გალერეა
18/ივლისი/2019
14 სურათი
1+4 პროგრამის სტუდენტთა ტუტორიუმის მე-4 ფაზის დახურვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1+4 პროგრამის სტუდენტთა ტუტორიუმის მე-4 ფაზის დახურვა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
2018/19 სასწავლო წელს ტუტორიუმის პროგრამაში სულ 33 ტუტორი ჩაერთო, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, შეესწავლათ ქართული ენა უკეთესად, განევითარებინათ პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები, აემაღლებინათ სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები, ასევე, უკეთ გაცნობოდნენ თბილისის კულტურულ, ლინგვისტურ, სოციალურ და აკადემიურ ცხოვრებას.
ტუტორიუმის პროგრამა PITA-ს („ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“) ფარგლებში ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ, გაეროს ასოციაციისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროგრამა უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე.
12/ივლისი/2019
16 სურათი
პროფ. მარკ მედერედ ჯიმ აბადისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფ. მარკ მედერედ ჯიმ აბადისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1 5 ივნისის დადგენილებით მონპელიეს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს მარკ მედერედ ჯიმ აბადის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ პროფ. მარკ მედერედ ჯიმ აბადმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: „From ‘’Colon’’ to Professor @ the University: Scientific Path & Enjoyment“.
9/ივლისი/2019
18 სურათი
უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსის დახურვა
ჰარვარდის სამართლის სკოლისა / Harvard Law School და თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, თსუ-ის სტუდენტებს წელს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა საავტორო სამართალში და გაევლოთ ჰარვარდის პროფესორის, უილიამ ფიშერის საავტორო სასერტიფიკატო კურსი CopyrightX → http://copyx.org/.
კურსი მოიცავდა როგორც დისტანციურ, ისე ლოკალურ მეცადინეობას. დისტანციურ კურსს უძღვებოდა პროფ. ვილიამ ფიშერი, ხოლო ლოკალურ მეცადინეობებს, რომელიც ყოველკვირეულად ტარდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მარიამ ღუბიანური / Mariam Ghubianuri და ქეთევან ურიდია / Kate Uridia.
კურსი გრძელდებოდა 12 კვირის განმავლობაში. 60-მდე სტუდენტს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა, გადაეცემათ ჰარვარდის სამართლის სკოლის მიერ დამზადებული სერტიფიკატები.
ამასთან, აფილირებული კურსის ფარგლებში გააფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და პალიტრა მედია ჰოლდინგთან / Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფილირებული კურსის კურსდამთავრებულები.
9/ივლისი/2019
6 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა
სერგო ტეფნაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-სასწავლო პროცესების ასევე ადმინისტრაციული პერსონალის, ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები აცხადებენ მზადყოფნას და გამოთქვამენ სურვილს სტუდენტთა, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ერთობლივ მონაწილეობაზე სხვადასხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში.
8/ივლისი/2019
5 სურათი
პირველკურსელთა საწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ფიზიკაში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფიხიკის მიმართულების პირველკურსელთა საწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ფიზიკური პროცესების კომპიუტერულ მოდელირებაში.
თანამშრომლების გარდა საკონკურსო ჟიურიში შედიოდნენ მაღალკურსელებიც. ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პრეზენტაციების გამოსავლენად.
პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ლუკა ბურდილაძემ თემით "ბმული რხევების რთული დინამიკის მოდელირება მატლაბში",
მეორე ადგილი-თაკო მამადაშვილმა თემით "შემთხვევითი ხეტიალის მეთოდი მოდელირებაში", მესამე ადგილი-სოფო ბრეგაძემ თემით "ბურთულას დინამიკა არაერთგვაროვან ზეთში".
8/ივლისი/2019
2 სურათი
საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისთვის - კვლევის თანამედროვე მიდგომები განათლების დარგში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის სტუდენტური პროექტის - კვლევის თანამედროვე მიდგომები განათლების დარგში - ფარგლებში დოქტორანტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა როის ჯეფერსონ ჯორჯმა, ფილოსოფიის დოქტორი, საგანმანათლებლო ლიდერობის სფეროში.
საზაფხულო სკოლა ხორციელდება განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია განათლების მიმართულების დოქტორანტებისა და მაგისტრანტების კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ თსუ-ის, ბსუ-ის და აწსუ-ის დოქტორანტები. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება 13 ივლისამდე.




