პოეტი და ორიოდე წიგნის ავტორი, ტრაგიკული ხვედრის ადამიანი. მასთან დიდხანს ვმეგობრობდით, ბოლო ხანებში კი უმისამართოდ დაგვეკარგა.
დათბობამ თავის სითამამე მართლაც მოიტანა ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ხრუშჩოვი თავის მუჟიკური საქციელით, სტალინის სახელისა და კულტის სიძულვილით შეპყრობილი, როგორც მერე გაირკვა, გაუცნობიერებლად იწყებდა არსებული რეჟიმის დემონტაჟს და უკეთესი მმართველობის შექმნას. გაეროს ტრიბუნაზე დაბრახუნებული "ბაშმაკი”, აკვიატებული სიმინდის კულტურა და სხვა ათასი რამ იქამდე მივიდა, რომ დიად საბჭოეთში ხორბლის კრიზისი დაიწყო და ტალახივით პურს გვაჭმევდნენ.
მწერალთა კავშირში გამართულ დებატებზე ბესო ჟღენტი, ეს უპარტიო კრიტიკოსი, რომელიც პარტიულებს ბევრად აჭარბებდა კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდასა და დაცვაში, ხმალამოღებული ებრძოდა უიდეო მწერლობას. ერთ-ერთ ასეთ დისკუსიაზე კრიტიკოსი ნოდარ ჩხეიძე შეეცადა, სინდისზე შეეგდო ბესო და: არ გრცხვენიათ, ბატონო ბესო, ამას როგორ კადრულობთ, სხვა რომ არაფერი, თქვენ ხომ ჩვენი თაობის დასამარხი იქნებით და სვინდისი იქონიეთო.
ბესო, რომელსაც სახეზე თვალები არ უჩანდა, ალბინოსი იყო და კითხვისას ჭოგრიტს ხმარობდა სათვალის ნაცვლად, თან მეტად გამყინავი ხმა ჰქონდა, საოცრად ენამოსწრებული იყო, არ დაიბნა და ნოდარ ჩხეიძეს მიახალა: არ გაგიგონია, ჩემო ნოდარ, მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო. ბესოს ეს სიტყვები საბედისწერო გამოდგა. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, პავლოვის ქუჩაზე, თავის სახლის მოპირდაპირე მხარეს, გაზეთების ჯიხურთან თავისთვის მდგომ ნოდარ ჩხეიძეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა და ადგილზე მოკლა ეს ახალგაზრდა კაცი. ამ შემთხვევამ ძალზე დაამწუხრა მწერლები, ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად დავდიოდით განსვენებულის ბინაზე და ბევრი ფიქრობდა, რომ ბესოს ავად ნათქვამი სიტყვა აუხდა. ახალგაზრდებმა ბესო მტრად შევრაცხეთ და ერთი, რაც შეგვეძლო, ახალგაზრდა მწერალთა სხდომებზე, წრეს ბესო ხელმძღვანელობდა, ობსტრუქციას ვუწყობდით. ერთხანს ბესომ მიატოვა წრის სხდომებზე სიარული და ჩემი ინიციატივით ვცადეთ გადაგვეყენებინა ახალგაზრდა მწერალთა წრის ხელმძღვანელის პოსტიდან, იმის მომიზეზებით, რომ ვერ იცლიდა სტუდენტებისთვის და "პირველი სხივის” მორიგი, მეშვიდე ნომრის წაკითხვას არ დააყენა საშველი, რის გამოც, დაბეჭდვაც უსასრულოდ ყოვნდებოდა. თავიდან მისი მოშორება არ გამოგვივიდა, მერე კი სასწრაფოდ წაიკითხა "პირველი სხივის” მეშვიდე ნომერი, ხელი მოაწერა დასაბეჭდად და დაგვეკარგა, აღარ დადიოდა სხდომებზე.


* * *
1963 წლის ნოემბერში, მესამე კურსიდან აპოლიტიკური გამოხდომებისა და ლაყბობისათვის, სამწლიან რუსის ჯარში მიკრეს თავი. იქაურ კოშმარს აღარ გავიხსენებ, რადგან წიგნში "რკინის კარს აქეთ...” წვრილად მაქვს ყველაფერი აღწერილი. ჯარმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სამეგობრო ორად გაიყო _ ჯარამდელი და ჯარისშემდგომი. ჯარამდელებთან ვაგრძელებდი მეგობრობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე სტუდენტები აღარ იყვნენ, მე კი მესამე კურსზე აღდგენილს გაცდენილი სამი წელი უნდა ამენაზღაურებინა...
ერთ დღეს შოთა ჩანტლაძე შემხვდა უნივერსიტეტის ეზოში, მუცლის ტკივილს უჩიოდა და თანაც „პახმელიაზე“ ვარო.  სტუდენტურ სასადილოში შევედით წვნიანის დასახვრეპად. შოთა ტკივილისაგან ძალზე წუხდა და მალევე წავიდა სახლში, იქვე ცხოვრობდა _ მელიქიშვილზე. ალბათ, შენიშნული გექნებათ კიდეც მემორიალური დაფა იმ პოეტისა, ვისაც მილიციის გენერალი დაპირდა ქალაქიდან გასახლებას.

