ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ხათუნა მარწყვიშვილი: „ემოციების მართვა და კონტროლი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც წერა, კითხვა, უცხო ენა და მათემატიკა“

ხათუნა მარწყვიშვილი: „ემოციების მართვა და კონტროლი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც წერა, კითხვა, უცხო ენა და მათემატიკა“
2 ნოემბერი, 2018
ხათუნა მარწყვიშვილი ქართველ ფსიქოლოგთა იმ ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, რომელმაც უკვე შეძლო თავის დამკვიდრება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზარზე. მისი კვლევები ემოციური ინტელექტის შესახებ ერთ-ერთი მაღალციტირებადია. კვლევის თემები კი, რომელიც მოიცავს პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ფსიქოლოგიასა და პოზიტიურ ფსიქოლოგიას - ემოციური ინტელექტი, შემოქმედებითობა, სტრესის დაძლევის სტრატეგიები და პოსტტრავმული ზრდა - საინტერესოა არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ ფსიქოლოგიის საკითხებში გაუთვიცნობიერებელი საზოგადოებისთვისაც. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტსა და მეცნიერებაზე გაკეთებულ არჩევანს დღესაც სწორ და საუკეთესო არჩევანად მიიჩნევს:

– უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი – განათლების სამინისტროში, სკოლაში, ან სხვადასხვა პროექტებში ვიყავი ჩართული. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მეძლეოდა. 2005 წლიდან ვიყავი ასისტენტ-პროფესორი. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ არაფერი არ მაძლევდა ისეთი პროფესიული ზრდა-განვითარების საშუალებას, როგორც უნივერსიტეტი და სტუდენტებთან მუშაობა. ჩემთვის ეს მართლა ცნობიერი არჩევანი იყო. ვიცოდი, რომ ამით კარგი შემოსავალი არასოდეს გექნება, მაგრამ არაფერი ისე არ მაბედნიერებდა, როგორც უნივერსიტეტი, სტუდენტები. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა კვლევითი ჯგუფი, რომელიც პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების, ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების თემატიკას იკვლევდა. თანამშრომლებასთან ერთად ვმეგობრობდით კიდეც და ერთად, ცარიელ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით. ასე გადავიტანეთ განსაკუთრებით რთული პერიოდი მეცნიერებისთვის. გუნდი დღესაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვთვლი, რომ თითოეული ჩვენგანის წარმატებაში ბევრი რამ სწორედ ამ თანამშრომლობის დამსახურებაა.

– თქვენი ერთ-ერთი საკვლევი თემა, მნიშვნელოვანი და თან ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის, ეს არის ემოციური ინტელექტი.

– ემოციური ინტელექტით პირველად დაახლოებით 2005 წელს დავინტერესდი. ფსიქოლოგები ძალიან აქტიურად ვიკვლევთ ზოგად ინტელექტს, ე.წ. IQ-ს. ინდივიდუალური განსხვავებების კვლევა თუ გინდა, ინტელექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხშირად გვერდს ვერ აუვლი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ზოგადი ინტელექტის გარდა არსებობდა კიდევ რაღაც, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც აუცილებელი იყო სოციალურ ურთიერთობებში, აკადემიურ სფეროში თუ კარიერაში წარმატების მისაღწევად. მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო ეს. შემდეგ შემთხვევით წავაწყდი დანიელ გოლმანის წიგნს -„Emotional intelligence – why it matters more than IQ“. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ცენტრის მოსაცდელში ჩამივარდა ხელში. ეს 2005 წლამდე ამბავია, მაშინ მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო ინგლისურენოვანი სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა. მას მერე შემეყარა მითიური ინტელექტის სენი და 2007 წლიდან აქტიურად დავიწყე ამ თემაზე მუშაობა. ყველაფერს, რასაც ვიკვლევდი ემოციურ ინტელექტს ვუკავშირებდი. ოღონდ მაშინ ეს არავის არ აინტერესებდა. დღეს ის საკმაოდ პოპულარული თემა გახდა. უფრო მეტიც, ემოციური ინტელექტის შესახებ ცოტა გადაჭარბებული, მცდარი ინტერპრეტაციაა გავრცელებული – თუ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვს, აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. ემოციური ინტელექტი ნამდვილად გეხმარება, რომ წარმატებას მიაღწიო, როგორც სოციალურ ურთიერთობებში, ასევე, აკადემიურ და სამსახურთან დაკავშირებულ სფეროში, მაგრამ ზოგადი, კოგნიტური ინტელექტის გარკვეული მაჩვენებლის არსებობის ფონზე. ამიტომ ემოციური ინტელექტის როლიც სხვა მახასიათებლების არსებობის ფონზე უნდა გავითვალისწინოთ.

