ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარებისთვის

თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარებისთვის
25 ივნისი, 2020
„ძალიან მიხარია, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ამ ტრენინგებმა მომცა რეალურად ახალი ცოდნა, ახლა უფრო კარგად ვიცი გასაუბრების ტექნიკები, თვითპრეზენტაციის უნარები, პროექტის წერის ეტაპები... თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრმა ჩემთვის საჭირო ეს უნარები უფრო დახვეწა, ახალი ინფორმაცია მომაწოდა და რაღაცებზე უფრო დამაფიქრა. ეს კურსები ნამდვილად მორგებულია სტუდენტთა რეალურ საჭიროებებზე. ფორმალურ განათლებასთან ერთად აუცილებელია არაფორმალური განათლება - მნიშვნელოვანია გასაუბრების ტექნიკების ცოდნა, პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციის უნარები, სხეულის ენის ფლობა - ამ ყველაფერს უნივერსიტეტის ლექციებზე ხშირად ვერ ისწავლი, არადა სამსახურის მოსაძიებლად ძალიან მნიშვნელოვანია. საბაზისო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ თემების შესახებ ნამდვილად მივიღე და სხვებსაც ორივე ხელით ვურჩევდი. ვიცი, რომ ჩაის სახლის ზემოთ არიან ადამიანები, რომლებსაც შემიძლია ჩემი იდეები და საწუხარი უნივერსიტეტთან დაკავშირებით გავუზიარო, ისინიც მომისმენენ და გაითვალისწინებენ.“ – ამბობს  მარიამ დარბაიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორ ტრენინგს: „ეფექტური კომუნიკაცია“ და „პროექტის წერა“ დაესწრო.

ცენტრის მისიასა  და იმაზე, თუ რას აკეთებს იგი რეალურად სტუდენტებისთვის, დღეს თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი გვესაუბრება:

- რა არის თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მისია?

კარიერული ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებისათვის საჭირო ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, დაეხმაროს პროფესიულ ორიენტირებაში, დააკავშიროს სტუდენტები და კურსდამთავრებულები პოტენციურ დამსაქმებლებს. გააცნოს მათ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან კოორდინირებით უზრუნველყოს პროგრამების მიხედვით პროფესიული სტაჟირების პროგრამები. სისტემატურად გააცნოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმდინარე პროფილური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, ამასთან  სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან თანამშრომლობით შეიმუშავოს სტაჟირების პროფილური პროგრამები.

- რას აკეთებს თსუ იმისთვის, რომ სტუდენტები მეტად პასუხობდნენ ბაზრის მოთხოვნებს?

სტუდენტთა კარიერულმა ცენტრმა ბოლო ერთი წელია აქტიურად დაიწყო სხვადასხვა პროგრამის შეთავაზება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ეს პროგრამები შეიძლება დავყოთ ძირითადად ორ მიმართულებად: 1. თემატური სტაჟირების პროგრამები პროფილურ სტუდენტებთან, რაც გულისხმობს სტუდენტის სასწავლო და პრაქტიკულ სტაჟირებას სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, შ.ს.ს., რეგიონული განვითარების და იფრასტრუქტურის სამინისტრო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან და სამთავრობო პროექტ ,,აწარმოე საქართველოსთან“ ასევე საჯარო სამსახურის ბიუროსთან) 2. კარიერული განვითარების ტრენინგები: აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგკურსი ,,ეფექტური კომუნიკაცია და გასაუბრების უნარები“ ,,პროექტის წერა“ გრძელვადიანი კურსი ,,კარიერის მართვა“, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ ეცნობიან კარიერის თანამედროვე ხედვებს, არამედ საკუთარი პროფესიის მიხედვით გეგმავენ კარიერას, სწავლობენ შრომის ბაზარს, ამზადებენ სამუშაო CV-ს, ემზადებიან გასაუბრებისათვის,წერენ სამოტივაციო წერილს. დაიწყო დისტანციური კონსულტაციები შრომის ბაზრის შესწავლის, CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენის მიმართულებით. სტუდენტებს ტრენინგის დასრულების შემდეგ აქვს გამომუშავებული ის ძირითადი უნარები, რომლებიც, მათივე აღნიშვნით ეხმარებათ სამუშაოს მოძებნასა და შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში.

