ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კვლევითი ცენტრები

კვლევითი ცენტრები
3 ნოემბერი, 2018
მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (თსუ მეფი) შეიქმნა 1980 წელს მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების იდეა აკადემიკოსებს ნოდარ ამაღლობელს, ალბერტ თავხელიძეს, თეიმურაზ კოპალეიშვილსა და რევაზ სალუქვაძეს ეკუთვნოდათ. დაარსების დღიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ნოდარ ამაღლობელი, 1996 წლიდან ალბერტ თავხელიძე, ხოლო 2004 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი მიხეილ ნიორაძე.

ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა ძირითადად სრულდება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო კავშირში, როგორიც არის: ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN, ჟენევა, შვეიცარია); იულიხის კვლევების ცენტრი (იულიხი, გერმანია); ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, რუსეთი).

თსუ მეფი-ს სამეცნიერო თემატიკიდან შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება. ინსტიტუტის ფიზიკოსები მონაწილეობენ CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში. ინსტიტუტის ფიზიკოსთა ჯგუფი ATLAS ექსპერიმენტში მონაწილეობს კოლაბორაციის დაარსების პირველივე წლებიდან (1994 წლიდან). მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ATLAS დანადგარის Tail-კალორიმეტრის შექმნაში და ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებასა და ანალიზში. თსუ მეფის ფიზიკოსები CERN-თან თანამშრომლობით 2017 წლიდან 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის ატარებენ მასტერკლასებს ნაწილაკების ფიზიკაში.

ინსტიტუტს გააჩნია ოცდახუთწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტთან. 2004 წლიდან თსუ მეფი-სა და იულიხის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, ყოველ 2 წელიწადში სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით ტარდება კონფერენცია ფუნდამენტურ მეცნიერებებში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სახელწოდებით. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებულია 9 სამაგისტრო და 5 სადოქტორო ნაშრომი. იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის, თსუ-ს და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა ე.წ. Smart|EDM-Lab ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. JEDI საერთაშორისო კოლაბორაცია იულიხის COSY ამაჩქარებლის ბაზაზე შეუდგა აკრძალული მოვლენის, დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ძიებას. თსუ მეფი არის კოლაბორაციის წევრი მისი დაარსებიდან და პასუხისმგებელია ექსპერიმენტისათვის კრიტიკული ხელსაწყოს, პოლარიმეტრის პროექტირებასა და შექმნაზე.

KM3NeT საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც 15 მონაწილე ქვეყანას აერთიანებს, ხმელთაშუა ზღვაში ნეიტრინული დეტექტორების საშუალებით ატარებს კვლევებს ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში, ასევე ზღვის შემსწავლელ მეცნიერებებში. ამ თანამშრომლობას თსუ მეფი შეუერთდა 2017 წელს. თსუ მეფი-ს ჯგუფი მონაწილეობს პროექტის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, კომპიუტერულ სიმულაციებში, ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებასა და ანალიზში.

ინსტიტუტი ჩართულია თსუ ფიზიკის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში. თსუ მეფი სამეცნიერო პუბლიკაციებითა და ციტირების ინდექსით ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტია ქვეყანასა და რეგიონში.

   

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი 1950 წლის დეკემბერში დაარსდა. ინსტიტუტის დაარსების იდეა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა. 1999 წელს ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა.

სხვადასხვა დროს ფიზიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოსები: ელეფთერ ანდრონიკაშვილი, გიორგი ხარაძე.

2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა გელაშვილი.

ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკა და ბირთვული ფიზიკა.

1992 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტს მიღებული აქვს 90-ზე მეტი საერთაშორისო, 100-ზე მეტი ადგილობრივი და 50-ზე მეტი ინდივიდუალური გრანტი.

პირველი საერთაშორიო კონფერენცია ინსტიტუტში 1955 წელს ჩატარდა, მას შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტი სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ფიზიკის ინსტიტუტი ყოველწლიურად საშუალოდ 125-მდე ნაშრომს აქვეყნებს. ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან (ბრაზილია, ჩეხეთი, ლატვია, იაპონია, უკრაინა).

ინსტიტუტის მეცნიერები ჩართული არიან მაგალითად, ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN - ცერნი, შვეიცარია, ქ. ჟენევა) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტი.

ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების საფუძველზე, ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ გამოყენებითი კვლევების მიმართულებითაც. მაგალითად, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ავტოტრანსპორტის მავნე, ტოქსიკური გამონაბოლქვის შემცირება ნანოტექნოლოგიის კომბინირებული მეთოდების გამოყენებით, რადიაციულად მდგრადი კონსტრუქციული კერამიკის დამუშავება ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ფრიქციული კვანძებისათვის (საცდელი ნიმუშის შექმნა და გამოცდა) და სხვა.

მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი

მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი 1933 წელს დაარსდა. ინსტიტუტის დაარსებას საფუძვლად დაედო მეოცე საუკუნის დასაწყისში გაძლიერებული გეოფიზიკური მოვლენების რაოდენობრივი შეფასების ტენდენცია და კავკასიის რეგიონში პირველი ობსერვატორიის დაარსება.

გეოფიზიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიცაა: ნიკოლოზ მუსხელიშვილი, მიხეილ ნოდია, ალექსანდრე ბუხნიკაშვილი, ამირან ქარცივაძე, ბენო ბალავაძე, მერაბ ალექსიძე და სხვები.

2007 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია მეცნ. აკად. დოქტორი ნუგზარ ღლონტი.

დღეს გეოფიზიკის ინსტიტუტში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს შემდეგი სექტორები: გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი; სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი; დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი; ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი; გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი; დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია; კოსმოფიზიკური ობსერვატორია; კოსმოსური კვლევის ცენტრი; ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორი; ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი. გეოფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო (NATO, ევროსაბჭოს) და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში. მიღებული აქვს და წამატებით დაასრულა 50 -ზე მეტი საგრანტო პროექტი. ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რამდენიმე გრანტი. მათ შორის წარმატებით სრულდება ახალი აპარატურის შექმნის პროექტი - ღვარცოფების/მეწყრების ადრეული შეტყობინების ტელემეტრული სისტემა (აშტს). წარმატებით მიმდინარეობს ასევე ნატოს საგრანტო პროექტი: „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებებისგან“.

გეოფიზიკის ინსტიტუტს მჭიდრო სამეცნიერო კავშირი აქვს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებთან (ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ბულგარეთი, უკრაინა).

მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტმა დაარსების დღიდან დღემდე გამოაქვეყნა ინსტიტუტის 60-მდე შრომათა კრებული, 70-ზე მეტი მონოგრაფია, გამოჩენილი მეცნიერების ბიბლიოგრაფიები და სხვა.

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი


ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი დაარსდა 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის კათედრების ბაზაზე. ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი იყო აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი, რომელიც 29 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტს. ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: თეოფანე დავითაია, დავით წერეთელი, ალექსანდრე ასლანიკაშვილი, ლევან მარუაშვილი, ვახტანგ ჯაოშვილი, ზურაბ ტატაშიძე, არჩილ კიკნაძე და სხვ.