ემოციური ინტელექტი ეს არის საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის, რეგულირებისა და გამოყენების უნარი. ჩვენთან ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა ინტელექტს. დღესაც კოგნიტური, შემეცნებითი ასპექტები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დავაკვირდებით, მშობელი ყველაფერს იზამს, რომ შვილი უცხო ენას დაეფლოს, რომელიმე „მნიშვნელოვანი“ საგანი, მაგალითად, მათემატიკა ძალიან კარგად ისწავლოს. კოგნიტურ განვითარებაზე ზრუნვა არის ძალიან კულტურული და ტრადიციული. ემოციურ განვითარებაზე კი არავინ არ ზრუნავს. ჩვენს საზოგადოებაში ბავშვის შემეცნებითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, მაშინ როცა ითვლება, რომ ემოციების მართვისა და კონტროლის უნარი თითქოს თავისთავად არსებობს და ყალიბდება. არადა, ისიც ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც წერა, კითხვა, უცხო ენა და მათემატიკა.

– ემოციური ინტელექტი განვითარებადია?

– დიახ, ემოციური ინტელექტი განვითარებადია. ნელა, მაგრამ განვითარებადი და სწავლებადი. ემოციური ინტელექტის კვლევის დასაწყის ეტაპზე ცოტა უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ დღეს მჯერა, რომ ნელ-ნელა დასწავლას ექვემდებარება. ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ვინმეს სხვა ადამიანის ემოციების აღქმა არ შეეძლოს და უცბად, ემოციების არაჩვეულებრივ წამკითხველად ვაქციოთ, მაგრამ ზოგადად ემოციების აღქმის, გამოხატვის, მართვისა და გამოყენების უნარები გავარჯიშებადი და სწავლებადია. რაც უფრო პატარაა ბავშვი, რაც უფრო პატარა ასაკიდან ვასწავლით როგორ მართოს, როგორ დაარქვას სახელი, როგორ გამოხატოს მისაღები ფორმით საკუთარი ემოციები, რა თქმა უნდა, უკეთესია და განვითარებისა და გავარჯიშების ალბათობაც მით უფრო მეტია. ზოგად ინტელექტზეც ასეა, პატარა ასაკში უფრო მეტია განვითარების შანსი. რაც შეეხება მოგვიანებით ასაკში გავარჯიშებას, ცოდნის დონეზე მაინც ილექება, როგორი მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის ემოციების აღქმა და გაგება, საკუთარი ემოციების მართვა და გამოხატვა. ამას მერე უკვე მეორადად, თავისთავად მოაქვს გარკვეული წარმატება და ამის გავარჯიშება შეიძლება.
ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებით სამი დიდი მოდელი არსებობს. ერთ-ერთი მოდელის თანახმად, ემოციური ინტელექტი არის პიროვნული ნიშანი; მეორე მოდელი მას განიხილავს როგორც უნარს, რომელიც ძალიან ჰგავს კოგნიტურ ინტელექტს, მხოლოდ აქ ემოციური შინაარსის ინფორმაციის გადამუშავებასთან გვაქვს სააქმე; მესამე მოდელის მიხედვით კი, ემოციური ინტელექტი სხვა არაფერია თუ არა დასწავლილი და შეძენილი კომპეტენცია. რომელი მოდელის ფარგლებშიც არ უნდა განვიხილოთ ემოციური ინტელექტი, როგორც პიროვნული ნიშანი, უნარი თუ კომპტენტეცია, გარკვეულ ფარგლებში ის დასწავლადი და გავარჯიშებადია.

– თუ პიროვნული ნიშანია, განვითარებადი როგორ არის?

