ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესების საზაფხულო სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა 2017 წლის 29-30 ივლისს საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ოცდაათამდე სტუდენტი, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.

საზაფხულო სკოლის ფორმატი მოიცავდა იმიტირებული პროცესების რაუნდებს, ინტენსიურ ტრენინგ კურსებსა და სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე სირაძემ.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვნენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა (ICJ) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სიმულაციურ პროცესებში. განსახილველი თემები მოიცავდა საერთაშორისო სამართლის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ძალის გამოყენება, ბირთვული განიარაღება, სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურება, თავდაცვის უფლება, ომის დანაშაულები, გარემოს დაცვის ვალდებულება, შეიარაღებული კონფლიქტების კლასიფიკაცია და სხვ. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა იყო ინგლისური.

აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის გამოცდილება და მიღწევები სხვადასხვა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე. პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა კი სტუდენტებს გაუზიარა თავისი, როგორც არაერთი საერთაშორისო იმიტირებული პროცესის მოსამართლის, გამოცდილება. პროფესორმა ეკა სირაძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტარა ტრენინგი საერთაშორისო იმიტირებული პროცესებისათვის საჭირო უნარებსა და ტექნიკაში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შემდგომში გადანაწილდებიან გუნდებში, რომლებიც თსუ-ს წარმოადგენენ საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე.

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი რეგულარულად აწყობს თემატურ სკოლებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნული პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება