ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები - ფარმაცევტულ კვლევებში

თსუ სტუდენტები - ფარმაცევტულ კვლევებში
24 თებერვალი, 2020
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში  სტუდენტები ხშირად გათენებამდეც კი მუშაობენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური ფარმაცევტული კვლევები მიმდინარეობს. 
თსუ სტუდენტები  მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფის საშუალებით, პრეპარატებს უარყოფითი ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე მინარევებისგან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „უკუჩვენებებისა“  და „გვერდითი მოვლენებისგან“ ათავისუფლებენ. 
კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, თსუ  ქიმიური ექსპერტიზის სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტები გიზო დოლიძე, ალუდა ჭელიძე და გიორგი კობიძე გვესაუბრებიან.  სანამ  ერთმანეთს შევხვდებოდით, გავარკვიეთ, რომ ისინი მე-2 კორპუსში განთავსებული რამდენიმე ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან. თუმცა, როგორც მათთან საუბარისას გავიგეთ, ყველაზე დიდ დროს მაინც 255-ე, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ატარებენ.  
***
თსუ მეორე კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში  კვლევითი საქმიანობა  არ შეჩერებულა. სტუდენტები ხშირად გათენებამდეც კი მუშაობენ, ამიტომ გიორგის და გიზოს კარგად იცნობენ თსუ დაცვის თანამშრომლებიც. 
ლაბორატორიაში კვლევა არ წყდება მაშინაც კი,  როცა სწავლა დიდი ხნის დასრულებულია. ზაფხულში 255-ე ლაბორატორიაა მუდმივად ღიაა.  „ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა, ვცდილობთ მაქსიმალურად დიდი დრო გავატაროთ ლაბორატორიაში. არ გვინდა,რომ რაიმე საინტერესო გამოვტოვოთ. ამიტომ, როცა კი დრო გამოგვიჩნდება, სულ აქ ვართ,“- გვიყვება გიზო. 
„კვლევის პროცესი, გარდა იმისა, რომ შემეცნებითია, ძალიან სახალისოცაა. დრო ძალიან სწრაფად გადის, ხანდახან ისე დაგვათენდება, ვერც ვიაზრებთ. ვსაუბრობთ, ვუზიარებთ ცოდნას, განაწილებული გვაქვს ჩვენი მოვალეობები და პასუხისმგებლობები,“- ამბობს გიორგი.
ლაბორატორიაში შესვლამდე თეთრი  ხალათი და ხელთათმანები უკვე გამზადებული აქვთ. ცდილობენ, რომ საუბართან ერთად, მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფში კვლევის პროცესი პრაქტიკაში აღწერონ. 
„ქირალური პრეპარატების უმრავლესობა აფთიაქში ენანტიომერული ნარევების სახით იყიდება. ენანტიომერები  ერთმანეთის ოპტიკურ იზომერებს წარმოადგენენ, აქვთ  ერთნაირი შედგენილობა, როგორც ადამიანის მარჯვენა და მარცხენა ხელს. მაგრამ, მათგან ერთი შეიძლება ხასიათდებოდეს ადამიანებისთვის სასარგებლო, მიზნობრივი ფარმაკოლოგიური თვისებებით, ხოლო მეორე  ტოქსიკური თვისებებით. ჩვენი კვლევების მიზანია, რომ სასარგებლო და ტოქსიკური ნარევები პრეპარატებში ერთმანეთს დავაცილოთ და მხოლოდ დადებითი თვისების მატარებლები  დავტოვოთ.   ჩვენს ლაბორატორიაში მეთოდის ოპტიმიზაციის გზებს ვეძებთ, ვაკვირდებით თერმოდინამიკას, კინეტიკას, იმას თუ როგორი პირობები, კერძოდ, რომელი ქირალური სვეტი, მოძრავი ფაზა და ტემპერატურა არის უკეთესი  ამა თუ იმ ენანტიომერის დასაყოფად,“ - გვიხსნის გიორგი. 
***
მეცნიერებისთვის 1960-იანი წლებიდან გახდა ცნობილი ენანტიომერების უკუჩვენებების შესახებ. ალუდა ჭელიძეს ერთ-ერთი ცნობილი პრეპარატის, თალიდომიდის მაგალითი მოჰყავს. ამ პრეპარატს გასულ საუკუნეში ორსულებს უნიშნავდნენ, პრეპარატის მიღების შედეგად კი  ბავშვები ფიზიკური ნაკლოვანებებით იბადებოდნენ. სწორედ ამ ორი ფაქტის დაკავშირების შემდეგ დაიწყეს მეცნიერებმა გამოსავალზე ფიქრი. 
გიზო ქრომატოგრაფის მუშაობის პროცესს აღწერს. მოძრავი ფაზის საშუალებით საანალიზო ნითიერება გადაადგილდება ქრომატოგრაფიულ სვეტში, რომელშიც ხდება მისი დაყოფა. დაყოფის შემდეგ შესაძლებელია მათი  ცალ-ცალკე შეგროვება.
„პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია. პრეპარატები, რომლებიც ასეა დაყოფილი, ჩვეულებრივთან შედარებით, რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს. მაგალითისთვის, აფთიაქებში ცალკე იყიდება S-ომეპრაზოლი, რომელსაც მოცილებული აქვს მისი R-ენანტიომერი (რომელიც არ გამოირჩევა ფარმაკოლოგიური თვისებით) ,-’’ამბობს გიზო.
გიორგი კობიძე, ალუდა ჭელიძე და გიზო დოლიძე კვლევების შედეგებზე სამეცნიერო სტატიებს წერენ და მაღალრეიტინგულ ჟურნალებში აქვეყნებენ. 2019 წელს იმპაქტფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Chromatography A“ მათი თანაავტორობით  დაიბეჭდა  სამეცნიერო სტატია   „ტემპერატურის გავლენა ენანტიომერების დაყოფაზე დაფენილ და  კოვალენტურდ იმობილიზებულ პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებულ სტაციონარულ ფაზებზე“ (The effect of temperature on the separation of enantiomers with coated and covalently immobilized polysaccharide-based chiral stationary phases“) 
„ჩვენი კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ კონკრეტულ ტემპერატურაზე ენანტიომერების დაყოფის პროცესი იცვლება. რაც გულისხმობს იმას,რომ დადებითი  თვისებების მატარებელ ენანტიომერებს, თუ ისინი, პირველ რიგში, გამოდიან,  შეგროვების პროცესში შეიძლება  უარყოფითი თვისებების მატარებელი ენანტიომერებიც შეერიოს.  ასეთი ანალიზი კი არ გამოდგება. ამიტომ უმჯობესია, ჯერ უარყოფითი თვისებების მქონე ენანტიომერები გამოვიდეს  და შემდეგ დადებითი,“- საუბრობს კვლევის მთავარ მიგნებებზე ალუდა.
თსუ სტუდენტების ლაბორატორიული კვლევები საინტერესოა, როგორც ამ დარგის მეცნიერებისთვის, ისე ფარმაცევტული მრეწველობისთვის.
„ეს ყველაფერი ძალიან ახალია და რაც მთავარია, განვითარებადი. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ მეცნიერებთან კომუნიკაცია. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ვმონაწილეობთ კონფერენციებში, ვუზიარებთ გამოცდილებას, რაც მთავარია, ერთად ვატარებთ კვლევებს და ვწერთ სტატიებს.  ვთვლი, რომ თსუ ფიზიკური და  ანალიზურ  -ქიმიის კათედრის ლაბორატორიებში, ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევების ისტორიის გარკვეულ ნაწილს  ჩვენც  ვწერთ. რაც დრო გავა, მით უფრო განვითარდება ეს დარგი, ამიტომ სასიხარულოა თავი იგრძნო ამ ყოველივეს ნაწილად,“- გვეუბნება გიორგი. ის, გიზო და ალუდა ერთმანეთს ბაკალავრიატის საფეხურიდან იცნობენ. პირველ კურსზე დამეგობრდნენ, მომავალში ამ მიმართულებით კვლევებსაც ერთად გეგმავენ.  გუნდურობა მათი კვლევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც გიზო იხსენებს, ლაბორატორიაში სამუშაოდ ისინი  თსუ პროფესორმა, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საერთასორისო ჟურნალის Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis (Elsevier, Amsterdam, Netherlands)  მთავარმა რედაქტორმა, ბეჟან ჭანკვეტაძემ მიიწვია. 
„ბატონმა ბეჟანმა შემოგვთავაზა ლაბორატორიის კვლევებზე დასწრება.  მე, გიორგი და ჩვენი მეგობარი, ალუდა ჭელიძე ერთად მივედით ლაბორატორიაში და ფაქტობრივად, იმ დღის შემდეგ, არც გამოვსულვართ. აქ სასარგებლო და შედეგიანი მუშაობისთვის ბევრია დამოკიდებული ხელმძღვანელზე და რა თქმა უნდა, სასწავლო-სამეცნიერო გარემოზე. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ უნიკალური კვლევები და მსოფლიოში ამ მიმართულებით აქტუალური კვლევების მაჯისცემაც გვესმოდეს,“- ამბობს გიზო. 
***
სანამ  ვსაუბრობთ, ქრომატოგრაფი ჩვენ თვალწინ  რამდენიმე ნივთიერებას  უარყოფითი მინარევისგან ათავისუფლებს. გიორგი კობიძე და გიზო დოლიძე ლაბორატორიაში რჩებიან. განსაკუთრებულ აღმოჩენას დრო სჭირდება, შეიძლება წლები ან შეიძლება წუთები. ქრომატოგრაფი ხომ მხოლოდ ხელსაწყოა -  „დამხმარე“ საშუალება, მთავარი კი მასში მიმდინარე ქიმიური პროცესია, სადაც ყველაფერი ქიმიის კანონებს ემორჩილება. 

სხვა სტატიები »