– ბოლო დროინდელი კვლევები მოწმობს, რომ პიროვნული ნიშნები, რომლებიც ითვლებოდა, რომ არის მყარი, სტაბილური და მთელი ცხოვრების მანძილზე უცვლელი მახასიათებელი, აღმოჩნდა, რომ მეტ-ნაკლებად იცვლება და ბავშვობის ასაკში ყველაზე უფრო მეტად. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში და სხვადასხვა მახასიათებელი სხვადასხვა ხარისხით. ამიტომ თუ ემოციურ ინტელექტს განვიხილავთ როგორც პიროვნულ ნიშანს, ის შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს.

– ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ტრენინგი შემხვედრია. ემოციურ ინტელექტს ძირითადად წარმატებას უკავშირებენ ხოლმე. კარგად თუ გაივარჯიშებ ემოციურ ინტელექტს, შენ იქნები უფრო მეტად წარმატებული. მართალია თუ არა ეს?

– დიახ, რადგან კვლევები მოწმობს, რომ ადამიანები, რომელთაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, უფრო ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებაში არსებულ წინააღმდეგობებს, ნაკლებად აქვთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან სოციალური ურთიერთობისა და ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით, ადვილად აღწევენ წარმატებას სხვადასხვა სფეროში. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ისინი აღწევენ წარმატებას სოციალურ ურთიერთობებში, აკადემიურ სფეროში და კარიერაში. რა თქმა უნდა, ეს კარგი მარკეტინგული ხრიკიცაა, განაცხადო, რომ ემოციური ინტელექტის გავარჯიშებით წარმატებას მიაღწევ, მაგრამ ემოციური ინტელექტის განვითარებას მართლაც მოაქვს წარმატება, როგორც სოციალურ ურთიერთობებში – ოჯახი, რომანტიკული ურთიერთობები, მეგობრები, ისე სწავლასა და კარიერასთან დაკავშირებულ სფეროებში. როგორც წეღან გითხარით, სხვის ემოციებს წავიკითხავ, ჩემი ემოციების გაგებას, მართვასა და ადეკვატურ გამოხატვას შევძლებ და შესაბამისად, გარემოსთან უკეთ ადაპტირებული და წარმატებული ვიქნები. თუ მივხვდი, რომ ახლა მაგალითად, გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, დავიცდი და თავს შევიკავებ. ეს წინასწარი გააზრება და გრძნობების შეფასება, ემოციების კონტროლი საბოლოოდ, კარგ შედეგამდე მიმიყვანს. ემოციების გაცნობიერება და მართვა მართლა ეხმარებათ ადამიანებს სხვადასხვა სფეროში წარმატების მიაღწიონ.

– დიაგნოზი როგორ უნდა დაისვა შენ თვითონ?

– არსებობს ემოციური ინტელექტის შესაფასებელი სხვადასხვა ინსტრუმენტი. გვაქვს ქართულ ენაზე ადაპტირებული და ჩვენს კულტურაზე მორგებული ინსტრუმენტებიც. თუმცა თუ ზოგადი ინტელექტის შემთხვევაში ინტელექტის შეფასება უფრო ადვილია, რადგან არსებობს სტანდარტიზებული ტესტები, სადაც კითხვას/დავალებას ერთი სწორი პასუხი აქვს, აქ უფრო რთული გზაა გასავლელი. არსებობს შეფასების ორი გზა – შეფასების ობიექტური მეთოდები (მაგალითად, რამდენად კარგად შეუძლია ინდივიდის ემოციური შინაარსის ამოცანების/პრობლემების გადაჭრა) და სუბიექტური მეთოდები, თვითანგარიშის ტიპის შეფასების მეთოდიკები, როცა ინდივიდი თვითონ აფასებს საკუთარ ემოციურ მახასიათებლებს. საინტერესოა, რომ თვითშეფასებისას ადამიანები ხშირად საკმაოდ კარგად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს.

– წარმოვიდგინეთ, რომ ვარ მშობელი, მყავს 5 წლის ბავშვი, უკვე დამყავს ინგლისურზე, მუსიკაზეც შეყვანილი მყავს, როგორც ხდება ხოლმე და ახლა ვფიქრობ, რითი დავტვირთო, რომ ემოციური ინტელექტი განვუვითარო?