2007 წლიდან დღემდე გეოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი ნანა ბოლაშვილი.

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს ბუნებრივი რესურსების შეფასება, ბუნების სტიქიური მოვლენების, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემებისა და პერსპექტივების, საქართველოს თანამედროვე და ისტორიული კლიმატის ცვლილების დინამიკის, წყლის რესურსების, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფო და ლითოდინამიკური პროცესების, თოვლ-მყინვარების, კარსტული მღვიმეების, პალეოგლაციოლოგიური და პალეოგეომორფოლოგიური კვლევები; ლანდშაფტების ტრანსფორმაციისა და დინამიკის, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი, საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა, გეოგრაფიული რუკებისა და ატლასების შედგენა და სხვ.

ინსტიტუტის მეშვეობით გამოიცა მრავალი მეცნიერული ნაშრომი და მონოგრაფია, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მომზადდა სახელმძღვანელოები საშუალო და უმაღლესი სკოლებისათვის. ინსტიტუტი დაარსებისთანავე გამოსცემს თემატურ რუკებსა და  ატლასებს, მათ შორის აღსანიშნავია: საქართველოს სსრ ატლასი (ქართულ და რუსულ ენებზე), საქართველოს სსრ კურორტებისა და საკურორტო რესურსების ატლასი (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე), საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი, ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, საქართველოს ეროვნული ატლასი და სხვ. ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ კუბის ატლასის, მსოფლიოს თოვლ-მყინვარული რესურსებისა და მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შედგენაში.

ინსტიტუტში ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, ეწყობა გამოფენები. ბოლო წლებში შესრულდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროექტი, მათ შორის აღსანიშნავია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარმატებულ პროექტად აღიარებული: „საქართველოს ტერიტორიაზე კარსტული ფენომენების ფორმირების (გენეზისის) პირობების დადგენა და გამოვლენილი მღვიმური სისტემების ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები“ (2014-2017); სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები: „ჭიათურის დაბინძურებული სასმელი წყლის მონიტორინგი“ და „სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები“; იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მიმდინარე პროექტი: “შესაძლებლობების განვითარება პარტნიორობის საფუძველზე განხორციელებული პროექტების საშუალებით”, დამფინანსებელი: გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტრო.

2018 წელი ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ - სხვა სიახლეებთან ერთად, ეს წელი ორი ატლასის გამოცემით აღინიშნა. ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი ინგლისურენოვანი „საქართველოს ეროვნული ატლასი“, გამომცემლობა Steiner-Verlag-ი და „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“, გამომცემლობა პალიტრა L. მომზადდა გამოსაცემად მონოგრაფია „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (ინგლისურ ენაზე), გამომცემლობა Springer-ი.

http://geography.tsu.ge/

კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი

ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი, დაფუძნდა 1929 წელს აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის მიერ სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა აღმოსაჩენად, შესასწავლად და ასათვისებლად. ამჟამად ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას გამოყენებითი გეოლოგიის დარგში, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნისათვის აუცილებელი მინერალური რესურსების შესწავლასა და მათი გადამუშავების ტექნოლოგიურ პრობლემატიკაზე, გეოლოგიური გარემოს, მათ შორის ლანდშაფტების გეოქიმიის შესწავლასა და გეოეკოლოგიურ კვლევებზე.

მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი რეგიონში აწარმოებდა მინერალურ რესურსებთან დაკავშირებულ კვლევებს და ინტენსიურად თანამშრომლობდა მეზობელ ქვეყნებთან (უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი და ა.შ.), რომელიც ამჟამადაც ხორციელდება. ინსტიტუტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უმაღლეს დონეზე შეუძლია შეასრულოს სახელმწიფო და კერძო დავალებები და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებებს.

ინსტიტუტს, თავისი არსებობის მანძილზე, საკუთარი კვლევებით, მოპოვებული აქვს მდიდარი ფაქტობრივი მასალა, კავკასიის რეგიონში არსებული სხვადასხვა სახის სასარგებლო ნამარხების გეოლოგიურ შესწავლასა და მათი გადამუშავების ტექნოლოგიურ კვლევებზე. ინფორმაცია დაცულია საქართველოს გეოლოგიურ ფონდში.

ინსტიტუტის საქმიანობა მრავალი წელია გასცდა კავკასიის ფარგლებს. მას მჭიდრო კავშირები აქვს დამყარებული თურქეთის, ჩეხეთის, ისრაელის, ირანის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბიზნეს-სტრუქტურებთან. იგი აქტიურად არის ჩართული ირანში – მივერუდის საბადოს გეოლოგიურ-გეოფიზიკურ შესწავლასა და სათანადო რეკომენდაციების გაცემაში. ინსტიტუტის ქიმიური და ტექნოლოგიური პროფილის განყოფილებებში ტარდება საბადოს ოქროსშემცველი მადნების გამდიდრება და გამდიდრების პროდუქტების ნივთიერი შედგენილობის დადგენა, რის საფუძველზეც ირანში მიმდინარეობს სამუშაოები მივერუდის საბადოს ბაზაზე მსხვილი სამთო კომბინატის დასაპროექტებლად.

ინსტიტუტის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციამ – Business Initiative Directions (B.I.D.), რომელმაც თავისი პრიზით (ოქროს ნომინაციაში), ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, დააჯილდოვა ინსტიტუტი სამუშაოების მაღალხარისხიანად შესრულებისათვის. ამასთან ინსტიტუტს მიენიჭა ამ ორგანიზაციის საპატიო წევრის სტატუსი ხმის უფლებით გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ასევე, ბიზნესის მსოფლიო კონფედერაციამ (აშშ, ჰიუსტონი) დააჯილდოვა ინსტიტუტი და აირჩია თავის ელიტარულ წევრად.

დღეისათვის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ფუნქციონირებს 10 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, რომელიც მუშაობს დიდი სამეცნიერო პროექტის – „საქართველოს მინერალური ნედლეულის, მათ შორის ოქროს, ფერადი ლითონების, სამშენებლო მასალების, სანახელაო ქვების, მყარი საწვავი წიაღისეულის და საწვავი გაზის პოტენციალის გეოლოგიური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური შეფასება – საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის კონიუქტურული საფუძვლების ანალიზითა და საინვესტიციო წინადადებების ფორმირებით“, შესრულებაზე.

ინსტიტუტის საგამოცდო ცენტრს – „გეოანალიტიკა“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი.

ინსტიტუტი სამეურნეო-სახელშეკრულებო საქმიანობით ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას.

უნივერსიტეტთან მიერთების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საწარმოებთან დადებული ხელშეკრულებითი სამუშაოების შესრულების შედეგად, მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში შემოსულია დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი.

ასევე, ამ დროისათვის, ინსტიტუტს მოგებული აქვს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული ცხრა ელექტრონული ტენდერი.

