ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

"რეტულიტი", დათო გორგილაძე-"კეკელიძის ლობიანი"

"რეტულიტი", დათო გორგილაძე-"კეკელიძის ლობიანი"
1 აპრილი, 2020
კეკელიძის ლობიანი

სახეზე ვინეგრეტის სალათისთვის გამზადებული ჭარხლის ფერი დაკრავდა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ წითელს ვეძახდით. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით, კეკელიძის ქუჩაზე, ახლადგახსნილი საცხობი ჰქონდა. გაყინულ ლობიანსა და მარილწყალში ჩაბუჟბუჟებული მაკარონით გამომცხვარ ხაჭაპურს ყიდდა. ჩვენ ყოველდღე ვაკითხავდით წითელს. „შინაურ ბიჭებს გაუმარჯოს“ - ამ შეძახილით გვხვდებოდა. ნაღდს ამბობდა, შინაურის გარდა იმ ლობიანში ფულს არავინ გადაიხდიდა. 
ძველი, გახეხილი ჯინსი, დეიდაჩემის ნაჩუქარი კრემისფერი Levis-ის პერანგი და ბოტასები ჩავიცვი. ეს პირველი ორიგინალი ბრენდი იყო, რაც იქამდე მცმოდა.  მანამდე კი დედაჩემი ცივი უარით გავისტუმრე, როცა სტუდენტობის პირველი დღისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვა შემომთავაზა. მგონი სულაც ეს მშობლების წინააღმდეგ გამოთქმული პირველი პროტესტი იყო. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პროტესტი. მაშინ, პირველი კორპუსის წინ შეკრებილი ახლადგამომცხვარი სტუდენტები ცდილობდნენ შენობის ცენტრალური კარის გავლით შეედგათ პირველი ნაბიჯი უნივერსიტეტში, რის გამოც ცოცხალ რიგს კუდი ლამის ვარაზის ხევამდე ჰქონდა მოქნეული. მე და ირაკლი გუნიამ იოლი გზა მოვნახეთ - მარცხენა კარის  სრულიად თავისუფალი დერეფანი ავირჩიეთ და განგებ მარცხენა ფეხით შევედით. უცნაურია: ახლა, როცა იმ ოთხ წელზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ მთელი სტუდენტობის განმავლობაში ორივემ სხვებისგან განსხვავებული გზით ვიარეთ, ზუსტად ისევე, როგორც მაშინ მოვიქეცით. 
იმ  დღეს პირველად ვესტუმრეთ წითელს. ორ-ორი ფენოვანი ლობიანი მივირთვით და ზედ თბილი კოკა-კოლებიც დავაყოლეთ. იმ დღესვე, მეექვსე კორპუსის ალაყაფის კართან პირველად შემხვდა ვახტანგ იმნაიშვილი. სკოლის მასწავლებლებს მიჩვეულმა, მის დანახვაზე გავიფიქრე: „ნუთუ ყველა ლექტორი ისეთივე მკაცრი და დაუნდობელია, როგორი გარეგნობაც ამ კაცს აქვს?“ - მტერი შეცდეს ისე, როგორც მე ვცდებოდი. მოგვიანებით, მის მიერ წაკითხული ქართული ენის ერთწლიანი კურსი მოვისმინე. ეს იყო დროში შეზღუდული სიამოვნება, რომელიც ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 08:30-ზე იწყებოდა 11:30 -მდე გასტანდა. იმნაიშვილს სწავლების თავისებური მეთოდები ჰქონდა. აცრა გაგიკეთებიათ?  - აი, ჩხვლეტის ძალიან რომ გეშინიათ, თვალებს ხუჭავთ და კბილებს კბილებზე აჭერთ. ამ დროს კი ძალიან რბილი ხელის მქონე ექიმი შეგხვდებათ და უცებ ხმა გესმით: „მორჩა“. ჰოდა, გონებაში გაგიელვებთ: „ვახ, რანაირად?“.  ვახტანგ იმნაიშვილმა ქართული ენის ცოდნა და თავისუფლად აზროვნების უნარი გონებაში შპრიცით შეგვიყვანა. თან ისე, რომ ერთი ჩხვლეტაც არ გვიგრძნია. მას არასდროს სჭირდებოდა სიმკაცრე კოლოკვიუმებისა და და გამოცდების მიმდინარეობისას. უბრალოდ საქმე ისე წაიყვანა, რომ გადაწერის კი არ გვეშინოდა, არამედ გვერიდებოდა. 
არასოდეს დამავიწყდება: როდესაც მისი ლექციების კურსი დავასრულე, საკუთარი წიგნი მაჩუქა, რომელშიც წერილი იდო. წერილი, რომელიც დღემდე საწერ მაგიდასთან, კედელზე მაქვს გამოკრული. 
ჰო, თამაზ ჯოლოგუა ცალკე თემაა... ზედმიწევნით პროფესორული გარეგნობა; თეთრი წვერი; დინჯი, დალაგებული საუბრის სტილი; ხელის მოძრაობის თავისებური მანერა; ლექციები მეცხრამეტე საუკუნის პრესაზე,  1832 წლის შეთქმულების კულუარებზე,  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე ... და საერთოდაც, დასწრებიხართ ლექციას, რომელზეც დოდაშვილი, ყიფიანი, ჭავჭავაძე და მესხი ცოცხლდებიან? მხოლოდ გაცოცხლება რა მოსატანია - გესაუბრებიან, გისმენენ,  გეთანხმებიან, გეკამათებიან. თამაზ ჯოლოგუას სალექციო კურსზე, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას შეეხებოდა და რომელსაც 2000-იან წლებში ვისმენდით, იდგა მე-19 საუკუნე ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით, მთელი თავისი გმირებითა და ხიბლით.  
