ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ არქეოლოგების აღმოჩენა კვიპროსზე და ფაზისის ადგილმდებარეობის საერთაშორისო კვლევის გეგმები

თსუ არქეოლოგების აღმოჩენა კვიპროსზე და ფაზისის ადგილმდებარეობის საერთაშორისო კვლევის გეგმები
26 ნოემბერი, 2019
თსუ არქეოლოგების აღმოჩენა კიპროსზე და ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის კვლევა კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად - თსუ არქეოლოგის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი მნიშვნელოვანი აღმოჩენისა და მომავალში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ გიამბობთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თსუ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კუნძულ კვიპროსზე ერთობლივი ექსპედიცია 2016-2017 წლებში დაიწყო.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუა საუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII-VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.  
„ჩვენი ექსპედიციის დამსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე კვიპროსის არქეოლოგიისთვის. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ, რომ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები დაცული იყოს და შემოვინახოთ, როგორც ნაშთები, რომლებიც საქართველოსა და კვიპროსის სიძველესა და არქეოლოგიას შეემატა ქართველი სამეცნიერო წრეების მოღვაწეობის წყალობით“, - აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი. 
კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეტანის ნებართვა უკვე ითხოვა. არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, თსუ არქეოლოგიური მისიის წევრები შეხვდნენ კვიპროსის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე კვიპროსის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს.
„არქეოლოგიური გათხრები სოფელ სოფტადესის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა, ამ არჩევანს ჰქონდა ორი საფუძველი, პირველი XVI საუკუნის ქრონიკაში (სტეფანე ლუზინიელის მიერ 1580 წელს პარიზში გამოცემული წიგნი „აღწერილობა კუნძულ კვიპროსისა“) სწორედ ეს რეგიონია მითითებული ქართველ სასულიერო პირთა სამოღვაწეო ასპარეზად; მეორე საფუძველის მიხედვით, ჯერ კიდევ 2015 წელს ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების შედეგად მიკვლეული იყო გარკვეული კონსტრუქციის არსებობის მიმანიშნებელი ნაშთები“, - გვეუბნება ვახტანგ ლიჩელი. 
სოფტადესის ნაეკლესიარი, სადაც 2017-2018 წლებში ჩატარდა გამოკვლევები, კვიპროსის სამხრეთ ნაწილში, ქ. ლარნაკას მუნიციპალიტეტში, სოფ. კიტის, დასავლეთით მდებარეობს. მცირე გორაკის თხემზე შემორჩენილია დიდი ნაეკლესიარი, რომლის ფართობიც 252 მ2-ია. კვიპროსზე თსუ არქეოლოგების მნიშვნელოვანი აღმოჩენები 2016-2017 წლებში იწყება. როდესაც თსუ არქეოლოგებმა სოფელ ალამინოსში ქართველი ბერების მიერ აგებულ ნაეკლესიარს მიაკვლიეს. 
„2017 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა მოიპოვა დაფინანსება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ამ პროექტის მიზანია კუნძულ კვიპროსზე არსებული ქართული კერების მოძიება და შესწავლა. ჩვენთან ერთად აქტიურად მუშაობენ თსუ სტუდენტები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ საფეხურს მიეკუთვნებიან. მთავარია ჰქონდეთ საველე სამუშაოების შესაბამისი კვალიფიკაცია. გადაჭრით შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რასაც ხელს უწყობს ის სამუშაოები, რომლებიც გრაკლიან გორაზე მიმდინარეობს“, - ამბობს ვახტანგ ლიჩელი. 

***
ვახტანგ ლიჩელი კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროექტის შესახებ გვიყვება. ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად, კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმუშავებენ. მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან (JAXA - Japan Aerospacve Exploration Agency) და იაპონიის უმსხვილეს მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN-თან. სადაზვერვო გასვლები უკვე განხორციელდა კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე.
პროექტი ძველი ბერძნული კოლონიის, კოლხეთის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ფაზისის დღემდე უცნობი ადგილმდებარეობის აღმოჩენას ეხება. კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-რექტორის, პროფესორ მიზუტანის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე. 
„ფაზისი, როგორც კოლხეთის დაწინაურებული და კულტურულად განვითარებული ქალაქი, ყოველთვის იყო ქართველი და არაქართველი სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ბერძნულ და ლათინურ ლიტერატურაში შემორჩენილია ფაზისის მდებარეობის აღწერა და ამ აღწერის საფუძველზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული ფაზისის ლოკალიზაციის შესახებ. არსებობს 12 ასეთი მოსაზრება, არქეოლოგიურად არც ერთი არ არის დადასტურებული“, - გვიყვება ვახტანგ ლიჩელი.
პირველი სადაზვერვო გასვლა დასრულებულია. როგორც თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვეუბნება, უახლოეს მომავალში პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.
„ჩვენ მივაღწიეთ ფაზისის კვლევის იმ ეტაპს, რომელიც აქამდე არასდროს განხორციელებულა. ამ თვალსაზრისით, ქართველმა მეცნიერებმა, გეოლოგებმა, არქეოლოგებმა (პირველ რიგში, აკადემიკოსმა ოთარ ლორთქიფანიძემ) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. განსაკუთრებული მადლობა ასევე პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას.
იაპონიაში ვორქშოფზე გეომორფოლოგიური და სეისმოლოგიური ანალიზის საფუძველზე წარვადგინე მოსაზრება. მე ჩამომიყალიბდა განსხვავებული მე-13-ე დამოკიდებულება. საუბარია კოლხეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის შესართავზე. შემდგომ საქართველოში ჩვენ გვქონდა სადაზვერვო გასვლა, მოვინახულეთ ყველაზე კრიტიკული ადგილი, სადაც გეომორფოლოგიურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. შევედით ნაკრძალის 10 კმ სიღრმეში, იმისთვის,რომ წარმოგვედგინა ეკო სისტემა, რომელიც 2600 წლის წინ არსებობდა და გაგვემახვილებინა ყურადღება იმ გეომორფოლოგიურ მიგრაციებისთვის, რაც იქ არსებობდა“, - ამბობს ვახტანგ ლიჩელი.
ქართველ და იაპონელ მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შესახებ იდეა 2018 წლის ოქტომბერში, ბრიუსელში, კობეს უნივერსიტეტის ევროპულ ცენტრში ჩატარებულ საერთაშორისო ვოქშოპზე გაჩნდა.

არქეოლოგიური სადაზვერვო გასვლა მდ. ფიჩორის შესართავში. მარცხნიდან: პროფ. სატურო ოიში (კობეს უნივერსიტეტი, იაპონია), პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. აკიო ტომიამა (კობეს უნივერსიტეტი, იაპონია) და პროფ. ჰიროკო მასუმოტო (კობეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, იაპონია).

სხვა სტატიები »