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი

1925 წ. 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე პროფესორ ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი - ამ პროფილის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ინსტიტუტში მალევე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა, რომლის შემქმნელებად ითვლებიან ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე და კალისტრატე გაბუნია.

50-იან წლებში ინსტიტუტის მეცნიერთა გამოკვლევები გამოქვეყნდა ფუნდამენტური მონოგრაფიების სახით გეოლოგიის სხვადასხვა სპეციალობაში, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების დეტალური შესწავლისათვის.

2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ წუწუნავა ხელმძღვანელობს.

ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით. ინსტიტუტში ფუნქციონირებს ხუთი სამეცნიერო განყოფილება, რომლებშიც მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო პრობლემების დამუშავება: საქართველოს მეზოზოური და კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია, საქართველოსა და მომიჯნავე რეგიონების გეოლოგიური და გეოდინამიკური ევოლუცია, ტექტონიკური სტრუქტურების და მათი წარმოშობის მექანიზმის კვლევა, დედამიწის ქერქის უახლესი მოძრაობების ხასიათისა და სიჩქარის დადგენა, მაგმატიზმისა და მეტამორფიზმის კვლევა, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური შესწავლა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა.

გეოლოგიის ინსტიტუტის აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაზე მეტყველებს ბოლო 3 წლის მონაცემები:

• შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 7 და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების 4 საგრანტო პროექტი;
• განხორციელდა 31 სამეცნიერო კვლევა;
• საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 73 სტატია, 2 საერთაშორისო რუკა, 5 მონოგრაფია, 1 ლექსიკონი;
• თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 92 საერთაშორისო კონფერენციაში.

უკანასკნელ წლებში გეოლოგიის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა უახლესი აპარატურით აღჭურვილი გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, სადაც კვლევა მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ინსტიტუტის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: ტრანსკავკასიური რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შახ-დენისის გაზსადენის ტრასების და ჰიდროელექტროსადგურების გეოლოგიური და სეისმოტექტონიკური პირობების დადგენა, მსხვილი სამშენებლო ობიექტების გეოეკოლოგიური პირობების განსაზღვრა და სხვა. ინსტიტუტის მიერ შედგენილია (1: 200 000) და (1: 500 000) საერთაშორისო რუკების ციფრული ვერსიები და აგრეთვე, სხვადსხვა მასშტაბის ციფრული რუკები საქართველოს ტერიტორიის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისთვის. ინსტიტუტი გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებსაც აწარმოებს.

ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში; აქვთ პროფესიული კავშირები მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო ცენტრთან; მათ მიერ მოპოვებულია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი; მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები და ჯილდოები; ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს მაღალი მეცნიერული პოტენციალი გააჩნია. მეცნიერ-თანამშრომელთა შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 5 წევრია. ინსტიტუტში ტრადიციულად იზრდება ახალგაზრდა კადრები.
ინსტიტუტს გააჩნია უძველესი და მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 1932 წლიდან გამოსცემს პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შექმნილია უნიკალური პალეონტოლოგიური მონოგრაფიული მუზეუმი.


შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი


შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 1942 წლის 13 აგვისტოს დაარსდა. ინსტიტუტის მთავარი მიზანი იყო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორის საკითხების კვლევა და გამოქვეყნება, მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესწავლა, სამეცნიერო ლიტერატურული მემკვიდრეობის განხილვა, ქართული ლიტერატურის ისტორიის სრულყოფილი სამეცნიერო კურსის შედგენა. 

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მეცნიერები: კორნელი კეკელიძე, შალვა რადიანი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ციციშვილი, სარგის ცაიშვილი, გიორგი მერკვილაძე, გურამ ბარნოვი, გურამ ბენაშვილი. 2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნეირებათ დოქტორი, პროფესორი ირმა რატიანი.

დღეს, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი თანამედროვე ტიპის კვლევითი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულებაც არის ქართული ლიტერატურის, ლიტერატურის თეორიისა და ფოლკლორის მიმართულებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების წარმოება, ამ კვლევების შედეგების პრაქტიკაში დანერგვა და ინტერნაციონალიზაცია. გარდა ამისა, ინსტიტუტი მიზნად ისახავს და ახორციელებს საკმაოდ რთულ სამეცნიერო ამოცანას: საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში დამკვიდრებული ტენდენციური შეხედულებების აღმოფხვრასა და ქართული ლიტერატურის ისტორიის გადააზრებას იდეოლოგიისაგან თავისუფალ ლიტერატურათმცოდნეობით ჭრილში.

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე სამი სამეცნიერო განყოფილება ფუნქციონირებს: ქართული ლიტერატურის, ფოლკლორისა და ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილებები; მუშაობს სამი სამეცნიერო ცენტრი: რუსთველოლოგიის, გალაქტიონოლოგიისა და ტექსტოლოგიის.

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში – „სჯანი“, რომელიც ინდექსირებულია ERIH PLUS ბაზაში და სხვა საერთაშორისო სამცნიერო ბაზებში. გარდა ამისა, ინსტიტუტის უკვე ტრადიციული და ავტორიტეტული პერიოდული გამოცემებია: სამეცნიერო შრომების ყოველწლიური ჟურნალი – „ლიტერატურული ძიებანი“, სამეცნიერო შრომების კრებულები - „რუსთველოლოგია“, „ქართული ფოლკლორი“, „გალაკტიონოლოგია“, „კრიტიკა“.

ბოლო ათი წლის განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა 30-ზე მეტი სამეცნიერო საგრანტო პროექტი მოიპოვა, ადგილობრივი და საერთაშორისო. ინსტიტუტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე თაობათა კავშირია: ინსტიტუტში დამსახურებული მეცნიერების მხარდამხარ მუშაობენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც ჩართულნი არიან ინსტიტუტის კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.

ინსტიტუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენს კვლევის შედეგების გადაცემა ახალგაზრდა თაობისათვის. ინსტიტუტში, სხვადასხვა განყოფილებებსა და ცენტრებში, დასაქმებულნი არიან დოქტორანტები, სტაჟირებას გადიან ახალგაზრდა მეცნიერები; სამეცნიერო მონოგრაფიების გარდა, იწერება სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის, ითარგმნება ქრესტომათიული მნიშვნელობის ტექსტები.