ტრენინგმოდულები, რომელსაც კარიერული ცენტრი სტუდენტებისათვის უსასყიდლოდ ან განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით ახორციელებს შემუშავებულია სტუდენტებისათვის დასაქმების უნარების კვლევის შედეგების მიხედვით.  ინტენსიური ტრენინგმოდულები შემუშავებულია ტემპუსის გრანტის ფარგლებში, რამდენიმე კი ორგანიზაცია save the children-თან თანამშრომლობით გადმოგვეცა. აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული უცხო ენის ტრენინგკურსის შემუშავებაში, რაც  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სტუდენტების დასაქმებისთვის.

- რა გზებს იყენებთ სტუდენტების დასაინტერესებლად?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, პროდუქტი, რომელსაც სტუდენტებისთვის ქმნი, უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტუდენტთა ფართო მასებში გავრცელებული. ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორი კომუნიკაცია. ამისათვის ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მეთოდს (სოციალური ქსელი, ვებგვერდი, sms სერვისი, lms.tsu.ge- შეტყობინებები). უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძალისხმევას შედეგიც მოჰყვა და სტუდენტების ჩართულობა და დაინტერესება ჩვენს მიერ მიწოდებულ სერვისებზე გაიზარდა.

- როგორ ეხმარება  სტუდენტებს ცენტრი დამსაქმებელთან ურთიერთობაში?


ერთი მხრივ, ჩვენ აქტიურად ვაწვდით თემატური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სტუდენტთა უფლებების დაცვისკენ, რომლებიც სწავლის პარალელურად, ცდილობენ იმუშაონ. ამ მიზანს ემსახურებოდა კარიერული ცენტრის და საგამოცდო ცენტრის თანამშრომლობა 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრის ფინალურ გამოცდებზე, ჩვენ ვცდილობდით სტუდენტების დამსაქმებლებთან კომუნიკაციას და ვშუამდგომლობდით საგამოცდო ცენტრთან. შედეგად 782 სტუდენტმა შეძლო  შრომითი ურთიერთობების პარალელურად გამოცდების სესიაში ჩაბმა.

ასევე, პარლამენტთან ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, უკვე მზად გვაქვს ჩვენი შეთავაზება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რაშიც აქტიურადაა ჩართული თსუ იურიდიული დეპარტამენტი, რომ გაუმჯობესდეს და უფრო დაცული გახდეს სტუდენტების დამსაქმებლებთან ურთიერთობა.

-რამდენად ეფექტურია დასაქმების ფორუმების ჩატარება და იგეგმება თუ არა ამ მხრივ რაიმე ცვლილება?

რეალურად ჩვენ 480-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული  კონტაქტი, თუმცა დასაქმების ფორუმებზე მხოლოდ 70-80 იღებს სისტემატურად მონაწილეობას.

2020 წლის აპრილში საქართველოს სხვადასხვა კარიერული ცენტრის მენეჯერებთან გვქონდა ონლაინ-ვორქშოპი, სადაც განვიხილეთ ჩვენი საქმიანობის ძირითადი გამოწვევები. დასაქმების ფორუმები ყველასთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა არსებული ფორმით. პირადად ჩვენი შეთავაზებაა, რომ გაერთიანდეს რამდენიმე უნივერსიტეტი (5 ან 10) და ერთობლივად ჩაატაროს დასაქმების ფორუმი, რაც გაზრდის დამსაქმებლებისა და სტუდენტების მოტივაციას. აღნიშნულ ფორუმს წინ უნდა უძღოდეს კარიერული ფორუმი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს წარმომადგენლების, უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების და დამსაქმებლების ვორქშოპს, სადაც დაიგეგმება და განისაზღვრება შრომის ბაზრის ძირითადი მოთხოვნები და მიმართულებები და დასაქმების ფორუმიც ამ კონცეფციით დაიგეგმება.

უახლოეს თვენახევარში კარიერული ფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ, რაც იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში და ამ იდეის ინიცირებას ჩვენი ცენტრი გეგმავს, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დისტანციურ ფორმატში.

- შეუძლია თუ არა სტუდენტს თქვენთან მიღებული ცოდნის\კონსულტაციების შემდეგ რეალურად იპოვოს სამსახური?

