ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გრაკლიანი გორა - უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი

გრაკლიანი გორა - უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი
1 ნოემბერი, 2018
ვახტანგ ლიჩელი: „გრაკლიან გორაზე გაკეთებული აღმოჩენები ერთი არქეოლოგის ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისია. თუმცა, ეტყობა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ახლისკენ სწრაფვის მუდმივი სურვილი“.

XXI საუკუნის ქართული არქეოლოგიის მიღწევებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკვე დაიკავა ქართლში, სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, გრაკლიან გორაზე გაკეთებულმა აღმოჩენამ, რომელმაც საქართველოს გარდა, ახლო აღმოსავლეთის ისტორიასაც შესძინა ახალი სამეცნიერო დეტალები და განაპირობა ძველი თეორიების გადახედვის აუცილებლობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-საველე ბაზას, სადაც დღესაც სტუდენტები, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, პირველ არქეოლოგიურ პრაქტიკულ გამოცდილებას იძენენ, უკვე საქართველოს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს. მალე ამ ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმიც მოეწყობა. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი აღმოჩენის მასშტაბს თავად გვიხსნის და უნივერსიტეტში არქეოლოგთა წარმატებების არაერთი მაგალითიც მოჰყავს:

გრაკლიანი გორა სრულიად განსაკუთრებული არქეოლოგიური ძეგლია. აქ დადასტურებული გვაქვს საზოგადოების განვითარების 11 სხვადასხვა ეტაპის ამსახველი ნაშთები. ამათგან უძველესი არის დმანისის სინქრონული ნაშთები, ანუ დაახლოებით 2 000 000 – 1 800 000 წლის წინანდელი პრიმიტიული იარაღები. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის არქეოლოგიური ძეგლებით უმდიდრესი ქვეყანა, სადაც ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი პერიოდის ძეგლი შეიძლება მოვიძიოთ. მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც არ მოიპოვება გრაკლიანი გორის გარდა სხვა ისეთი არქეოლოგიური ძეგლი, სადაც ასე თანამიმდევრულად არის დალაგებული საზოგადოების განვითარების ამდენი და ასეთი ხანგრძლივი ეტაპი.

მიუხედავად იმისა, რომ გრაკლიან გორაზე გათხრები ცოტა ხნის წინ დაიწყო, იგი უკვე ორჯერ აღმოჩნდა დიდი სამეცნიერო ინტერესების სფეროში: პირველად მაშინ, როდესაც მე-2, მე-3, მე-4 ტერასებზე გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნის ნაგებობები. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რადგან ამ პერიოდის ნაგებობები აღმოსავლეთ საქართველოში, იბერიაში მანამდე არ იყო მიკვლეული. ამ ფაქტმა საშუალება მოგვცა ჩაგვეხედა ამ პერიოდის საზოგადოების ცხოვრების წესში. გაირკვა, რომ ნაცვლად იმ მოსაზრებისა, თითქოს ამ პერიოდის ქართლში მოსახლეობა დაკნინებული იყო (რაც სრულიად ბუნებრივი მოსაზრება გახლდათ შესაბამისი მეცნიერული მასალის არ არსებობის გამო), რეალურად, დადგინდა, რომ ჩვენი წინაპრები ძალიან მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ – 2500 წლის წინ მათ ჰქონდათ ფართო ეკონომიკური და კულტურული კონტაქტები მომიჯნავე რეგიონების (და არა მხოლოდ მომიჯნავე) ყველა იმ ნაწილთან, სადაც ცივილიზაციის კვალი შეიძლება არსებულიყო.

გრაკლიანი გორა განსაკუთრებული ინტერესების სფეროში მეორედ მაშინ მოექცა, როდესაც აქ წარწერები აღმოჩნდა. 2015 აგვისტოში დავიწყეთ გამოკვლევა მესამე ტერასაზე მდებარე ტაძრის არეალში. მიკვლეული ნაგებობა საკმაოდ პატარა იყო – სიგანე 6 მეტრი, სიგრძე 3 მეტრი ჰქონდა, მაგრამ ამ პატარა ნაგებობამ გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ ქართული ინტელექტის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის ინტელექტუალური განვითარების ისტორიაშიც. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, რადგან საზოგადოების განვითარების უმაღლესი მწვერვალი არის დამწერლობის გამოყენება, გრაკლიანზე კი დამწერლობის ორი განსხვავებული სისტემა არის აღმოჩენილი. პირველი მათგანი მოთავსებულია დასავლეთის საკურთხეველზე. ეს არის სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ასო, რომელსაც პირდაპირი ანალოგიები აქვს მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და ჩემი აზრით, ჩრდილო-დასავლეთ სემიტურ დამწერლობას მიეკუთვნება. მეორე წარწერა მოთავსებულია ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, საკურთხევლის პოსტამენტზე და გრაფიკულად ძალიან მიაგავს არამეულ დამწერლობას.

აქ აუცილებლად მინდა განვმარტო, რომ ძველ სამყაროში არამეული დამწერლობა გამოიყენებოდა სხვადასხვა ეროვნების და კულტურის ხალხის მიერ, ისევე, როგორც დღეს იყენებენ ლათინურს (იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და ა.შ. დამწერლობებისათვის). თვით არამეელები მესოპოტამიაში მცხოვრები ხალხი იყო, რომლებმაც გარკვეულ პერიოდში შეძლეს არსებული დამწერლობების საფუძველზე საკუთარი, შედარებით მარტივი დამწერლობის შექმნა. ისმის კითხვა- რატომ არის გრაკლიანის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

ერთ-ერთი მთავარი მეცნიერული სიახლე არის ის, რომ არამეული სისტემით გაკეთებული წარწერები, იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩამოყალიბდა, 100 წლით უფრო ახალია, ვიდრე გრაკლიანი გორის. ეს, ერთი შეხედვით, მეცნიერული პარადოქსია, მაგრამ იგი არქეოლოგიური ფაქტით დასტურდება. სწორედ ასეთი „პარადოქსები“, მოულოდნელი აღმოჩენები ქმნის ახალი თეორიების შემუშავების აუცილებლობას და იძლევა მეცნიერების განვითარების საფუძველს. გრაკლიანის წარწერების მნიშვნელობაზე ქვემოთაც მოგახსენებთ.

ამ ფაქტის ასეთი არაორდინალური ხასითის გამო, წარწერის აღმოჩენისთანავე გადავაგზავნე სინჯები რადიოკარბონული დათარიღებისთვის აშშ-ის მაიამის ბეტა-ლაბორატორიაში. მაიამიდან მოგვივიდა დადგენილი თარიღი – ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის მიწურული/ მე-10 საუკუნე. ეს ძალიან ძველი თარიღია. იმ მიზნით, რომ დათარიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვი გაფანტულიყო, ვთხოვე ჩემს უცხოელ კოლგებს, რომ თვითონ აეღოთ სინჯები და თავისი შეხედულების მიხედვით გადაეგზავნათ მათივე შერჩეულ ლაბორატორიებში. ეს ორჯერ მოხდა: გერმანელებმა ციურიხის ლაბორატორია აირჩიეს, საიდანაც მოვიდა იგივე პასუხი – ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე. ეჭვის საბოლოოდ გასაქარწყლებლად იგივეს გაკეთება ვთხოვე ჩვენს იტალიელ პარტნიორებს. მათ მიერ შერჩეული გრონინგენის ლაბორატორიიდანაც მოვიდა იგივე პასუხი – ძვ.წ. მე-10 საუკუნე. ასე რომ, წარწერის თარიღი ეჭვს არ იწვევს – ეს არის 3 ათასი წლის წინანდელი წარწერა, სტაციონარულად გაკეთებული, მყარად მდგარ პოსტამენტზე, რომელიც არ შეიძლებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაეტანათ. რაც შეეხება წარწერის შინაარსს, მასზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კი წარწერა აღმოვაჩინე, იგი მაშინვე გავხსენი ფართო საზოგადოებისთვის, რათა ნებისმიერ მსურველს შეძლებოდა მასზე მუშაობა. ყველაზე წარმატებული ამ მიმართულებით იტალიელი ფრედერიკო მარიო ფალესი აღმოჩნდა – უდინეს უნივერსიტეტის პროფესორი და მსოფლიოში ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მკვლევარი. მას ვენეციაში ყოფნისას შევხვდი. საანალიზოდ გადავეცი გრაკლიანი გორასა და წარწერასთან დაკავშირებული სრული მასალა. 2 თვის მუშაობის შემდეგ მომწერა, რომ პირველი შედეგები ჰქონდა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ, დაადგინა, რომ ეს წარწერა იმ ადამიანის გამოძერწილია, ვისაც წარწერები მანამდეც აქვს გაკეთებული, ანუ პროფესიონალის ნამუშევარია. მარიო ამბობს, რომ ყველა ასო წაიკითხა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ გრაფემას რამდენიმე ფონეტიკური მნიშნვნელობა აქვს, მისი თქმით, „შინაარსის აკინძვა მარტივი არ არის“.

