ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები `საფერავის~ სასარგებლო თვისებებს იკვლევენ

თსუ სტუდენტები `საფერავის~ სასარგებლო თვისებებს იკვლევენ
3 ივნისი, 2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის 2019 წლის მეორე ეტაპის შედეგები უკვე ცნობილია. მესამე ეტაპზე განცხადებების მიღება 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება და განხილვა 20 ოქტომბერს დასრულდება. 
წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო წელიწადში 3 ჯერ იკრიბება. 
სტუდენტური საგრანტო კონკურსის ზედიზედ მეორეჯერ გამარჯვებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის, ბიო-ფიზიკის მიმართულების სტუდენტური ჯგუფი. სტუდენტების საკვლევი ობიექტს ქართული ღვინო, `საფერავი~ წარმოადგენს. 
პროექტზე მუშაობა თსუ სტუდენტური საგრანტო კონკურსში გამარჯვებამდე გადაწყვიტეს. პროექტისთვის „საქართველოს აგრარულ ბაზარზე არსებულ `საფერავის~ ღვინის სარეალიზაციო ფასსა და მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს შორის დამოკიდებულების შესწავლა“, სჭირდებოდათ თანამედროვე ძვირადღირებული აპარატურა, რეაქტივები და საკვლევი მასალა.
„დავიწყეთ შესაბამისი დონორი ორგანიზაციების ძებნა და სწორედ ამ დროს შევიტყვეთ უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსის შესახებ. მოვამზადეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და, ყველა სირთულის მოუხედავად, უკან ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს. დავიმსახურეთ შემფასებელი კომიტეტის ყურადღება, რამაც ძალიან გაგვახარა. ჩვენი პროექტი დაფინანსდა და შევძელით იდეები რეალობად გვექცია, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა ჩვენი საქმის საკეთებლად,“ -გვიყვება ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თამუნა მინდორაშვილი. 
 საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ თსუ სტუდენტებმა კვლევის შედეგები საერთაშორისო კონფერენციებზე წარადგინეს, სადაც დარგის ლიდერი მეცნიერებისგან დიდი ინტერესი დაიმსახურეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. 
 „მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენი ქვეყანა ღვინის ტექნოლოგიის 8000 წელს ითვლის. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქვევრის ღვინო“, რომლის დაყენების ტექნოლოგიაც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურია. უკანასკნელ პერიოდში ჩვენივე მიზეზით გამოწვეული გარემოს მავნე ფაქტორებისგან თავის დასაცავად საჭირო გახდა ორგანიზმის დამცავი სისტემების გაძლიერება. ღვინო დღეს უფრო და უფრო ხშირად განიხილება როგორც ფუნქციური საკვები, მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის გამო, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის დამცავი სისტემების ეფექტიანობას საგრძნობლად ამაღლებს.
მიუხედავად ღვინის ასეთი პოპულარობისა, სამწუხაროდ, აღნიშნული თემით არც თუ ისე ბევრი მკვლევარი იყო აქამდე დაინტერესებული. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შეესწავლა ტრადიციული მეთოდები, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა ღვინის ანტიოქსიდანტური (ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ (აფერხებენ ან ანელებენ) დაჟანგვის პროცესებს. ადამიანის და ცხოველების ორგანიზმში ყველა ქსოვილისა და უჯრედის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც იცავენ ბიოლოგიურ სუბსტრატებს დაჟანგვისაგან) შესაძლებლობების შესაფასებლად, ასევე, გვსურდა შეგვექმნა მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯიანი, დროში ნაკლებად გაწელილი მეთოდი, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივასთან შედარებით უფრო მეტად ინფორმტიული იქნებოდა“, _ ამბობს თამუნა. 
პროექტის „საქართველოს აგრარულ ბაზარზე არსებულ `საფერავის~ ღვინის სარეალიზაციო ფასსა და მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს შორის დამოკიდებულების შესწავლა“ ექსპერიმენტებისათვის სტუდენტებმა თსუ-ს ბიოფიზიკის კათედრის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და კვლევითი ლაბორატორია გაიმოიყენეს. 