ლიმიტირებული თავისუფლება, ნებადართული თავისუფლება ზოგიერთ მწერალს ეძლეოდა და ესეც ერთგვარი პრივილეგია იყო. შესაძლებელი გახდა, გამონაკლისებს ესარგებლათ ამ პრივილეგიით და შედარებით თამამი ლექსები ეწერათ და დაებეჭდათ, ოღონდ გარკვეული ხარკის გადახდის ფასად და ეს ხარკი საბჭოთა თემატიკაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი მაინც უნდა ყოფილიყო. მაშინ დაიწყო გამოყოფა ლიტერატურული ლიდერებისა, რომლებიც ფარულად ან ღიად მეგობრობდნენ ცეკასთან, თამამადაც წერდნენ პატრიოტული ლირიკის ნიმუშებს, კრიტიკის ობიექტებიც იყვნენ დროდადრო, მაგრამ მთავარი რედაქტორის სკამი და მომსახურე შავი "ვოლგა" ყოველთვის გარანტირებილი ჰქონდათ. ფარულად თუ ღიად მართული მწერლობა საეჭვო მაგალითს აძლევდა ახალგაზრდებს და გარკვეული დროის შემდეგ არაერთი დაადგა ამ იოლ და მომგებიან გზას, უკეთ ცხოვრების გამო.

ბიჭებმა გამაგებინეს, რომ შოთა ჩანტლაძე საავადმყოფოში მოეთავსებინათ. სამი დღე ჰქონია გახეთქილი ბრმა ნაწლავი და ვერ გაუგიათ მუცლის ღრუს ტკივილის მიზეზი. ხოლო იმ ექიმს, რომელსაც დაუსკვნია, რომ აპენდიქსი აქვს გახეთქილიო, ყურიც არ ათხოვეს, რადგან ნასვამი ყოფილა.
საავადმყოფო, ახლაც რომ არის ჩხეიძის ქუჩაზე, იქ დააწვინეს შოთა. მთელი მისი საძმაკაცო და ჩვენც, უმცროსები, მივლაგდით და საავადმყოფოს კიბეზე ავიტუზეთ. ტევა არ იყო. მუხრან მაჭავარიანი, შოთას მეგობარი, წუთით არ მოსცილებია და ექიმებიც თავს ეხვივნენ, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობააო, არ მალავდნენ.
მთელი დღე იქ ვიყავით, წასახემსებლად თუ გავდიოდით და უკანვე ვბრუნდებოდით. შეღამებისას ხალხი შეთხელდა და ძირითადად ახალგაზრდები შემოვრჩით. ვეწეოდით მყრალ სიგარეტს, ვდუმდით და ველოდით რაღაცას, რას _ თვითონაც არ გვქონდა გაცნობიერებული, მაგრამ ველოდით. ავადმყოფის სანახავად ხან ერთი, ხან მეორე ვიჭყიტებოდით. იწვა პალატაში და წუხდა, ცეცხლი ეკიდა.
ისე გავიდა ღამე, რომ ვერც შევნიშნეთ. რადიო ჩაირთო დილის ექვს საათზე და ახალი ამბების გამოცხადების მერე ხალხური სიმღერების კონცერტი დაიწყო, ისე, როგორც ყოველთვის. მდუმარე დერეფანში გაისმა სიმღერის ხმა: "დილა არის, ცა ლაჟვარდი”...… ამ სიმღერის ფონზე დალია სული შოთა ჩანტლაძემ, ასე ბრმად რომ ემსხვერპლა ე.წ. პერიტონიტს და ვერაფერს რომ გახდნენ ექიმები, იმდენად დაგვიანებული იყო და ისე შორს წასულიყო ავბედითი პროცესი.

ლიმიტირებული თავისუფლება ფაფხურობდა მთელ საბჭოეთში, საქართველოშიც.
ხრუშჩოვიც პოლიტიკურ სანაგვეზე მოესროლათ და საქართველო, რომელიც გადასახლებას გადაარჩინა უცნობმა, ვისაც ენდო ცეკა და  კგბ /ინაური/, როცა წერილობით აცნობა, რომ ხრუშჩოვის მოკვლას აპირებდნენ და ვინც გასცა შეთქმულები და დააპატიმრებინა, გვარწმუნებდა, ეს იმიტომ გააკეთა რომ, ქართველები არ გაესახლებინათ საქართველოდან და ამით საქართველო იხსნა დიდი გასაჭირიდან. ასე სწამდა და სწამს დღესაც. ისე, უცნაური ლოგიკაა, მე და ჩემმა ღმერთმა. აქ შეიძლებოდა გაგვება საუბარი ღალატის მორალისა თუ ამორალობის ირგვლივ, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს გამცემის გადაწყვეტილება და შესაბამისი ქმედება განსხვავებულად შევაფასო და, საერთოდ, ამ თემაზე ვიმსჯელო, მითუმეტეს, თუ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ტრანს-კავკასიის პროექტს საქებარი ნარკვევებით შეეგებება, მოგვიანებით, 90-იანი წლების შემდეგ კი შევარდნაძის აპოლოგეტად მოგვევლინება. ყველას თავის ლოგიკა და სიმართლე აქვს, მაგრამ ტრანს-კავკასიის მხარდაჭერა მაშინ უკვე საეჭვო რეციდივი იყო, თუ გავიხსენებთ როკის გვირაბის ინციატორის და ტრანსკავკასიის მხურვალე ორგანიზატორის, ამხანაგ შევარდნაძისა და მისი მაქებარი მწერლების ადრინდელ და ახლანდელ და თან საფუძვლიან ურთიერთსიყვარულს. ამათაც რა დააშავეს, უყვართ ერთმანეთი და სულ ეს არი.


სხვა სტატიები »