ამ ამოცანას ისიც ართულებს, რომ პირველ რიგში, როგორც ეს ყველა სხვა შემთხვევაში ხდება, დასადგენია ის, თუ რა ენაზე უნდა წავიკითხოთ ეს წარწერა. შესაძლოა, ინტერესმოკლებული არ არის ისიც, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ვმონაწილეობდი ასირიოლოგთა საერთაშორისო შეხვედრაში, რომელშიც დამწერლობების სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით წარვადგინე მოხსენება. ეჭვი არავის შეჰპარვია იმაში, რომ ეს ნამდვილად არის წარწერა. გაკვირვებას იწვევს ის ისტორიული კაზუსი, რომ კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე, გამოყენებულია უძველესი არამეული დამწერლობა – ათასობით კილომეტრის დაშორებით იქიდან, სადაც ეს დამწერლობა შეიქმნა. მაგრამ ეს მოულოდნელობაც ადვილი ასახსნელია – საჭიროა უარის თქმა მოძველებულ თეორიებსა და მოსაზრებებზე და საძიებელია ახალი მეცნიერული ფაქტები.

ამ წარწერების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვცა. პირველ რიგში ის, რომ საქართველოში, იბერიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ინტელექტუალურმა განვითარებამ 3 000 წლის წინ ცივილიზაციის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.

წარწერა არ არის ჰაერში გამოკიდებული რაღაც ერთეული აღმოჩენა – მას სათანადო არქეოლოგიური კონტექსტი აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ იბერიის ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს სხვა მიღწევებიც, მაგალითად, ისეთ რთულ სფეროში, როგორიც მეტროლოგიაა. გრაკლიანზე და მის სატელიტურ ძეგლებზე მოპოვებული ნივთების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოებისა და ვაჭრობის მაღალი დონის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, 3 000 წლის წინათ, აქ გამოიყენებოდა წონის კონკრეტული ერთეული. შეგახსენებთ – მეცნიერებაში აღიარებულია, რომ მეტროლოგიური სისტემის შემოღება საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების განსაკუთრებული საფეხურია, რადგან ადამიანი იწყებს თვლას, იწყება ციფრების გამოყენება და შესაბამისად, პირველადი საფუძველი ეყრება მეცნიერებას. ეს ნიშნავს იმასაც, რომ არსებობდა ადმინისტრაციული სტრუქტურა და ვაჭრობა დადგენილი წესებისა და წონის მიხედვით ხდებოდა. აქამდე, ვიდრე გრაკლიან გორაზე საწონები აღმოჩნდებოდა, ცნობილი იყო მხოლოდ 1 ტიპის საწონები სომხეთის ტერიტორიაზე. გრაკლიანზე აღმოჩენილია 6 სხვადასხვა ტიპის საწონი. რაც მთავარია, არის შემუშავეული წონის ლოკალური ერთეული – ეს არის 363 გრამი. ყველა საწონი ამ წონის ჯერადია. თუ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ გრაკლიანზე ძალიან დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი საბეჭდავებიც, რაც კერძო საკუთრების არსებობის დასტური გახლავთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ იბერიის საზოგადოებამ 3 000 წლის წინ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია.