და საერთოდ, ბევრი ისეთი კურსი იყო, რომელზეც სიამოვნებით დავწერდი. ბევრიც ისეთი, კოლტ უოლკერის ლულა რომ მომაბჯინონ საფეთქელთან, გახსენება მაინც დამეზარება, მაგრამ ჩემი პირველი სტუდენტური იმედგაცრუების ამბავს, ყოველთვის დაუზარებლად ვყვები: 
სკოლაში თავისუფალი თემების უსტაბაშად ვითვლებოდი. წვიმის წვეთებზე, ქუჩაზე ეულად მდგომ გამხმარ ხეებზე ისევე ოსტატურად ვწერდი, როგორც ლესელიძის საშაურმეში გამხდარი, შავთმიანი კაცი გაგიმზადებთ პორციას. ამან, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩაბარებისას თავდაჯერება შემმატა. დავით პაიჭაძემ, რომელიც ახალი ამბების ჟურნალისტიკის კურსს მიკითხავდა, რეპორტაჟის გაკეთება დაგვავალა - „გზა, სახლიდან უნივერსიტეტამდე“. გრძელი ამბავია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯგუფში ყველაზე ცუდი ნაწერი ჩემი იყო. პირველად მაშინ დავრწმუნდი, რომ ძველი ბონუსები გაუქმდა და მომდევნო ტურში, ანუ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ყველანი განულებული ქულებით გადავედით. წამზომი ჩაირთო და თვითდამკვიდრების პროცესიც ახლიდან დაიწყო. 
ჩვენ საინტერესო თაობა აღმოვჩნდით. როგორღაც მზად ვიყავით სირთულეებისთვის. რა გასაკვირია?! მაშინ, როცა ოკეანისგადაღმა ქვეყანაში, საშობაოდ, ბავშვებისთვის საჩუქრების მისატანად სანტა კლაუსი ბუხრის თბილი მილიდან შედიოდა, ჩვენთან თოვლის ბაბუას გაყინული შეშის ღუმელის მილი ხვდებოდა. გამოდის, აცრილები ვიყავით სირთულეებზე. მოკლედ და ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემს თაობას, გულის სიღრმეში, თოვლის ბაბუის არსებობა არასოდეს დაუჯერებია.  
თსუ დიდი ორგანიზმია. ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ ყოველწლიურად განსხვავებული აზროვნებისა და მსოფმხედველობის ახალგაზრდები გამოუშვას. დღეს, როცა ადამიანებზე დაკვირვება ძალიან იოლი გახდა, ვხვდები, რომ  ჩვენი თაობა ამ მხრივ კიდევ უფრო განსაკუთრებულია. მათ  სხვადასხვა ბილიკები აირჩიეს. ზოგიერთი ჩემი ჯგუფელი, ცოტა ხნის წინ ყოფილ მთავრობას (თუ მის ცალკეულ პირებს) ებრძოდა; ზოგი ქართველ ფემინისტებს უდგას სათავეში; რამდენიმე აწ უკვე ოპოზიციისადმი ლოიალურად განწყობილ მედიაში მუშაობს, ზოგი - პირიქით;  ვიღაცები რადიკალურ მემარცხენეობას აწვებიან, ვიღაცები არც მწვადს წვავენ, არც შამფურს. ერთი-ორი მუსიკაში გადაბარგდა. მოკლედ, დიდი ეკლექტიკაა გაჩაღებული. და, ალბათ, ეს კარგია. 
შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ: როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ერთერთი ბოლო გამოცდის დღეს, კეკელიძის ქუჩაზე ჩამოვიარე და დავინახე როგორ კეტავდა წითელი თავის საცხობს. კეტავდა სამუდამოდ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს ადამიანი მოგზავნილი იყო, რათა ლაიტმოტივად გაჰყოლოდა ჩვენს სტუდენტობას. 
ბაკალავრიატის ოთხი წლიდან  რამდენიმე მეგობარი, უამრავი ნაცნობი, მოგონებები  და ჟურნალისტის პროფესია შემომრჩა. მეგობრებმა იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში, რომ მათი პერსონაჟებად გადაქცევა და მკითხველისთვის გაცნობა გადავწყვიტე. ნაცნობებს ქუჩაში ჰოლივუდური ღიმილით ვხვდები და ერთმანეთს გულიანად მოვიკითხავთ ხოლმე. მოგონებებზე - ვწერ და ვწერ. ჟურნალისტის პროფესია კი, ისე მივატოვე, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმაც არ დამცალდა. სამაგიეროდ, ერთი თსუ-ელი გოგონას წყალობით მწერლობა დავიწყე. პირველ კურსზე რომ ერთი უშნო ყმაწვილის ამბავს მოვყევი, მას მერე არ გავჩერებულვარ. როგორც წესი წარუმატებელ, მახინჯ და დაჩაგრულ პერსონაჟებზე ვწერ, რომლებიც მიუწვდომელ  ადამიანებსა და ოცნებებს ედევნებიან. ისევე, როგორც მე.  
კამილო ხოსე სელას, თავისი მოთხრობაზე „არტისტების კაფე“ წამძღვარებული აქვს სანტიაგო რამონიკახალის სიტყვები: „კაფეში ყველაზე მეტად ვგრძნობ ესპანელი ეომ ვარ“. მე კი - ყველაზე მეტად  თავი უნივერსიტეტელი მაშინ მგონია, როცა კეკელიძის ქუჩაზე ვდგავარ. 

დათო გორგილაძე
"რეტულიტი"

სხვა სტატიები »