– ევროპისა და აშშ ბევრ სკოლაში აქვთ სპეციალური პროგრამები, აქტივობები, რომლებიც ბავშვის ემოციური განვითარების მიზნებს ემსახურება. საქართველოში ამ თვალსაზრისით დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ემოციური განვითარების მხარდაჭერა ეროვნული სასწავლო გეგმით ნამდვილად გათვალისწინებულია და მიჩნეულია ერთ-ერთ პრიორიტეტად. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ როგორც კოგნიტური, ისე ფიზიკური და ემოციური განვითარება. ჩვენთან კი რა ხდება? მშობლები ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ძალიან იშვითად, მაგრამ ხანდახან მაინც ზრუნავენ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე და რომელიმე სპორტზე, მაგალითად, ცურვაზე მიიყვანენ, სანამ შედარებით პატარაა. შემდეგ კი მაინც ინტელექტუალურ განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს. ემოციური განვითარება კი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება. არადა, თამაში, სპორტზე სიარული, ფიზიკური აქტივობა, არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელიც ნამდვილად ეხმარება ბავშვს კარგად სწავლას, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასა და გავარჯიშებაში.

– თქვენ ამჟამად პოზიტიური ფსიქოლოგიითაც დაინტერესდით. რას ნიშნავს პოზიტიური ფსიქოლოგია?


– ორი წლის წინ მივიღეთ რუსთაველის ფონდის გრანტი პოზიტიური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის განვითარებისთვის და კოლეგებთან ერთად დღეს, აქტიურად ვართ დაკავებული ამ სფეროში კვლევების ჩატარებით. ჩემი დაინტერესება პოზიტიური ფსიქოლოგიით განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საკითხები, რომლითაც კვლევითი საქმიანობის მანძილზე სხვადასხვა დროს ვიყავი დაინტერესებული პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთიანი ქუდის ქვეშ ერთიანდება. პოზიტიური ფსიქოლოგია როგორც არჩევითი, სასწავლო კურსს, ვასწავლი ბაკალავრიატშიც.

პოზიტიური ფსიქოლოგია შედარებით ახალი მიმდინარეობაა ფსიქოლოგიაში, რომელიც მთლიანად ცვლის პიროვნების, მისი ფუნქციონირებისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების ხედვის პერსპექტივას და პათოლოგიაზე აქცენტის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში პიროვნულ ზრდას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ეფექტურ ფუნქციონირებას აქცევს. ის შეისწავლის ადამიანის პოზიტიური ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტებს ბიოლოგიურ, პიროვნულ, სოციალური ურთიერთობების, ინსტიტუციურ და კულტურულ დონეზე. პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მიზანია იმ ფაქტორების კვლევა, რომელიც ამა თუ იმ გზით ზემოქმედებს ინდივიდის ფსიქოლოგიური/ემოციური კარგად ყოფნის განცდაზე. ეს გარკვეულწილად ახალი, კოლექტიური იდენტობაა ამ საკითხების შემსწავლელი მეცნიერებისთვის და არა ახალი სფერო, რომელიც არასოდეს უკვლევიათ ფსიქოლოგებს. უბრალოდ, ფსიქოლოგიაში ცოტა დისბალანსი გაჩნდა – მუდმივად შევისწავლით ფსიქიკურ აშლილობებს, კონფლიქტებს სოციალურ ურთიერთობებში, პრობლემებს და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ცოდნა დაგვიგროვდა. თანამედროვე პოზიტიურ ფსიქოლოგიური მოძრაობა აღმოცენდა სწორედ ამ დისბალანსის აღიარებისა და გაცნობიერებისაგან; იმ სურვილისაგან, რომ უარყოფილი პოზიტიური საკითხების შესახებ კვლევები კვლავ წაეხალისებინა და ფსიქოლოგები ისევე დაეინტერესებინა ნორმალური, ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებით, როგორც პათოლოგიის მკურნალობით.

– მეცნიერებაზე და უნივერსიტეტზე გაკეთებულმა არჩევანმა გაამართლა?

– ჩემი არჩევანით ნამდვილად ბედნიერი ვარ და არასოდეს მინანია. ვთვლი, რომ გამიმართლა. მიმაჩნია, რომ არაფერი არ გაძლევს ისეთი პროფესიული ზრდისა და განვითარების საშუალებას, როგორსაც უნივერსიტეტი და სტუდენტებთან მუშაობა – სწავლება და მათთან ერთად კვლევაზე მუშაობა. პროფესიულ ზრდას კი პროფესიულ კმაყოფილებამდე და შემდეგ შესაბამისად, ბედნიერებისა და კარგად ყოფნის განცდამდე მიყავხარ.


სხვა სტატიები »