არქეოლოგიური კვლევები უნივერსიტეტში გუშინ, დღეს...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგია ხელდასმულია ისეთი დიდი მეცნიერის, ერის ისეთი მოამაგის მიერ, როგორიც იყო ექვთიმე თაყაიშვილი. მან შეადგინა არქოლოგიის პირველი სახელმძღვანელო კურსი უნივერსიტეტისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მომდევნო თაობა, ძირითადად, იმ კურსზეა აღზრდილი. ბუნებრივია, ამას გარდა, უნივერსიტეტში იყო და არის ისეთი შესანიშნავი მეცნიერების პლეადა, როგორებიც გახლდათ გიორგი ნიორაძე, ოთარ ჯაფარიძე და მრავალი სხვა, რომლებიც უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ. ზოგიერთი ცნობილი და ღვაწლმოსილი არქეოლოგი დღესაც წარმატებით მუშაობს უნივერსიტეტში, საკმარისია დავასახელოთ პროფესორები გურამ გრიგოლია და გურამ ლორთქიფანიძე, რომელთაც განუზომელი წვლილი მიუძღვით არა მარტო წარმატებულ სამეცნიერო კვლევებში, არამედ ახალგაზრდა არქეოლოგთა აღზრდის საქმეში. დიდ შრომას ეწევიან ამ მიმართულებით პროფ. ზ. კვიციანი, მ. ფუთურიძე და კ. ფიცხელაური. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მოვიგონო უნივერსტეტში პროფესორებად მოწვეული ისეთი საყოველთაოდ აღიარებული არქეოლოგები, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსები ა. აფაქიძე და ოთ. ლორთქიფანიძე. მათ უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული არქეოლოგიის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და მის საერთაშორისო დონეზე შენარჩუნების საქმეში.

სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ დღეს უნივერსიტეტში აღზრდილი ახალგაზრდა არქეოლოგები ამ თაობის ლიდერები არიან. ისინი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ გათხრებს, არამედ საზღვარგარეთაც. ეს არის პირველი შემთხვევა უნივერსიტეტის სტუდენტ – არქეოლოგთა ისტორიაში. ისინი სამეცნიერო კვლევებს ატარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ – აზერბაიჯანში, ომანში, ირანში და კუნძულ კვიპროსზე. ჩვენი სტუდენტები და დოქტორანტები აარჰუსის, ოქსფორდის, ედინბურიგის, ინსბრუკისა და კა’ფოსკარის უნივერსიტეტების საველე პროგრამების მონაწილეები არიან.

ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგების სახეა ვარძიის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. აქ ჩვენი ახალგაზრდა არქეოლოგები წარმოადგენენ ინდივიდუალური კვლევის შედეგებს. ამ შედეგების განხილვა კი ხდება ისეთი ცნობილი უნივერისიტეტების პროფესორების წინაშე, როგორიც არის ოქსფორდის, იენის, კა’ფოსკარის, ბორდოს უნივერსიტეტები. ვარძიის კონფერენციაში, ტრადიცულად მონაწილეობენ ევროპის, აშშ-ის და ავსტრალიის საუკეთესო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვარძიის კონფერენციებში მონაწილეობამ გამოწრთო ჩვენი სტუდენტები და ახლა უკვე ისინი არა თუ ჩამოუვარდებიან, არამედ ხშირად გარკვეული უპირატესობაც აქვთ თავის უცხოელ თანატოლებთან, რომლებსაც სამეცნიერო კვლევის უკეთესი პირობები აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ მათ ბიბლიოთეკებში მუშაობის გაცილებით მეტი საშუალება აქვთ. ჩვენი სტუდნეტები კი, ძირითადად, ელექტრონული ბიბლიოთეკებით სარგებლობლობენ. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ერასმუს+ პროგრამის საშუალებით სტუდენტი-არქეოლოგები სისტემატურად სწავლობენ და მუშაობენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომელთა შორის გამოვყოფდი ვენეციის კა’ფოსკარის და იენის უნივერსიტეტებს.

