ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აივ/შიდსის საკითხების გაშუქება და სტიგმა/დისკრიმინაცია მედიაში

აივ/შიდსის საკითხების გაშუქება და სტიგმა/დისკრიმინაცია მედიაში
23 მაისი, 2013
საქართველოს მედიაში ბოლო წლებში აშკარად იპყრობს ყურადღებას სენსაციური გაშუქებისთვის დამახასიათებელი ტენდენციები. ამ ტენდენციების ფონზე ხშირია აივ/შიდსისა და ნარკომანიის გაშუქებისას ჟურნალისტთა მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, სტიგმა, დისკრიმინაცია, არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენება. სწორედ ამ პრობლემების პრევენციას _ განათლების გზით, ისახავდა მიზნად პროექტი “სასწავლო კურიკულუმის შემუშავება – აივ/შიდსის საკითხების გაშუქება და სტიგმა–დისკრიმინაცია“. პროექტის კონკრეტული ამოცანები იყო სასწავლო კურიკულუმის შემუშავება; სახელმძღვანელოს მომზადება სტუდენტთათვის და ამ საკითხების ინტეგრირება საუნივერსიტეტო კურიკულუმებში.

“პროექტის იდეა გაგვიჩნდა მე და სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანს, ბატონ მამუკა ჯიბუტს, როდესაც ერთად ვმონაწილეობდით ბუდაპეშტში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის   ვორკშოპში და სწორედ ექიმებთან ერთად განხორციელდა ეს საგრანტო პროექტი” _ გვიყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სრული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი დალი ოსეფაშვილი.
“საქართველოში აივ პრევენციის პროექტი” UშAID-ის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლის იანვარში დაიწყო და დასრულდა 2012 წლის იანვარში სახელმძღვანელოს გამოცემით – “აივ ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში”. სახელმძღვანელოს მომზადებაში ჩართულნი იყვნენ 3 წამყვანი მედია სკოლის (თსუ, კავკასიის მედიასკოლა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. თსუ-დან პროექტის მონაწილე იყო დალი ოსეფაშვილი, რომელმაც მოამზადა ქვეთავები “მედიის როლი აივ/შიდსის საკითხების გაშუქებისას და როგორ გავაშუქოთ აივ-ინფექციის პრობლემა”;
სახელმძღვანელო განკუთვნილია ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. ის ორნაწილიანია. პირველი ნაწილი თეორიულ მასალას მოიცავს. მასში საუბარია იმაზე, თუ რა არის სტიგმა და დისკრიმინაცია, რა როლს ასრულებს მედია აივ/შიდსისა და ნარკომანიის საკითხების გაშუქებისას, ჟურნალისტური ეთიკა ამ თემების გაშუქებისას, ტერმინოლოგიის განმარტება და ა.შ. ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა მედია მასალების ანალიზს (ე.წ. “ქეისებს”). პრაქტიკული მაგალითებია მოხმობილი ქართული ბეჭდური და სამაუწყებლო მედიიდან, თან ერთვის ანალიზი მასწავლებლებისთვის და სავარჯიშოები სტუდენტთათვის. სახელმძღვანელო უკვე აპრობირებულია. 2012 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უკვე დაინერგა საუნივერსიტეტო კურიკულუმში და ინტეგრირებულია სხვადასხვა სასწავლო კურსებში.
სახელმძღვანელოს გამოშვების პროცესში თსუ პროფესორმა დალი ოსეფაშვილმა ბეჭდური მედიის ათეულობით პუბლიკაცია გაანალიზა (მან შეისწავლა 2005-10 წლიანი პერიოდში გამოქვეყნებული 35 პუბლიკაცია. კვლევის ობიექტები იყო გაზეთები “რეზონანსი”, “24 საათი”, “ალია”, “საქართველოს რესპუბლიკა”, “ვერსია”, “ახალი 7 დღე”. კვლევის მეთოდებად გამოყენებული იყო კონტენტ ანალიზი და რაოდენობრივი ანალიზი. პუბლიკაციათა გაანალიზება ხდებოდა გაეროს რეკომენდაციების, ეთიკური პრინციპებისა და ჯანდაცვის საკითხების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად) _ აივ შიდსისა და გაშუქების თვალსაზრისით და ამ ანალიზის საფუძველზე მომზადდა მოხსენებები, რომელიც პროფესორმა წარადგინა თსუ-ში, დიმიტრი უზნაძის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტში, “ინტერდისციპლინურ III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე აკადემიურ დისციპლინებში”, _ 2012 წლის 27-31 მაისს. 
