ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა", დავით გორგილაძე, "ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა"

"შემოდგომის ლეგენდა", დავით გორგილაძე, "ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა"
6 აპრილი, 2020
დავით გორგილაძე

ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

მე ხოსე მქვია. გონებამახვილი ვინმე ვარ. ყველას ვარწმუნებ, რომ ჩემი საყვარელი მწერლის, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვეს ასე. სინამდვილეში კი, ბაბუაჩემის ფრონტის მეგობრის სახელი მიბოძეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და გზაში შიშისგან მომკვდარა, რომ მიპოვონ, მერე რაღა ვქნაო.
სანთლით რომ შემოიაროთ მთელი დუნია, ჩემზე უშნო ყმაწვილის პოვნა გაგიჭირდებათ. საკუთარ თავს ხშირად ვეხუმრები, ბავშვობამ დამაბეჩავა–მეთქი. ბავშვობა კი, მართლაც რთული მქონდა. წამით არ გამივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა მართლა არსებობდა. ვხვდებოდი, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორადაც თოვლის ბაბუას მიხატავდნენ, არ შეიძლებოდა ისეთი ძუნწი ყოფილიყო, როგორიც ჩემი.
მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. სურნელის მიხედვით ვხვდები, რა ფერის კანი ან თმა აქვს ქალს. პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდს ვგავარ ფილმიდან „ქალის სურნელი“. ეს არაფერს ცვლის. ერთ ქალსაც კი ვერ იპოვით ქვეყანაზე, რომელიც ჩემზე იტყვის მიზიდავსო. მიუხედავად ჩემი დინოზავრისებური სახის ფორმისა, თავს უფლებას ვაძლევ, ადელიტა არანორმალურად მიყვარდეს.
ადელიტა ქვესკნელისფერთმიანი გოგოა. მისი თმა ყველაფერზე შავი და გასაოცარია. თმაზე უფრო გასაოცარი კი, მისი თვალებია. თვალები თმაზე უფრო შავია.
ადელიტას ფეხზე წამომდგარი მკერდი  და ხავერდის კანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებზე ვერ იტყვით, გამჩენმა საგულდაგულოდ ჩამოასხაო, მე მაინც მიყვარს ადელიტა.
1997 წლის 23 აპრილს, ჩირაღდნების ქუჩაზე ადელიტას სურნელი ტრიალებდა. თავად გოგონა კი, მსუქანი გაბოს კაფეში იჯდა, რომელსაც სახელად „ღია ცის ქვეშ“ ქვია. სურნელმა ადელიტამდე მიმიყვანა.
... როცა სულს განვუტევებ და გამჩენის წინაშე წარვდგები, მინდა უზენაესმა ჩემი კეთილი საქმეების საკომპენსაციოდ, ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში წამიერი დაბრუნება შემომთავაზოს. მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად. მსუქანი გაბოს კაფეში მჯდომი, სასიამოვნო სურნელის მფრქვეველი.
1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე მიყვარს ადელიტა. მიყვარს მისი ფეხზე წამომდგარი მკერდი, კუპრზე შავი თმა, ქვესკნელზე უფრო შავი თვალები და არცთუ ზედმიწევნით თხლად ჩამოსხმული ფეხები.
1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე ყოველდღე ვუთქვამ პაემანს ადელიტას. დილით თერთმეტ საათზე, ჩირაღდნების ქუჩაზე, კაფეში სახელად „ღია ცის ქვეშ“.
დილის ცხრა საათიდან შეხვედრისთვის ვემზადები. მივირთმევ მსუბუქ საუზმეს, ვიცვამ ჩემი გორდერობის საუკეთესო კოსტიუმს, ვისხამ სუნამოს, რომელსაც მამიდა მჩუქნის  ყოველ შობა დღეს და ველოდები თერთმეტის დადგომას.
დათქმულ დრომდე წუთებით ადრე უკვე კაფეში ვზივარ. როცა ადელიტას სურნელს ვიგრძნობ, გულისცემა მიჩქარდება.
ადელიტას ჩემს დანახვაზე ყოველთვის ეღიმება. მე ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია. ქვესკნელისფერთმიანი გოგონა იქ საუზმობს, ფუნთუშასა და ყავას მიირთმევს. კაფეში მე და ადელიტა არასოდეს ვსაუბრობთ.
როცა ხავერდისკანიანი გოგონა გაიღიმებს, მეც ვიღიმი. როცა დამწუხრდება, უმალ იმავეს ვაკეთებ. როცა ის არც იღიმის და არც ნაღვლიანობს, მეც ჩვეულებრივი ხოსეს გამომეტყველება მაქვს, რომელიც ტკივილამდე სასაცილოა.
ადელიტას ფინჯანი რომ დაიცლება, პაემანის დასასრულიც ესაა. 
ჩირაღდნების ქუჩას ერთად მივუყვებით ხოლმე, მაგრამ ადელიტას ერთი ნაბიჯით წინ სიარული უყვარს. საოცრად ჯიუტია.
ქუჩის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, ადელიტა მიღიმის და მიდის. სურნელით ვხვდები, საით წავიდა, მაგრამ არასოდეს მივდევ კვალს.
მერე რა, რომ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ადელიტას? მერე რა, რომ კაფეში ჩვენ სხვადასხვა მაგიდას ვუსხედვართ? მიუხედავად ამისა, 1997 წლის აპრილიდან მოყოლებული დღემდე, ხავერდისკანიან ღვთაებას ჩემთვის, დინოზავრისპროფილიანი ვაჟიშვილისთვის, არასოდეს უთქვამს უარი პაემანზე. მეტიც, მას არასოდეს დაუგვიანია.
მე ხოსე ვარ. ყველაზე უშნო არსება დედამიწაზე. მე ქვესკნელისფერთმიანი არსების სიყვარულს ვბედავ...
... როცა მოვკვდები და უფალი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის განმეორებას შემომთავაზებს, მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად... კაფეში მჯდომი... ვნებისაღმძვრელი სურნელის მფრქვეველი.

სხვა სტატიები »