`დახმარებისთვის, დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ ქუჩუკაშვილს. ჩვენი კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა მეთოდების საშუალებით დაგვედგინა, არსებობდა თუ არა რაიმე სახის კორელაცია ქართული `საფერავის~ ღვინის საბაზრო ფასს და მის პროფილაქტიკურ, ანტიოქსიდანტურ თვისებებს შორის. ჩვენს წინაშე იყო საკმაოდ ბევრი ამოცანა, რომელიც გუნდის წევრების, ანა ალთუნაშვილის, ნინო გერსამიას და დემურ დემურიშვილის დახმარებით წარმატებით გადაიჭრა. დამოუკიდებლად შევარჩიეთ საკვლევი ობიექტები, გამოვიყენეთ ინ ვიტრო და ინ სიტუ მეთოდები და დავაგროვეთ უზარმაზარი მასალა, რომლის გამოყენებითაც მოგვიანებით გუნდის წევრებმა დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები, კვლევის შედეგების წარდგენა მოხდა ასევე საერთაშორისო კონფერენციებზე როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთ. 
რაც შეეხება მიღებულ შედეგებს, აღმოჩნდა, რომ ღვინის ფასი უმეტეს შემთხვევაში არ კორელირებს მის ანტიოქსიდანტურ აქტივობასთან, ანუ მის სამკურნალო თვისებებთან, არამედ, უმეტეს შემთხვევაში ფასდება მხოლოდ საგემოვნო, ორგანოლეპტიკური (სენსორული) თვისებების მიხედვით. ხშირად, საშუალო ან დაბალი ფასის მქონე ღვინოები მსგავსი, ან შესაძლოა მეტად გამოხატული ანტოქსიდანტური თვისებებითაც ხასიათდება. აღნიშნულმა პროექტმა უზარმაზარი ინფორმაცია მოგვცა ღვინის პროფილზე და მის ანტიოქსიდანტურ თვისებებზე, რაც არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას.
კვლევის შედეგები წარვადგინეთ საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც დიდი ინტერესი დავიმსახურეთ, მივიღეთ შემოთავაზებები ფეროში მოღვაწე ლიდერი მეცნიერებისგან. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმული იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ კვლევა გაგვეგრძელებინა და კიდევ ერთხელ შეგვეთავაზებინა უნივერსიტეტისთვის ჩვენი იდეები. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფირმის ღვინის ეტიკეტზე არ არის მითითებული მასში ფენოლური ნაერთების შემცველობა, ან ზოგადი ანტიოქსიდანტური უნარი, რაც მიანიშნებდა მის სამკურნალო _ პროფილაქტიკურ შესაძლებლობებზე,“ _ ამბობს თამუნა. 
სტუდენტური ჯგუფის წევრებმა ხელმეორედ შეიტანეს უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში საპროექტო წინადადება. ისინი ფიქრობენ, რომ კვლევა, გარდა მომხმარებლისა, საინტერესო იქნება მეწარმეებისთვისაც. 
„შესაძლებელია მსგავსი ინფორმაცია დატანილი იქნას ეტიკეტზე, რაც საბოლოო ჯამში ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბოლოს გამოცხადებული უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კვლავ შევიტანეთ საპროექტო წინადადება და მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ თემატიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტუდენტური გრანტი დავიმსახურეთ, რომელსაც გაუძღვება ჩვენი გუნდის წევრი ნინო გერსამია. ჩვენი ჯგუფი უკვე 4 წელზე მეტია ამ თემაზე მუშაობს და არ ვაპირებთ გაჩერებას, სტიმულს გვაძლევს უნივერსიტეტის დაინტერესება ჩვენი საქმისადმი და რაც მთავარია ჩვენი საქმის სიყვარული. თუ გაქვთ იდეა, გყავთ გუნდი, ეძებთ რესურსებს თქვენი იდეების დაფინანსებისთვის, მაშინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების კონკურსი არაფრით არ უნდა გამოტოვოთ. უნივერსიტეტს ჰყავს შესანიშნავი გუნდი ამ სფეროში, რომლიც მუდამ მზად არის დაგვეხმაროს, ნებისმიერი ინფორმაციით. გამოიყენეთ ყველა შანსი თქვენს სასარგებლოდ და შეცვალეთ რეალობა უკეთესობისკენ.
იყო სტუდენტი, სულაც არ არის ადვილი საქმე. ყოველდღიურად უამრავ წინააღმდეგობას ვხვდებით, გვიწევს ბევრი ისეთი საქმის კეთება, რაც ყოველთვის შეუძლებელი გვეგონა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს დრო მოდუნების, რადგან სტუდენტური წლები საუკეთესოა ჩვენი შესაძლებლობების გამოსავლენად, ყოველი შანსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არასდროს მისცეთ თავს დანებების უფლება, გახსოვდეთ, მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე და შეუძლებელი არაფერია,“ _ ამბობს თამუნა მინდორაშვილი.

სხვა სტატიები »