ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი
21 მარტი, 2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე შექმნილი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISEt Policy Institute) ერთ-ერთი პირველი კვლევითი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელ ეკონომიკურ კვლევებს მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს.
კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამაგისტრო პროგრამაა სამხრეთ კავკასიაში. იმის გამო, რომ კვლევით ცენტრს ხელი მიუწვდება ISET-ის აკადემიურ ცოდნასა და გამოცდილებაზე, ორგანიზაცია გამორჩეულია რეგიონში კვლევების მაღალი ხარისხითა და მიუკერძოებლობით.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2011 წელს. მკვლევარების გუნდი დაკომპლექტებულია ISET-ის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებუ-ლებით. ინსტიტუტის კვლევების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე მოვლენების საფუძვლიან ეკონომიკურ ანალიზს, რომელიც  კომპლექსურ ეკონომიკურ მოდელებსა და უახლეს კვლებით მეთოდებს ემყარება. ამჟამად ცენტრში მიმდინარე კვლევითი მიმართულებებიდან აღსანიშნავია: გარდამავალი ეკონომიკა და განვითარება, საერთაშორისო ვაჭრობა და რეგიონული ინტეგრაცია, ენერგეტიკის სექტორის ეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ადამიანური რესურსების განვითარება.
გარდა ზემოაღნიშნული დეტალური და მრავლისმომცველი მეცნიერული პროექტებისა, კვლევითი ინსტიტუტი ასევე ახორციელებს მცირე, ე.წ. „მსუბუქ“ პროექტებსაც, რომლთა მთავარი მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის ეკონომიკური ცვლადების და მათი დინამიკის გასაგები ენით ახსნაა. მაგალითად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე ცნობილი პროდუქტი, ხაჭაპურის ინდექსი ეხმარება საზოგადოებას გაიზროს ინფლაციის არსი და თვალი ადევნოს მის განვითარებას. ამგვარ „მსუბუქ“ პროექტებს ასევე მიეკუთვნება მომხმარებელთა ნდობის ინდექსი, ISET-ის ეკონომისტის ბლოგი, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი და ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა. ეს პროდუქტები რეგულარულად ქვეყნდება ბეჭდვით გამოცემებში Georgia Today,Tinancial, Investo.ge, ლიბერალი, საქართველოს ეკონომიკა.

ხაჭაპურის ინდექსი

ხაჭაპურის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ფასებზე დაკვირვება 2008 წლის აგვისტოდან დაიწყო თბილისში, შემდეგ კი თანდათან გაფართოვდა საქართველოს სხვა ქალაქებზეც. ამჟამად ხაჭაპურის ინდექსი ითვლება არამხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ თელავის, ქუთაისის და ბათუმისთვისაც.
ხაჭაპურის ინდექსის მეთოდოლოგია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვან ეკონომისტ რობერტ ჩაიძეს ეკუთვნის. იდეა დაიბადა ჟურნალი ”The Economist”-ის «Big Mac“-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის შესადარებლად. ხაჭაპურის ინდექსის კალათაში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.
ინდექსებს ვადარებთ როგორც ქალაქებს შორის, ასევე ვაკვირდებით ცვლილებების დინამიკასაც და ვითვლით თუ რამდენი ხაჭაპურის გამოცხობა შეუძლია საშუალო ოჯახს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რაც მათი რეალური შემოსავლის ინდიკატორია.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი

2012 წლის მაისიდან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს მომხმარებელთა ნდობის კვლევას საქართველოში.  ეკონომიკაში მოლოდინების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია ეკონომიკური ბუმისა თუ რეცესიის პროგნოზირებისას.
მომხმარებელთა ნდობის კვლევა ხდება ყოველთვიურად ევროკავშირის მეთოდოლოგიის გამოყენებით. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს  შემთხვევით შერჩეული 400-მდე მოქალაქის გამოკითხვა. რესპოდენტებს სთხოვენ შეაფასონ როგორც პირადი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სხვადასხვა ასპექტში, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, დანაზოგები და ა.შ. კითხვები ითვალისწინებს როგორც არსებული მდგომარეობის, ასევე ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET ითვლის მომხმარებელთა ნდობის ინდექსსა და მის კომპონენტებს.

მშპ-ს პროგნოზი

ეს ინდიკატორი წარმოადგენს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზს მიმდინარე და მომავალი კვარტალებისთვის. ეკონომიკური ზრდის სანდო პროგნოზი მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისათვის სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან ოფიციალური მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება რამდენიმე თვის დაგვიანებით. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მშპ-ს პროგნოზირების მსოფლიოში აპრობირებული დინამიკური მოდელი შეუსაბამა ქართულ რეალობას და ამის საფუძველზე მიღებულ წინასწარ შეფასებებს  ყოველთვიურად აწვდის საზოგადოებას. ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად მოდელი იყენებს 105 ეკონომიკურ ცვლადს, რომელთა  გამოქვეყნებაც წინ უსწრებს   მშპ-ს ოფიციალურ სტატისტიკას.  მოცემული კვარტალისთვის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ზრდის პირველი შეფასება კვარტალის დასრულებამდე 4-5 თვით ადრეა ხელმისაწვდომი. ახალი მონაცემების საფუძველზე განახლებული პროგნოზი ქვეყნდება ყოველთვიურად ამ კვარტალის დასრულებამდე.

ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ეკონომიკის ყოველთვიურ მიმოხილვაში მოკლედაა გადმოცემული თვის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მთავარი ეკონომიკური მოვლენები. ანგარიშში თანმიმდევრულადაა განხილული საქართველოს რეალური, მონეტარული, ფისკალური და საგარეო სექტორები, ისევე როგორც, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები. როგორც წესი, ანგარიშის ბოლოს ცხრილის სახით მოცემულია საქართველოს ძირითადი წლიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. თვის ეკონომიკური მიმოხილვა ძირითადად ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს, კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზებსა და ინდექსებს.

სხვა სტატიები »