ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ციფრული ბაზარი - თსუ სტუდენტების ავტორობით

ციფრული ბაზარი - თსუ სტუდენტების ავტორობით
6 მაისი, 2020
"გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი გუნდი სხვადასხვა კომპანიას მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების ნივთების (ანტისეპტიკური საშუალებები, პრიბადეები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები) სახლში მიწოდებაში ეხმარება..." - მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მცირე დროში ყველას ერთდროულად მოუწია ცხოვრების ახალ წესზე გადასვლა. კომპანიებს, რომლებიც აქამდე სავაჭრო ობიექტებში ყიდდნენ პროდუქციას, დღეს ორი ვარიანტი აქვთ: ან საქმიანობა დისტანციურად, Online რეჟიმში აწარმოონ, ან დროებით გაჩერდნენ, რაც ბუნებრივია, მათ შემოსავალზე ცუდად აისახება. ახალმა შესაძლებლობებმა ახალი პერსპექტივები გაუჩინა თსუ სტუდენტის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინოვაციების სახელმწიფო გრანტიც მიიღო და აღიარებაც. 
ლოჯისტიკური კომპანია STYX ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ის დღეს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ცდილობს ელექტრონული სისტემა საკურიერი სერვისის მიმართულებით გამოიყენოს და ზემოთ აღნიშნულ სავაჭრო ობიექტებს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებაში სიმბოლურ ფასად დაეხმაროს.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტმა ალექსანდრე ქურიძემ ლოჯისტიკური კომპანია STYX 2016 წელს 2 მეგობართან ერთად დააფუძნა. თავდაპირველად კომპანიის მიზანი ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების გადასაზიდად იაფი მარშრუტების მონახვა და საშუამავლო მომსახურების გაწევა იყო. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ბაზარზე არსებული ქაოტური მდგომარეობის გამო, უმჯობესი იქნებოდა შექმნილიყო არა საშუამავლო, არამედ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც ბაზარზე ქაოსის დარეგულირებას შეძლებდა, ტრანსპორტირებისთვის ინოვაციურ პლატფორმას შექმნიდა და ტვირთის გადაზიდვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდიდა. 
"იდეის გაჩენიდან ძალიან მალე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობა მივიღეთ და პირველი დაფინანსება მოვიპოვეთ, 100 000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მობაილ აპლიკაციის და ვებ პლატფორმის პირველი პროტოტიპი (www.styx.ge) შევქმენით," - ასე იხსენებს კომპანიის პირველ წარმატებულ ნაბიჯებს მისი დამფუძნებელი, თსუ სტუდენტი ალექსანდრე ქურიძე.
www.styx.ge - ციფრულია ბაზარია, სადაც ტვირთის გაგზავნის მსურველებს საშუალება აქვთ ტრანსპორტირების თაობაზე საკუთარი მოთხოვნა განათავსონ. დეტალურად აღწერონ ტვირთის მახასიათებლები: წონა, მოცულობა, ტვირთის სახეობა, მიწოდების პირობა, აღების და მიტანის ადგილები... მეორე მხრივ კი, ტვირთის გადამზიდ კომპანიებს თუ კონკრეტულ პირებს, რომლებიც სისტემაში დარეგისტრირდებიან, საშუალება ექნებათ სისტემაში განთავსებული გადაზიდვის მოთხოვნები დაათვალიერონ და დაინტერესების შემთხვევაში ტვირთის გაგზავნის მსურველებს ტრანსპორტირების სერვისი და ფასი ამავე სისტემაში შესთავაზონ. როგორც თსუ სტუდენტი ამბობს, ეს პროცესი ტვირთის გაგზავნის მსურველის დროს ზოგავს და საშუალებას აძლევს მას, ერთი განცხადების შევსებით ტრანსპორტირების ყველაზე იაფი ტარიფი მოძებნოს.
"ჩვენი მიზანია ტრანსპორტირება საბაზროზე დაბალი ფასი იყოს. ეს კი რამდენიმე შემთხვევაში ხდება: თუ ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი ემთხვევა გადამზიდი კომპანიისა თუ კონკრეტული პირის განრიგს ან თუ გადამზიდს უკვე დაგეგმილი მარშრუტის დროს აქვს ცარიელი სივრცე და უღირს შეავსოს დამკვეთის ტვირთით. არჩევანს თავად დამკვეთი აკეთებს, მას შემდეგ რაც მიიღებს შეთავაზებას სხვადასხვა რეიტინგის მქონე გადამზიდისგან. სისტემაში ასევე ინტეგრირებულია ტვირთის მონიტორინგი და ჭკვიანი დაზღვევა," - გვიხსნის ალექსანდრე ქურიძე.
მას შემდეგ რაც ალექსანდრესა და მისი მეგობრების პროექტმა საწყის ეტაპზე ტესტირება ძალიან წარმატებით გაიარა, კომპანიის დამფუძნებლებმა ტრანსპორტის მართვის გაცილებით უფრო კომპლექსური სისტემის (TMS) განვითარება დაიწყეს. TMS არის ხელსაწყო გადამზიდი კომპანიებისთვის, რომელიც კომპანიის მენეჯერებს პროცესების ეფექტურ მართვაში დაეხმარება. რას გულისხმობს ეფექტური მართვა, ალექსანდრე ასე ხსნის: 
"კომპანიის მენეჯერებს საშუალება მიეცემათ რეალურ დროში ადევნონ თვალი საკუთარი ავტომობილების გადაადგილებას, დაგეგმონ ჭკვიანი მარშრუტები, აწარმოონ დაკვირვება საწვავის მოხმარებაზე, არ ჩამორჩნენ სათადარიგო ნაწილების და ავტოსერვისის განრიგს  და აღრიცხონ ყველა ხარჯი, რომელიც ოპერირებისას წარმოიქმნება. ასევე კონკრეტული დავალებები მისცენ მძღოლებს, რომლებსაც ისინი საკუთარ ტელეფონში დაინახავენ. ბაზრის გაციფრულების გზაზე TMS ძალაინ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება," - ამბობს ალექსანდრე.
გუნდმა TMS-ზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. პროექტი ამჯერადაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ფარგლებში 100 000 ლარის ოდენობით დაფინანსდა და ძალიან მალე პროდუქტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
კომპანია STYX დღეს განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება. 2016 წლიდან დღემდე მუშაობის შედეგად შეიქმნა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი.
"ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი შევიძინეთ. 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე საინვესტიციო რაუნდი გვაქვს გამოცხადებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეძებთ ინვესტორებს. არა უბრალოდ ინვესტორებს, არამედ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად შეძლებენ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის გაზრდას და 2022 წლისთვის STYX უკვე შეძლებს გაფართოვდეს რეგიონში და გახდეს საერთაშორისო კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში უკვე მოხერხდა 1,300,000 ლარის მოზიდვა, საიდანაც 650,000 ლარი ისევ GITA Matching Grants პროექტის გრანტია. ეს თანხა პროდუქტის ფინალურ ეტაპზე მიყვანას და კომპანიის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას მოხმარდება," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია STYX-ის განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად ალექსანდრე ქურიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულების მეოთხე კურსზე სწავლობს და პარალელურად თავის პირველ პროფესიას - სამედიცინო საქმიანობასაც აგრძელებს.
სხვა სტატიები »