ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ ახალი საუკუნის ისტორიის ათვლას იწყებს

21 იანვარს უნივერსიტეტში სასწავლო და საგამოცდო პროცესი განახლდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს უკვე 100 წლიან მიჯნას გადააბიჯა და ისტორიის წერას ახალი ავტორიზაციით, საერთაშორისო სტანდარტების ახალ ნიშნულზე ასვლით და შემდეგი მონაცემებით ხვდება:

თსუ-ს საქართველოში დღეს ყველაზე მეტი (240-მდე) აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, (მათ შორის 22-მდე უცხოენოვანი), რომლებზეც 22 000-მდე სტუდენტი სწავლობს;

საერთაშორისო რანჟირების მონაცემებით თსუ ლიდერია საქართველოსა და რეგიონში - ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონიდან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის / U.S. News&World Report-ი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირება/. თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონიდან, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებებში Times Higher Education/THE და Shanghai Ranking მოხვდა; რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტია წარმოდგენილი;

შანხაის დარგობრივ რანჟირებებში თსუ-ს ფიზიკის მიმართულება N 151-200 პოზიციას იკავებს. QS Top University Ranking Eastern Europe and Central Asia-ში თსუ 109-ე ადგილზეა და ასევე ლიდერია რეგიონში.

თსუ ფიზიკოსები დღეს მონაწილოებენ CERN-ის ATLAS ექსპერიმენტში, იულიხის კველევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) COSY ამაჩქარებლებზე მიმდინარე ექსპერიმენტში, არიან იმ 15 ქვეყნის ფიზიკოსებს შორის, ვინც ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის სათავეებთან დგანან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლონ „ჭკვიანი ლაბორატორიებით“ (SMART|EDM და SMART AtmoSim), რომლებიც თსუ-ში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით 2016-2018 წლებში გაიხსნა; უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი - SMART|SmR-lab (School meets Research) ამოქმედდება. ლაბორატორია სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი.

თსუ მეცნიერები და დოქტორანტები მუდმივად პირველ ადგილზე არიან რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კონკურსებში დაფინანსებული საგრანტო განაცხადების რაოდენობის მიხედვით; ყოველწლიურად თსუ-ში 200-ზე მეტი კვლევითი პროექტი ხორციელდება და 500-მდე პუბლიკაცია ქვეყნდება იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში;

2019-2021 წლებში ERASMUS+ დაფინანსების მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განაცხადი უცხოეთის წამყვან 90 უნივერსიტეტთან გააკეთა. თსუ პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობით /300-ზე მეტი/, რომლებიც 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ International Credit Mobility /ICM/-ის დაფინანსებული პროგრამით ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. 2015 წლიდან დღემდე, თსუ-ს 179 უცხოელი პროფესორი ეწვია გაცვლით პროგრამებით. თსუ ევროპის მასშტაბით 26 ქვეყანაში 80-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს ERASMUS+ 178 პროექტის ფარგლებში. ამასთანავე, თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების რიცხვი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 200-ს აღწევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური საერთაშორისო კავშირები თსუ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლება არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გაიარონ. უკვე არაერთი სტუდენტი ეწვია ამ მიზნით მაგალითად პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, სტუდენტების ჯგუფი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს Asia Science Camp-ში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, კერძოდ: - ისრაელში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში და ა.შ

ყოველწლიურად თსუ-ში 200-მდე სტუდენტური პროექტი ხორციელდება - თითოეულ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს, წარდგენილი იდეების საფუძველზე 2019 და მომდევნო წლებშიც შეუძლიათ მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თუ სხვა პროექტებისთვის;

დღეს უნივერსიტეტში ალპინიზმის, კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალის, ფრენბურთის, ათლეტიზმის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, მშვილდოსნობის და სხვა სპორტული კლუბები, „თსუ კაპელა“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „გორდელა“, თსუ მუსიკალური ბენდი Suns of Suns სტუდენტური თეატრი „სხვენი“, მანსანკანის გუნდი არსებობენ და აძლევენ სტუდენტებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

თსუ უნიკალური ბიბლიოთეკების მუდმივად განახლებადი ბაზები და საერთაშორისო რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია, თანამედროვე სტანდარტის ახალი სტუდენტთა საცხოვრებელი და სტუდენტური ქალაქის ახალი პროექტი, გარემონტებული და რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ისტორიული შენობები, 16 კვლევითი ინსტიტუტი, სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოწოდებულია, რომ სწავლა და კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ უფრო მაღალ საერთაშორისო საფეხურზე ავიდეს და გამყარდეს რეგიონული სასწავლო-კვლევითი ლიდერის ის პოზიცია, რომელსაც უკვე ამდენი წელია თსუ არ თმობს.

სხვა სტატიები »

 
სიახლეების გამოწერა
გამოწერის გაუქმება