გალერეა
4/სექტემბერი/2019
3 სურათი
თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ტრენინგი ტერამოს უნივერსიტეტში
თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის წარმატებული სტუდენტები ნათია მახარაშვილი და გიორგი ლუხავა მონაწილეობას იღებენ ტრენინგში, რომელსაც მასპინძლობს ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი. ტრენინგი ტარდება ერასმუს პლუსის საერთაშორისო პროექტის "აღმოსავლეთ ევროპაში აგრობი-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab" ფარგლებში. თსუ-ს სტუდენტებთან ერთად სასწავლო კურსს გადიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ხოლო ტრენინგებს ატარებენ ტერამოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მომავალი მეცნიერებისა და პროფესიონალების თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლას.
ინტენსიური ერთთვიანი კურსი ბიოტექნოლოგიის სფეროს თემატიკის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: საკვები პროდუქტების უვნებლობისა და ხარისხობრივი პარამეტრების განსაზღვრა და მათი ფიზიკო-ქიმიური და ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა, ცოცხალი უჯრედების ფიზიოლოგური პარამეტრების შესწავლა თანამედროვე აპლიკაციების გამოყენებით და სხვა. სტუდენტები გაირღმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ექსპერიმენტის დაგეგმვასა და დიზაინი, ანალიტიკურ მეთოდები და ინსტრუმენტები, ნიმუშების აღება და ანალიზი, მონაცემების აღება და შედეგების ინტეპრეტაცია.
ტერამოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება თსუ-ს სტუდენტებს წარმატებით გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე და მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის.
30/აგვისტო/2019
3 სურათი
თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გამოცდილების მისაღებად გერმანიასა და საფრანგეთს ეწვივნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ 39 სტუდენტი ქ. შპაიერში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა.
ლექციების გარდა, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და ექსკურსიები. სტუდენტები ეწვივნენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტიტუციებს, როგორიცაა: ევროპარლამენტი და ევროსაბჭო სტრასბურგში, ევროპის ცენტრალური ბანკი ფრანქფურტში, მაინცის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაინალდ-პფალცის პარლამენტი, აუდიტის სამსახური შპაიერში და ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაესი სასამართლო მანჰაიმში.
ინტერდისციპლინური, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება 2009 წლიდან. საზაფხულო სკოლა თსუ-ს, ფოლკსვაგენის ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 2019 წლის 5-18 აგვისტოს პერიოდში გაიმართა შპაიერში. საზაფხულო სკოლაში 2017 და 2018 წელს პროგრამაზე ჩარიცხული თსუ 39 სტუდენტი და ოდესის (უკრაინა) უნივერსიტეტის 5 სტუდენტი მონაწილეობდა.
თსუ-სა და შპაიერის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ წელსაც ელოდება ახალ სტუდენტებს.
16/აგვისტო/2019
7 სურათი
აკადემიკოს ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების თემაზე
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების დღე აღნიშნა. სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ლევან ალექსიძეს, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელსა და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორს მიეძღვნა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისისა და მისი ხელმძღვანელის, დოქტორ კაუპო კანდის მონაწილეობით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის ინიციატორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილია.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და თბილისის მერის მოადგილე, პროფესორი მაია ბითაძე ესწრებოდნენ. თსუ რექტორის მოადგილემ ისაუბრა აკადემიკოს ლევან ალექსიძის მიერ საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დაფუძნებისა და წარმატებით განვითარების შესახებ. პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აკადემიკოს ლევან ალექსიძის უდიდეს დამსახურებას საქართველოს საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად დამკვიდრებისა და საქართველოში იურიდიული განათლების ხელშეწყობის საქმეში.
25/ივლისი/2019
10 სურათი
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა. კონფერენციის პირველ სხდომას სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დამფუძნებელ სხდომაზე წევრებმა 2 წლის ვადით თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.
22/ივლისი/2019
10 სურათი
ონლიან კონფერენცია ტეიკიოს უნივერსიტეტთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორნდუმის საფუძველზე დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის ორგანიზებით ა.წ. 19 ივლისს შედგა პირველი ონლიან კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა, ეთნოლოგია/ანთროპოლოგიის მიმართულების სტუდენტთა და ტეიკიოს უნივერიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროფ. ქეთევან ხუციშვილმა (თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტი) გახსნა კონფერენცია, წარადგინა უნივერსიტეტი, ისაუბრა სამეცნიერო და სასწავლო ინტერესების შესახებ და შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ქართული და იაპონური კულტურის თაობაზე, ტრადიციულ მახასიათებლებსა და თანამედროვე ტენდენციებზე. პრეზენტაციების წარდგენის შემდგომ საუბარი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუდენტებმა იმსჯელეს განათლების, ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდების ინტერესების შესახებ საქართველოსა და იაპონიაში. დასკვნით სიტყვაში პროფესორმა აცუში ნიშიოკამ (ტეიკიოს უნივერსიტეტის გლობალური განათლების ცენტრის დირექტორი) გამოთქვა რწმენა, რომ დაწყებული ურთიერთობა გაღრმავდება და უახლოეს მომავალში პროექტების სახეს მიიღებს. ტეიკიოს უნივერსიტეტის დელეგაცია უკვე ზაფხულის მიწურულს ესტუმრება საქართველოსა და თსუ-ს.
ონლაინ კონფერენციაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ: პროფ. ქ. ხუციშვილი, პროფ. რ. გუჯეჯიანი, პროფ. ნ. ჩიქოვანი, სტუდენტები: ბ. კომახიძე, ა. ფარქოსაძე, ო. სალდაძე, გ. ბრეგვაძე.
კონფერენცია ტექნიკურად უზრუნველყო თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა.
19/ივლისი/2019
9 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის სამართალში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულების ორგანიზებით დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის სამართალში. კონფერენციის ჩატარების ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხია. კონფერენცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად და IRZ-ს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილეები ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს გამოჩენილმა გერმანელმა და ქართველმა იურისტებმა. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის გერმანიიდან ჩამოვიდნენ სამართლის დოქტორები და პროფესორები: ალბინ ეზერი, მარტინ პაულ ვასმერი, ერიკ ჰილგენდორფი და ქარსტენ ქუშე.
კონფერენციაზე მედიცინის სამართლის აქტუალური საკითხები ძირითადად განხილულ იქნა სისხლის სამართლის ჭრილში, თუმცა ასევე მოხსნებები გაკეთდა სამედიცინო სამართლის პრობლემებთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართლისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში.