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2007 წლიდან დღემდე ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა თემასა და საკითხს ეთმობა. სიმპოზიუმზე ყოველწლიურად 20-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. სიმპოზიუმის მასალები, 2012 და 2016 წელს, სამეცნიერო წიგნების სახით, გამოსცა პრესტიჟულმა საგამომცემლო სახლმა - Cambridge Scholars Publishing. 2012 წლის კრებული - „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება“ - იყო ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლის პირველი მასშტაბური საერთაშორისო პუბლიკაცია, პირველი მასშტაბური გასვლა თანამედროვე საერთაშორისო ფილოლოგიურ სივრცეში. ბოლო ხანს ჩატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია 2017 წლის სიმპოზიუმი, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს მიეძღვნა; 2018 წელს კი, 26-28 სექტემბერს, დაგეგმილია მეთორმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მთავარი თემაა სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და მეოცე საუკუნის მწერლობა. სიმპოზიუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

http://www.litinstituti.ge/index.htm

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი


არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დაარსდა 1941 წელს აკად. ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. სხვადასხვა დროს ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ ენათმეცნიერები: სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ივანე გიგინეიშვილი, ქეთევან ლომთათიძე (არჩეულ იქნა ორჯერ), ვლადიმერ ფანჩვიძე, ბესარიონ ჯორბენაძე... ასევე (უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში): გუჩა კვარაცხელია, ლალი ეზუგბაია, ავთანდილ არაბული.

2017 წლიდან დღემდე ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა მაჭავარიანი.

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართულ ენას შეისწავლიან როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ჭრილში; ქართულ ენასთან ერთად, აქ ასევე იკვლევენ სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური/ლაზური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკის, დიალექტოლოგიის, ნორმატიულობისა და ტერმინოლოგიის; ასევე – ზოგადი ენათმეცნიერების, ლექსიკოლოგია–ლექსიკოგრაფიის, ენის კომპიუტერული დამუშავების საკითხებს.
ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც იბერიულ-კავკასიური ოჯახის 30-ზე მეტი ენა შეისწავლება (ამათგან დამწერლობა მხოლოდ 15-ს აქვს).

კვლევის შედეგები ქვეყნდება როგორც ცალკეული მონოგრაფიების სახით, აგრეთვე – სამეცნიერო კრებულებში.

არსებობის 77 წლის მანძილზე ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა ასობით ლექსიკონი (სხვადასხვა სახის ორთოგრაფიული, ტერმინოლოგიური, დიალექტოლოგიური სახის ლექსიკონები...), კრებული, მონოგრაფია...

არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით ინსტიტუტში შეიქმნა რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, რომლის ახალ რედაქციაზეც დღეს ენათმეცნიერთა ახალი პლეადა მუშაობს (ჯერჯერობით გამოსულია 3 ტომი).

ამავე ინსტიტუტში ვარლამ თოფურიასა და ივანე გიგინეიშვილის რედაქტორობით შეიქმნა და გამოიცა პირველი ნორმატიული ხასიათის ლექსიკონი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“.

ენათმეცნიერების ინსტიტუტი ყოველ წელს გამოსცემს რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალს.

ინსტიტუტის თანამშრომლები ყოველწლიურად იღებენ საგრანტო დაფინანსებას, როგორც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო, ისე სხვა (უცხოური) ფონდებიდანაც.

ინსტიტუტში ყოველწლიურად იმართება მრავალი საინსტიტუტო თუ საერთაშორისო სიმპოზიუმი, სესია, კონფერენცია, კონგრესი. ღონისძიებებში მონაწილეობენ ჩრდილოკავკასიელი, ევროპელი, ამერიკელი და აღმოსავლეთის ქვეყნების მეცნიერები.
სხვადასხვა სესიებთან ერთად, წელს ინსტიტუტში გაიმართება ორი საერთაშორისო კონფერენცია:
1. ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც არნ. ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავს ეძღვნება და რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა;
2. საერთაშორისო კონფერენცია: ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებასთან. დღესდღეობით აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს თანამშრომლობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან.

http://ice.ge/of/

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დაწესებულებაა, რომელიც 1917 წლის 1 ივლისს, ნიკო მარის მიერ დაარსებული „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტიდან“ იღებს სათავეს. არსებობის მანძილზე, ინსტიტუტის სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1964 წელს ინსტიტუტს ეწოდა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი,“ ხოლო 2006 წლიდან - „სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.“ ინსტიტუტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, დავით მუსხელიშვილი, ვაჟა კიკნაძე; ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია გიორგი ჭეიშვილი.

ინსტიტუტში დაარსებისთანავე მიმდინარეობდა მრავალფეროვანი კამერალური და საველე კვლევა-ძიება, ისტორიული ხასიათის მასალის შეგროვება, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა.


დღეს ინსტიტუტში მოქმედებს 6 განყოფილება: ძველი ქვეყნების ისტორიის, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის, ახალი და უახლესი ისტორიის, საქართველოს ეთნოლოგიის, კავკასიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია. ბიბლიოთეკა განთქმულია მდიდარი წიგნადი ფონდებით; მნიშვნელოვანი აქტივია ისტორიული და ეთნოლოგიური არქივი. მიმდინარეობს მუშაობა ანთროპოლოგიური მუზეუმის შესაქმნელად.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გამოდის პერიოდული გამოცემები: „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, „ქართული წყაროთმცოდნეობა,“ „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი,“ „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული.“

დაარსების დღიდან ინსტიტუტი მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში. ბოლო პერიოდში, ინსტიტუტში გამართული საერთაშორისო კონფერენციებიდან აღსანიშნავია: „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“ და „კავკასიის ანთროპოლოგია და ეთნოლოგია“, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და თსუ-ს მონაწილეობით ჩატარდა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016-2017 წწ-ში ინსტიტუტში განხორციელდა 3 პროექტი.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ბოლო წლებში გამოცემული ნაშრომებია: „ოსთა წინაპრები ძვ.წ. VII-ახ.წ. XV საუკუნეებში“ (გოილაძე), „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში (სამეცნიერო ლიტერატურისა და დოკუმენტების მიხედვით)“ (ჭუმბურიძე, კიკნაძე, ქოქრაშვილი, სარალიძე), „ქუეყანა ანისისა (ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი)“ (ჭეიშვილი), „ქართული ხალხური მედიცინა“ (მინდაძე), „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა“ (ღამბაშიძე, ალავერდაშვილი), „Traditional Law in the Caucasus, Local Legal Practices in the Georgian Lowlands“ (ჯანიაშვილი, ჯალაბაძე... გამოიცა გერმანიაში), „დვალეთი და დვალები“ (რ. თოფჩიშვილი) და სხვა.

ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია თანამშრომლობს: ვენეციის Ca’Foscari–ს, Aix-Marseille-ს, პენსილვანიის (პროექტი: „საქართველოში გენეტიკური მრავალფეროვნება კავკასიის მოსახლეობის ცვალებადობის ფონზე“, 2012-2018) უნივერსიტეტებთან.

ინსტიტუტის თანამშრომელთა ციტირების მაჩვენებელი Scopus-ის მიხედვით არის 12, Google scholar-ის მიხედვით - 285.

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

1933 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნ. მუსხელიშვილის დირექტორობით მათემატიკის, ფიზიკის და მექანიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა. 1935 წლის 1 ოქტომბერს ნ. მუსხელიშვილის და მისი კოლეგების ვ. კუპრაძისა და ი. ვეკუას ინიციატივით ზემოხსენებული ინსტიტუტის მათემატიკისა და მექანიკის განყოფილება მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფ მათემატიკის ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1944 წელს ინსტიტუტს ანდრია რაზმაძის სახელი მიენიჭა. 2011 წლიდან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია. სხვადასხვა დროს მათემატიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მეცნიერები: ვიქტორ კუპრაძე, ნიკო მუსხელიშვილი, ვლადიმერ ჭელიძე, ნიკო ვეკუა, ივანე კიღურაძე. 2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია ნინო ფარცვანია.