ჩვენი სტუდენტები სწავლობენ საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპის არქეოლოგიურ ძეგლებს, ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციებსა და პროგრამებში. იკვლევენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო არქეოლოგიურად ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონის კვლევა როგორიც სვანეთია, სადაც პროფ. ზ. კვიციანის ხელმძღვანელობით სისტემატურდ მიმდინარეობს დიდი სამეცნიერო ღირებულების სამუშაოები. კახეთის უნიკალურ ძეგლებზე ას. პროფ. კ. ფიცხელაურის ხელმძღვანელობით მუშაობენ ჩვენი სტუდენტები. სტუდენტები დიდი მოცულობის სამუშაოებს აწარმოებენ ფართომასშტაბიანი მშენებლობების ზონებშიც, სადაც ხშირად მოწვეულ პროფ. გ. რჩეულიშვილს უხდება მუშაობა. მაგალითისათვის შემიძლია დავასახელო ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის ზონა ქარელის რაიონში, სადაც ჩვენი სტუდენტების მონაწილებით ორ სეზონში 300 – მდე ბრინჯაოს ხანის სამარხია შესწავლილი. განსკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტია ქალაქ ფაზისის ლოკალიზაციის კვლევა. 2 600 წლის წინ ფაზისი გახლდათ ეკონომიკურად და კულტურულად ყველაზე განვითარებული, დაწინაურებული ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირეთში. იგი დღემდე შეუსწავლელია, რადგან უცნობია მისი ადგილმდებარეობა. ამ კვლევებში, რომლებსაც ჩვენ მეთოდურად ვახორციელებთ, უდიდესი როლი ჩვენს სტუდენტებს აქვთ. საუბარია თითქმის გაუვალ ჭაობებში ჩატარებულ სადაზვერვო სამუშაოებზე. გარდა კოლხეთისა, მათ უხდებათ მუშაობა ჯავახეთის მაღალმთიან ზოლშიც. ამ რეგიონში ჩვენი სტუდენტების მიერ, ცხადია, ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად, 70-ზე მეტი აქამდე უცნობი არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი.

დასასრულისათვის აღვნიშნავ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არქეოლოგიის პროგრამა არის ყველაზე ინტერდისციპლინარული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის მასშტაბით და ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილიანი ევროპის საუნივერსიტეტო პარამეტრებითაც.

ასე, რომ ქართული საუნივერსიტეტო არქეოლოგია ცოცხალია და იმედი მაქვს, რომ ის კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.


აღმოჩენა, რომელზეც შეიძლება იოცნებო

მიუხედვად იმისა, რომ გრაკლიანზე გაკეთებული აღმოჩენები ერთი არქეოლოგის ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისია, ეტყობა მაინც ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ახალი მიღწევის, ახალი აღმოჩენისკენ სწრაფვის მუდმივი სურვილი. ტექნიკური, ფინანსური და ყველა სხვა საშუალების არსებობის პირობებში, პირველ რიგში გავაათმაგებდი სამუშაოებს გრაკლიანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიკვლეულ ძეგლებზე იმიტომ, რომ გრაკლიანი გორას გარშემო აკრავს საკულტო ფუნქციის მქონე სატელიტური ძეგლები, სადაც სრულიად არაჩვეულებრივი, უნიკალური მასალა ჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით დაკონსერვებულია უსახსრობის გამო.

სათანადო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროფ. გ. გრიგოლიასთან და ჩემს სტუდენტებთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, ასევე, ფაზისის ლოკალიზაციის საკითხზეც. ახალ სეისმოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩამომიყალიბდა აქამდე არსებული 12 სხვადასხვა მოსაზრებისაგან განსხვავებული ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მდებარეობდეს ეს საოცნებო ქალაქი. თუმცა, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა 12 მოსაზრებას, ცხადია, აქვს მეცნიერული საფუძველი და ყველა მეცნიერი თანაბრადაა დარწმუნებული თავისი ვერსიის სისწორეში. ჩემი მოსაზრება მეცამეტეა ამ ჩამონათვალში, მაგრამ ეს არ მაშინებს – რიცხვი ცამეტი კარგად მაქვს დაცდილი...

სხვა სტატიები »