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტს, რომელიც ჩვენს კურსს ან ტრენინგს გაივლის, აქვს ყველა ის უნარი, რომელიც მის კარიერულ წარმატებას უზრუნველყოფს მინიმუმ საწყისი რამდენიმე წლის მანძილზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ  თსუ-ის სტუდენტების და კურსდამთავრებულების საკუთარი პროფესიით დასაქმების დონე და კონკურენტუნარიანობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უტოლდება. ამასთან კომპანიები წარმატებულ კურსდამთავრებულებს მათ სახეებად იყენებენ.

- რამდენად შეძლო ცენტრმა კოვიდ19-ის დროს საკუთარი მისიის სრულყოფილად შესრულება?

დისტანციული ცხოვრების პირობებში ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად ერგება ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმატი სტუდენტების საჭიროებებს, რისთვისაც მუდმივად გვაქვს სტუდენტებთან კომუნიკაცია და ვატარებთ მონიტორინგს ყოველი პროგრამის განხორციელების შემდეგ.

COVID 19 -მა ]ცენტრს მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.  გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკეული მიმართულებით ჩვენ მიერ მიწოდებული სერვისები უფრო ეფექტური გახდა. ამის მაგალითია  online ტრენინგები და კონსულტაციები (სინქრონული და ასინქრინული ელემენტების გამოყენებით)  სხვადასხვა პროექტი, რომელიც სწორედ covid19 -ის პირობებში დაიგეგმა და ვიწყებთ განხორციელებას (ონლაინ კარიერული ფორუმი, ელექტრონული პლატფორმა, პროფესიული უცხო ენების ტრენინგკურსი, საერთო საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმი)

- რა იგეგმება მომავალში?

სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და კომუნიკაციის გამარტივებისთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვგეგმავთ ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც, ერთი მხრივ, სტუდენტს საშუალება ექნება ატვირთოს პროფესიული CV (როგორც წერილობით, ისე ვიდეო CV), რომელზეც თემატურად მიებმება ვაკანსიები. ასევე აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსდება სიახლეები და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა CV-ის შედგენის, საკუთარი პროფესიით შრომის ბაზრის შესწავლის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და გასაუბრებისთვის მომზადების საჭირო რეკომენდაციები. ასევე ცალკე ნაწილი დაეთმობა კითხვარებს, ე.წ. კარიერული განვითარების ტესტებს, რომლის შევსების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ნახოს მისი კარიერის ძლიერი და სუსტი მხარეები.

მნიშვნელოვან მექანიზმად მიგვაჩნია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული კურსების შეტანა ან უკვე არსებულში განვითარება, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს სწავლების პერიოდში გაიაროს პროფესიული სტაჟირება.

მექანიზმების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული რგოლი.

ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ  სტუდენტთა კარიერული განვითარების პროგრამებში იმ კურსდამთავრებულების ჩართვას, რომლებმაც წარმატებული კარიერა გააგრძელეს სხვადასხვა კომპანიაში. საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება. მენტორის ინსტიტუტის განვითარება იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. ბუნებრივია, 21 000 სტუდენტს და კიდევ უფრო მეტ კურსდამთავრებულს 2 ან 3 კაციანი ადმინისტრაციული პერსონალი ვერ მოემსახურება, ამიტომ, ერთი მხრივ, აქტიურად ვაპირებთ სტუდენტთა მომსახურების ცენტრებთან (ფაკულტეტები) ჩართვას ამ სერვისების მოწოდებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების  კარიერული მიმართულებით მენტორებად გადამზადებას.
ივლისიდან ვიწყებთ მასშტაბურ კვლევას, რომელიც ემყარება ტემპუსის გრანტის ფრაგლებში შემუშავებულ ,,ქართული კარიერული ჩარჩოს“ დოკუმენტს. იგი აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ელემეტებს, როგორებიცაა სტუდენტის მოტივაცია, საკუთარი პროფესიით კმაყოფილება, მოლოდინი, არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნები და სტუდენტის შესაძლებლობების თავსებადობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის შედეგები უფრო ნათელ სურათს მოგვცემს იმისა, თუ რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს და რას ვაკეთებთ ჩვენ მათი მოგვარებისთვის.

ზოგადად კი უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავითვალისწინოთ სტუდენტთა მოთხოვნები და მათ მოგვარებაში სწორედ ის სტუდენტები ჩავრთოთ, რომელსაც ყველაზე მეტად აწუხებთ ეს პრობლემა.


სხვა სტატიები »