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად, ინსტიტუტში 9 სამეცნიერო განყოფილებაა: ალგებრის, მათემატიკური ლოგიკის, გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათემატიკური ანალიზის, დიფერენციალური განტოლებების, მათემატიკური ფიზიკის, დრეკადობის მათემატიკური თეორიის, თეორიული ფიზიკის და ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის.

ინსტიტუტი გამოსცემს სამ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს: „ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“ (გამოდის 1937 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში), „საქართველოს მათემატიკური ჟურნალი“ (გამოდის 1994 წლიდან, გამოსცემს DE GRUYITER, 2008 წლიდან აქვს იმპაქტ-ფაქტორი) და „მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“ (გამოდის 1994 წლიდან, განთავსებულია SCOPUS-ის ბაზაში).

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს აქვს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც ინსტიტუტი სამეცნიერო ჟურნალების გაცვლას აწარმოებს უცხოეთის 100-მდე სამეცნიერო დაწესებულებასთან.
ინსტიტუტში ყოველწიურად ტარდება თსუ ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია (http://rmi.tsu.ge/geo/conf), საერთაშორისო ვორკშოპი დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივ თეორიაში – QUALITDE (http://rmi.tsu.ge/eng/QUALITDE.htm; ISSN 1512-3391), და ასევე სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმები.

ინსტიტუტს მოპოვებული აქვს 70-ზე მეტი გრანტი საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებიდან (INTAS, CRDF, ISF, DFG, The Royal Society, NATO Science Fellowships Program, Eurasia Foundation, Australian Research Council, SCOPE, Swiss National Science Foundation, Volkswagen Foundation, Heisenberg-Landau Program, Grant of the Government of Italy for Young Scientists, etc.) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 30-ზე მეტი გრანტი.

ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 130-ზე მეტი მონოგრაფია (North-Holland, Pitman, P. Noordhoff-Groninger-Holland, Longman, Birkhauser, Kluwer, World Scientific, Cambridge University Press, etc.) და ბოლო 10 წელიწადში 900-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის თითქმის ნახევარი იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში.

ინსტიტუტის თანამშრომლებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის 30-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან, რაც გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებას, სამეცნიერო ვიზიტებს, ერთობლივი კონფერენციების მოწყობას და ა. შ.

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ზედიზედ სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებად მათემატიკისა და ფიზიკის დარგში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ (2008 წ., 2009 წ., 2010 წ.).

http://rmi.tsu.ge

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1968 წლის 27 ოქტომბერს დაარსდა აკადემიკოს ილია ვეკუას ინიციატივით. ინსტიტუტის შექმნას საფუძვლად დაედო კომპიუტერული ტექნიკის და კვლევის ახალი ტენდენციების ინტენსიური განვითარება, ქართველი მათემატიკოსებისა და მექანიკოსების მსოფლიოში აღიარებული წარმატებები, მიზანი კი იყო სამეცნიერო კვლევისა და სას-წავლო პროცესის ინტეგრაცია. ინსტიტუტს მისი დამაარსებლის ილია ვეკუას სახელი 1978 წელს მიენიჭა. სხვადასხვა დროს ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ილია ვეკუა, ანდრია ბიწაძე, დავით გორდეზიანი. 2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის ხელმძღვანელია გიორგი ჯაიანი.

ინსტიტუტის შექმნისთანავე, მის მთავარ ამოცანად იქცა გამოყენებითი მათემატიკის აქტუალური პრობლემების კვლევა, კვლევით სამუშაოებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართვა, უნივერსიტეტში არამათემატიკურ სამეცნიერო დარგებში მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების ხელისშეწყობა.

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია: უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები; მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა; დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია; ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან ერთობლივად ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამების, საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტების (პროექტების) ფარგლებში.

ინსტიტუტში ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტრანტები ასრულებენ ლაბორატორიულ სამუშაოებს, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს. ბოლო 10 წლის მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომლების ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის დოქტო-რანტების მიერ დაცულ იქნა 12 დისერტაცია. დისერტანტების უმრავლესობა მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში დასაქმებული იყო ინსტიტუტში. ამჟამად 9 მათგანი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია. ამავე პერიოდში ინსტიტუტს მოპოვებული აქვს საერთაშორისო ფონდების (INTAS, CRDF/GRDF, FP7, STCU, ECONET და სხვა) დაფინანსებით 13 გრანტი (პროექტი) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით 30 გრანტი (პროექტი).

დღეს ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სახელით, 6 დასახელების რეფერირებად და რეცენზირებად ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემს. მათგან ორი დაკავშირებულია ინსტიტუტის ბაზაზე ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ეგიდით მოქმედ თბილისის საერთაშორისო ცენტრთან მათემატიკასა და ინფორმატიკაში (TICMI), Bulletin of TICMI (გამოდის 1997 წლიდან) და Lecture Notes of TICMI (გამოდის 2000 წლიდან), რომლებიც ჩართულია Scopus-ის ბაზაში. ინსტიტუტი გაცვლის წესით თავის სამეცნიერო პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში აგზავნის და ყოველწლიურად ორმოცდაათზე მეტი დასახელების სამეცნიერო ჟურნალს იღებს მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის, მექანიკისა და ინფორმატიკის დარგებში. ამავე საფუძველზე ინსტიტუტს ელექტრონული ხელმოწერა აქვს რეფერატულ ჟურნალზე Mathematical Reviews (USA), რაზეც წვდომა აქვთ უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც. ბოლო 10 წლის მანძილზე ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 744 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 278  იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში. ამავე პერიოდში, ინსტიტუტის თანამშრომლების ავტორობით გამოიცა 21 მონოგრაფია (Springer, Kluwer, Chapman&Hall, Elsevier და თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობების მიერ), გარდა ამისა, სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები  20 ბეჭდურად, 12 კი ელექტრონულად. ბოლო 5 წლის მანძილზე ინსტიტუტში ყოველწიურად დასაქმებულია საშუალოდ 50 თანამშრომელი, მათ შორის საშუალოდ 35 წარმოადგენს სამეცნიერო პერსონალს, 14-მდე კი მაგისტრანტი ან დოქტორანტია. თანამშრომელთა საშუალო ასაკია 55 წელი.

ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს, მათ შორის, პერიოდულად, ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების ეგიდით, როგორიცაა IUTAM, ISAAC, EMS. 2007-2018 წლებში ინსტიტუტის თანამშრომლები სამეცნიერო კონგრესებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სხვა სამეცნიერო შეკრებებზე გამოვიდნენ 547 მოხსენებით, მათ შორის საზღვარგარეთ – 280 მოხსენებით.

ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობს მსოფლიოს 20-ზე მეტი მოწინავე ქვეყნის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებასთან.

http://www.viam.science.tsu.ge/

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი


პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 1944 წლის 29 ივნისს დაარსდა. პირველი ხელმძღვანელი იყო მისივე დამაარსებელი აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი. შემდეგ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ გუნია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი წერეთელი. 2008 წლიდან დღემდე ინსტიტუტის ხელმძღვანელია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ აბესაძე.

ინსტიტუტის პირველ სამეცნიერო საბჭოში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, აკადემიკოსები: სიმონ ჯანაშია, ნიკო კეცხოველი და ირაკლი მიქელაძე, პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა და სხვ. არაერთი გამოჩენილი მეცნიერი ეკონომისტი იყო ინსტიტუტის თანამშრომელი: პროფესორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, აკადემიკოსი: ვასილ ჩანტლაძე, წევრ-კორესპონდენტები: ვალერიან მელქაძე და ლეო ჩიქავა; პროფესორები: გიორგი გეხტმანი, იოსებ ბაჯაძე, ნიკოლოზ იაშვილი, ლუარსაბ კარბელაშვილი, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი და სხვ. ამჟამად, ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები: ალფრედ კურატაშვილი, როზეტა ასათიანი, ვახტანგ ბურდული, გიორგი ბერულავა, მურმან კვარაცხელია და სხვ.

დღეისათვის ეკონომიკის ინსტიტუტში ფუნქციონირებს 7 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება. ამჟამად, ყველა განყოფილება მუშაობს დიდ სამეცნიერო პროექტზე – „ევროინტეგრაცია და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2015 წელს. მეცნიერი თანამშრომლები აქვეყნებენ ნაშრომებს საერთაშორისო გამოცემებში (მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინდექსირებულია საერთაშორისო ბაზებში ( Scopus, ERIH PLAS, Google Scholar და სხვა). Google Scholar- ში თანამშრომელთა ციტირების ინდექსი აჭარბებს 1000-ს, Scopus-ში 50-ს. სხვადასხვა დროს, მეცნიერები მონაწილეობდნენ არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ გრანტსა და პროექტში. 2016-2017 წლებში მოპოვებული იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.

პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტს აქვს საკუთარი გამომცემლობა. 2009 წლიდან დღემდე ეკონომიკის ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალ „ეკონომისტს“. იგი გამოდის როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული (www.ekonomisti.tsu.ge) ფორმით. სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ჟურნალი ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზაში – ERIH PLAS. ინსტიტუტი ასევე ყოველწლიურად გამოსცემს სამეცნიერო შრომების კრებულს (http://pgie.tsu.ge/?menuid=32&lang=1).

ინსტიტუტი 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს და შესაბამისად გამოსცემს მასალათა კრებულებს. 2017 წლიდან ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ კონფერენცია. ამავე წლიდან შეიქმნა ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციათა ვებგვერდი – „ეკონომიკა XXI საუკუნე“ (konferenseconomics.rsu.ge), რომელზედაც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ქვეყნდება კონფერენციის მოხსენებები.

აღნიშნულ და სხვა ღონისძიებათა გატარებამ ხელი შეუწყო საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას. ამჟამად, ინსტიტუტის სამეცნიერო პროდუქცია გადის საერთაშორისო არენაზე და მჭიდრო კავშირებია დამყარებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან.

ინსტიტუტში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც ინსტიტუტის თანამშრომელთა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა სამეცნიერო ნაშრომები ინახება. ამჟამად ხორციელდება ღონისძიებები საერთაშორისო საბიბლიოთეკო ცენტრში ჩასართველად.

პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი

პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი არის ქიმიის დარგში საქართველოს უძველესი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი, დაფუძნებული 1929 წლის 1 ოქტომბერს.

ინსტიტუტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოსი ლევ პისარჟევსკი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები გიორგი ციციშვილი და თეიმურაზ ანდრონიკაშვილი, 2006-2017 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვლადიმერ ციციშვილი. ამჟამად ინსტიტუტის დირექტორია ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ებრალიძე.

ინსტიტუტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, რომლებიც უშუალოდ უძღვებოდნენ სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებს საქართველოში ბუნებრივი ნედლეულის ქიმიურ–ტექნოლოგიური და ქიმიური ეკოლოგიის პრობლემების შესწავლის მიზნით. ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დამუშავებული ტექნოლოგიები, დანერგილი იყო მრეწველობაში: საქართველოში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში. ინსტიტუტის საცდელი წარმოების ბაზაზე მიმდინარეობდა ლუმინოფორი „ნორიოლ-ა“-ს და მავნებელი მწერების საწინააღმდეგო პრეპარატების დამზადება.

ინსტიტუტის მეცნიერთა დიდ ჯგუფს პროფესორ ა.დოლიძის ხელმძღვანელობით შესრულებული აქვს ეუთო-ს დაფინანსებით 9 პროექტი, საქართველოს დემილიტარიზაციის პროგრამით, ე.წ. „ქართული მოდელის“ საფუძველზე, თხევადი რაკეტული საწვავი კომპონენტების „მელანჟი“-ს და „სამინი“-ს ქიმიურად განეიტრალების მიზნით.

2015 წლიდან პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო ათწლიან სამეცნიერო კვლევების პროგრამას „ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის“.
ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა, ახალი მასალების მიღება და ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და გარემოს დაცვის საქმეში მათი გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება. ინსტიტუტის თანამშრომლები ეწევიან საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.

ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან (აშშ, კანადა, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი).

2015-2018 წლებში შესრულებული სამუშაოების შედეგებზე გამოქვეყნებულია 150-ზე მეტი სტატია ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში და 150-მდე თეზისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, საქპატენტის მიერ გაცემულია ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი 10 მოწმობა, გამოცემულია წიგნების და სხვა ბეჭდური პროდუქციის სახით - 8.

2000 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ შესრულებულია 25-მდე საერთაშორისო (ISTC, STCU, CRDF და OSCE) და 50-მდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური, გამოყენებითი და სტაჟირებისა და კონფერენციაში მონაწილეობის (სლოვაკეთი, ბელგია, იაპონია, აშშ, ჩინეთი) საგრანტო პროექტი.

2005 წელს ვ.ციციშვილი, ნ.დოლაბერიძე და მ.ალელიშვილი ნაშრომთა ციკლისათვის „საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების გამოყენება სოფლის მეურნეობაში“ დაჯილდოვდნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემიით, ხოლო 2017 წელს ვ.ციციშვილი, ნ.დოლაბერიძე, მ.ნიჟარაძე და ნ.მირძველი - გიორგი ციციშვილის სახელობის პრემიით ნაშრომთა ციკლისათვის „ცეოლითების სინთეზი საქართველოს ბუნებრივი ალუმინსილიკატური ნედლეულიდან“.
2017-2018 წლებში განხორცილდა ინსტიტუტში დამუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაცია. პროექტები „ბიოდიზელის წარმოება“ და „ნანოტექნოლოგიით მიღებული ახალი აზოტშემცველი ცეოლითური სასუქები“ გახდა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარი.

რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

დაარსდა 1956 წელს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულიდან კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავების ამოცანების გადაწყვეტისთვის. ინსტიტუტში შექმნილი ტექნოლოგიები განხორციელდა მსხვილი წარმოებების სახით, კერძოდ:

* პირველად ევროპაში გაშვებულ იქნა ზესტაფონის ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის საამქრო (სრულად უზრუნველყოფდა სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის მოთხოვნილებას);
* რუსთავის ს/გ „აზოტში“ ამუშავდა კალიუმის პერმანგანატის ელექტროქიმიური მიღების საამქრო (ფარავდა სსრკ მოთხოვნილების 1/3);

განვითარების შესაბამისად კვლევები გამრავალფეროვნდა სხვადასხვა მიმართულებით:

ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტის გადატანის კვანტურ-მექანიკური თეორია და ექსპერიმენტი, ადსორბცია, ელექტროქიმიური კინეტიკა, ელექტროკრისტალიზაცია, თერმოქიმია, რადიაციული ქიმია და სხვა.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ინსტიტუტი ფართოდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების (FP6, FP7), ბრიტანული დახურული ბირთვული ქალაქების პროგრამის (CNCP) ფარგლებში, განხორციელდა საპარტნიორო პროექტები აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის და აშშ ნაციონალური ლაბორატორიების (ლივერმოლის, ლოს ალამოსის) დაფინანსებით.

ინსტიტუტში წარმოებული კვლევების საფუძველზე შემუშავდა წყალბადის ენერგეტიკის განვითარების გეგმა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 1087 (04.09.2003) „საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ღონისძიებათა შესახებ“.

2015 წლიდან ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო ათწლიან სამეცნიერო კვლევების პროგრამას:

„ნანოქიმიის, ზოგიერთი ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება“, რომელიც მოიცავს მრავალ მიმართულებას, კერძოდ:
„თეორიული კვლევის ახალი მეთოდებით არარეგულარულ ნანო- და მეზოსკოპურ ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტისა და ენერგიის გადატანის პროცესების კომპლექსური შესწავლა; მეტალების ნანოფხვნილების მიღება; თერმომედეგი, ცეცხლმედეგი, კოროზიამედეგი, რადიაციამედეგი მასალების შემუშავება; სათბობის ტიპის დენის წყაროები; თერმოქიმიური კვლევები; კოორდინაციული ქიმია; კატალიზი; რადიაციული ქიმია; არაორგანული პოლიმერები; არაწყალხსნართა ელექტროქიმია; ლღობილთა ელექტროლიზი; წყლების გაწმენდა-გაუსნებოვნება; მყარი ნარჩენების უტილიზაცია და სხვ.

2015-2017 წლებში აშშ კერძო ფირმის „Long Arc Technologies Corporation“-ის პირდაპირი ინვესტირებით, ინსტიტუტში შემუშავდა ლაბორატორიული და შემდგომ ნახევრად საწარმოო ტექნოლოგია მეორადი საბურავების გადასამუშავებლად. მიღებულია ნახშირბადოვანი ნანომასალა, ე.წ. „Carbon Black“, რომელზეც მაღალი მოთხოვნილებაა მსოფლიო ბაზარზე. აღნიშნულ მეთოდზე ინსტიტუტის თანამშრომლების (თ.მარსაგიშვილი, გ.ტატიშვილი, ა.ფეიქრიშვილი) თანაავტორობით მიღებულია აშშ პატენტი: USA Patent No 9663662, 05/30/2017, „System and method for tire conversion into carbon black, liquid and gaseous products“.

ამ სამუშაოების შედეგებიდან გამომდინარე 2018 წლის 1 იანვრიდან აშშ კერძო ფირმა G3C Technologies Corporation-თან STCU ფონდის ფარგლებში გაფორმდა საპარტნიორო საპროექტო ხელშეკრულება P#716: „ნარჩენი საბურავების გადამამუშავებელი რეაქტორის დამზადება და შავი ნახშირბადის გამდიდრების ტექნოლოგიის შემუშავება – ნაწილი N1“, რომელიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია.

http://iice.ge/index.php?p=home&LN=ge
http://longarctech.com/pb/wp_a1106406/wp_a1106406.html

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი

1946 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით დაარსდა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც 1959 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა, ხოლო 1959 წლიდან ინსტიტუტს სათავეში მისი მოწაფე, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი ჩაუდგა, თვითონ ინსტიტუტს კი ალექსანდრე ნათიშვილის სახელი ეწოდა.

ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის სახით სათანადოდ აღჭურვილი კვლევითი ბაზა შეიქმნა, სადაც მაღალტექნოლოგიური ექსპერიმენტული კვლევების ჩატარება და თეორიული დისციპლინის პრაქტიკულ მედიცინასთან მჭიდროდ დაკავშირება გახდა შესაძლებელი. კვლევა მიმდინარეობდა მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით: ანატომია, პათომორფოლოგია, ციტოლოგია, ანდროლოგია, გერონტოლოგია, იმუნოლოგია, ვირუსოლოგია და სხვ.

2006 წლიდან ალექსანდრე ნათიშვილის ინსტიტუტს სათავეში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია ჩაუდგა, ხოლო აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, მის გარდაცვალებამდე, ინსტიტუტის საპატიო დირექტორი იყო. 2015-2017 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა მედიცინის დოქტორი სიმონ დალაქიშვილი, ხოლო დღეს მისი დირექტორი მედიცინის დოქტორი მანანა კაკაბაძეა.

2010 წლიდან ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში მოახდინა ინტეგრაცია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდა.

დღეისათვის ინსტიტუტში არსებულ 3 – კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის, კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების და გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის – დეპარტამენტში, 36 მეცნიერი თანამშრომელია.
2017 წელს ინსტიტუტმა მუშაობა დაასრულა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილ 2014-2017 წლების სამეცნიერო პროგრამაზე, რომელიც შედგებოდა 3 ნაწილისაგან: I. ონკომორფოლოგია, II. დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა მოდელირება და III. დემოგრაფიული დაბერების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