რა სიხშირით შუქდება ეს თემა ქართულ მედიაში? როგორ შუქდება? რა ძირითად შეცდომებს უშვებენ ქართველი ჟურნალისტები ამ თემის გაშუქებისას? რამდენად იცავენ აივ/შიდსით დაავადებულთა უფლებებს? რა ფორმით ვლინდება სტიგმა და დისკრიმინაცია?  _ ეს გახლდათ ძირითადი საკვლევი საკითხები.
კვლევის მიხედვით, ე.წ. “მედია აჯენდაში” ანუ მედიის დღის წესრიგში ეს თემა აქტუალურია ძირითადად 1 დეკემბერს,  შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ან კალენდრით გათვალისწინებულ სხვა რომელიმე დღეს, ანუ იმდენად დაბალია გაშუქების სიხშირე, რომ შეიძლება ითქვას, მხოლოდ მოვლენურ გაშუქებას აქვს ადგილი.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება იყო ის, რომ ქართული მედია არღვევს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რითაც უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.
კვლევის დროს ასევე გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:
ქართველი ჟურნალისტები ამ თემის გაშუქებისას არაერთ შეცდომას უშვებენ. უპირველესი, რაც ყურადღებას იპყრობს, სენსაციური გაშუქებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. “შავი ჭირი”, “მომაკვდინებელი დაავადება”, “უკურნებელი დაავადება”, “მძვინვარე დაავადება”, “შიდსის მსხვერპლი” ამ და სხვა მსგავს ფრაზებს იყენებენ დაავადების აღმნიშვნელ ტერმინოლოგიად. რაც აძლიერებს სტერეოტიპს, რომ თუ ადამიანი აივ ინფიცირებულია, ის უსათუოად განწირულია. რაც დაავადებულთა სტიგმას და დისკრიმინაციას უწყობს ხელს  
გარდა ამისა, თითქმის ყველა სტატიაში გვხვდება ტერმინოლოგიის აღრევა და არასწორი ფრაზების გამოყენება. მაგალითად: “შიდსის ვირუსი”, “შიდსით დაინფიცირება”, “შიდსით დაავადება” და ა.შ.
განხილულ პუბლიკაციათა მხოლოდ 42% შეიცავდა ნეიტრალურ ტონს, დანარჩენ მასალებში კი არადამაკმაყოფილებელი იყო ენა და წერის სტილი. კვლევამ გვიჩვენა, რომ ასევე არ გვხვდება დაბალანსებული და  მრავალ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული პუბლიკაციები. ხშირად, მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებია და არ არის ჩართული ე.წ. “ადამიანური ინტერესი” ანუ კონკრეტული ისტორიები, რაც უფრო საინტერესოს, მეტად აღქმადს, უფრო კარგად კითხვადსა თუ Yყურებადს გახდიდა მასალას.
მკვლევარის შეფასებით, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ამ ტიპის შეცდომები, აუცილებელია:
ბალანსის დაცვა, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ მშრალი სტატისტიკისა და ექიმის მოსაზრებების ჩართვა სტატიაში ან სიუჟეტში; ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია თუ სიუჟეტი უნდა ეყრდნობოდეს მინიმუმ  3  წყაროს პრინციპს, რათა აუდიტორიის ნდობა გამოიწვიოს. წყაროებად, გარდა ექიმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნან ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ადამიანის უფლებათა დამცველები ან ოჯახის წევრები.
რაც მთავარია, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის რომ წყაროდ ჩართული იყოს თავად დაავადებული ან მისი ოჯახის წევრი, რათა ადამიანური ინტერესი და თანაგრძნობა  გამოიწვიოს აუდიტორიაში ამ ერთი ისტორიის, კონკრეტული ამბის გაცნობამ; თუმცა, ყოველმა ეთიკურმა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა  და შეცვალოს სახელი და გვარი ან დაფაროს ინფიცირებულის სახე, რათა მას და მის ოჯახს აარიდოს შესაძლო სტიგმა და დისკრიმინაცია საზოგადოების მხრიდან; ჟურნალისტები სწორ ტერმინოლოგიას და ნეიტრალურ სტილს უნდა იყენებდნენ, რათა არ გაძლიერდეს სტერეოტიპი აივით ინფიცირებულთა განწირულობაზე, რაც ასევე აარიდებს დაავადებულებსა და მათ ახლობლებს სტიგმასა და დისკრიმინაციას.

სხვა სტატიები »