ონკომორფოლოგიის მიმართულებით შესრულდა ორი პროექტი: 1. ჰორმონდამოკიდებულ ორგანოთა კიბოსწინა პროცესების და დისპლაზიების მორფოლოგიური დახასიათება უჯრედთა რეცეპტორული სტატუსის შეფასებით, ონკოლოგიური რისკის ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის მიზნით და 2. საქართველოში ძუძუსა და ფილტვის კიბოს მოლეკულური ეპიდემიოლოგია – მოლეკულური და მორფოლოგიური კლასიფიკაციების კორელაცია; დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა მოდელირების მიმართულებითაც შესრულდა ორი პროექტი: 1. რეზექციის შემდგომ დარჩენილი და გადანერგილი ნახევარი ღვიძლის რეგენერაცია ანუ რეგენერაცია დენერვაცია-დელიმფატიზაციის ფონზე. ჰეპატოციტები თუ ღეროვანი უჯრედები და 2. ორგანოთა კონსერვაციის ახალი მეთოდის შემუშავება, ხოლო დემოგრაფიული დაბერების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით დასრულდა პროექტი: დემოგრაფიული დაბერების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში.
ამ პროექტებით განხორციელებული კვლევების შედეგები ყოველწლიური ანგარიშების სახით წარდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ასევე ასახულია სხვადასხვა პუბლიკაციებში.
2014-2017 წლების პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების მიერ გამოქვეყნდა 8 მონოგრაფია (5 – საქართველოში, 3 – უცხოეთში) და 114 სტატია (72 – საქართველოს, ხოლო 42 – უცხოეთის ჟურნალებში); საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე გაკეთდა 37 მოხსენება. ამავე წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა 5 საგრანტო პროექტი და თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოზე დაცული იქნა მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესრულებული 4 სადისერტაციო ნაშრომი.

2018 წლიდან ინსტიტუტმა მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილ ხუთწლიან სამეცნიერო პროგრამაზე, რომელიც შედგება ორი პროექტისაგან: I. ექსტრაკორპორული გულ-ფილტვის რეანიმაციისა და მულტიორგანული პერფუზიული კონსერვაციის უწყვეტი მოდელის ეფექტიანობის დადასტურება (წინაკლინიკური კვლევა) (პროექტის ხელმძღვანელი ნოდარ ხოდელი – მედიცინის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) და II. „ბოლომდე ღირსეული სიცოცხლე“ – მოხუცთა სოციალური, სამედიცინო, ეთიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება გერიატრიული პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამისათვის (პროექტის ხელმძღვანელები: სიმონ დალაქიშვილი, მედიცინის დოქტორი; ელენე ჯანბერიძე, მედიცინის დოქტორი).

მორფოლოგიის ინსტიტუტს წლების მანძილზე მეცნიერული კავშირი ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან (აშშ, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, ინგლისი, სლოვაკია, რუსეთი, უკრაინა), რომლებთანაც ინფორმაციის გაცვლის გარდა, მუშაობდა საერთო პროექტებზე, ატარებდა სამეცნიერო ფორუმებს. ინსტიტუტი მომავალშიც გეგმავს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ასევე, ახალი პარტნიორების მოძიებას ერთობლივი კვლევებისათვის.

http://morphology.tsu.ge/?lan=ge&cat=mtvtest

თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამართლის მეცნიერების კვლევას და შესაბამისად – სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტს არსებობის 60 სამოცწლიანი ისტორია აქვს. 1957 წლის დეკემბერში ეკონომიკის ინსტიტუტში სამართლის მეცნიერების განყოფილება შეიქმნა, რომელსაც სათავეში პროფესორი თინათინ წერეთელი ედგა. მისი ძალისხმევის შედეგად, ეკონომიკის ინსტიტუტში არსებული სამართლის ცენტრი გაფართოვდა და სექტორად გარდაიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი. 1988 წლის ივნისში ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტთან სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის დარგთაშორისო ცენტრი შეიქმნა, რომელიც 1989 წელს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტს გამოეყო. 1991 წლის იანვარში პროფესორ თამაზ შავგულიძისა და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ძალისხმევის შედეგად, ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი ეწოდა. 2004 წლის ოქტომბრიდან კი, ინსტიტუტი მისივე დამაარსებლის თინათინ წერეთლის სახელს ატარებს.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ მეცნიერები: თინათინ წერეთელი, ვლადიმერ მაყაშვილი, ისიდორე დოლიძე, დავით ფურცელაძე, გივი ჟვანია, თამაზ შავგულიძე, გიორგი ნადარეიშვილი, თენგიზ ლილუაშვილი და სხვები.

პროფესორ თინათინ წერეთლის პირადი სამეცნიერო მიღწევებისა და მის მიერ შემოკრებილ მეცნიერთა მოღვაწეობის შედეგად, განსაკუთრებით გაძლიერდა ინსტიტუტის სისხლის სამართლის განყოფილება და „სისხლის სამართლის თბილისის სკოლამ“ საზღვარგარეთ ფართოდ გაითქვა სახელი. სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე, დაარსების დღიდან დღემდე მრავალი ლოკალური და საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. დღესდღეობით სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მოღვაწეობს 19 მეცნიერ-თანამშრომელი - სამართლის მეცნიერების როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სფეროებში. ინსტიტუტში სამი განყოფილებაა: 1) სამართლის ისტორიისა და თეორიის, 2) კერძო სამართლის, 3) სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილებები.

გარდა საკანონმდებლო მასალის ანალიზისა და იურიდიული კომენტარების მომზადებისა, ინსტიტუტში ყურადღება მახვილდება სამართლის ფუძემდებლური თეორიული დარგების დამუშავებასა და განვითარებაზე. ინსტიტუტის ბაზაზე მომზადდა სასწავლო სილაბუსები და სხვადასხვა უნივერსიტეტში წაკითხულ იქნა ლექციები ისეთი ფუძემდებლური დისციპლინების ფარგლებში, როგორებიცაა სამართლის თეორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის სოციოლოგია, სამართლის ანთროპოლოგია. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა სამართლის ინტერდისციპლინური კვლევების უახლესი პერსპექტივების დანერგვისათვის. მუშავდება ისეთი ინტერდისციპლინური დარგები, როგორებიცაა: „სამართალი და ეკონომიკა“, „სამართალი და განვითარება“, „სამართალი და გლობალური პოლიტიკა“, „სამართალი და ლიტერატურა“, „სამართალი და საზოგადოება“, „სამართალი და ინფორმატიკა“, „სამართალი და ფსიქოლოგია“, „სამართალი და ფსიქოანალიზი“, „სამართალი და კიბერნეტიკა“.

ინოვაციურია ასევე პერსპექტივა, რომელსაც იყენებს ინსტიტუტი იურიდიული დოგმატიკის ჩვეული პრობლემის დასაძლევად – ნაცვლად გაბატონებული „მეთოდოლოგიური ნაციონალიზმისა“, რომლის თანახმადაც, სამართლის მოქმედება დაყვანილია ნაციონალურ იურისდიქციამდე, ინსტიტუტის ბაზაზე ხორციელდება კვლევები, რომლებიც კონცენტრირებულია გლობალური, ტრანსნაციონალური ნორმატიული წესრიგების შემეცნებისკენ. გლობალიზაციის, პრივატიზაციისა და დიგიტალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესები ცვლიან ასევე სამართლის დოგმატურ სტრუქტურას და ფორმას, რის შედეგადაც, ყალიბდება „გლობალური სამართალი სახელმწიფოს გარეშე“. სწორედ სამართლის ამ უახლესი ფორმების შემეცნებისკენაა მიმართული ინსტიტუტის ფარგლებში შესრულებული ინოვაციური კვლევები.

სხვა სტატიები »