ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქართველი კულტურის ფსიქოლოგების კვლევები საერთაშორისო სარბიელზე

ქართველი კულტურის ფსიქოლოგების კვლევები საერთაშორისო სარბიელზე
30 ოქტომბერი, 2018
როგორ მოქმედებს უცხო გარემოში ცხოვრება ადამიანის იდენტობაზე, ქცევასა ღირებულებებზე? – მრავალი წელია კულტურის ფსიქოლოგები ცდილობენ აღმოაჩინონ შესაფერისი თეორიული მიდგომები, რომლებიც შეძლებენ აღწერონ განსხვავებული კულტურების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დამახასიათებელ თავისებურებები. თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა – ლადო გამსახურდიამ, აღნიშნულ საკითხზე კვლევის პროცესში, განავითარა თეორიული ინოვაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გავიაზროთ უცხო გარემოში მცხოვრები ადამიანების უნიკალური გამოცდილება. ლადო გამსახურდიას მიერ მომზადებული სტატია, რომელიც ახალ თეორიულ მიდგომას აღწერს, საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში „კულტურა და ფსიქოლოგიაში“ გამოქვეყნდა. ჟურნალი მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს კულტურის ფსიქოლოგიის სფეროში.

ლადო გამსახურდია თავად გიამბობთ პროკულტურაციის თეორიის შესახებ.

თეორიული ინოვაცია: ქართველთა ეთნიკური იდენტობის თავისებურებები და ემიგრანტების გამოცდილების ახლებური გააზრება

ჩემი საკვლევი ინტერესები უკავშირდება პიროვნების განსხვავებულ კონტექსტებთან ადაპტაციის პროცესის თავისებურებების კვლევას. ასევე, ვიკვლევ იდენტობების ფორმირებისა და ფუნქციონირებების თავისებურებებს. მრავალი წელია ვანხორციელებ კვლევებს როგორც საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებსა და უცხოელ ემიგრანტებთან, ასევე, უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან მიმართებაში. საინტერესოა, თუ როგორ მოქმედებს უცხო გარემოში ცხოვრება ადამიანის იდენტობაზე, ქცევაზე, ღირებულებებზე და ა. შ.

კულტურის ფსიქოლოგები მრავალი ათეული წელია ცდილობენ მოძებნონ შესაფერისი თეორიული მიდგომები განსახვავებული კულტურების ერთმანეთთან ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თავისებურებების უკეთ გასაგებად. არსებული კვლევებისა და მასალების კრიტიკული ანალიზის პროცესში მივედი ინოვაციური ცნების – პროკულტურაციის – შემუშავებამდე, რომელიც ემიგრანტების გამოცდილებების ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა. პროკულტურაცია ძალზედ ცნობილი და ტრადიციული ცნების – აკულტურაციის – პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს. ის წინა პლანზე სწევს სუბიექტურობის მნიშვნელობას და შესაძლებლობას იძლევა რომ მოხდეს უცხო გარემოში მცხოვრები ადამიანების უნიკალური გამოცდილებების სიღრმისეული გააზრება.

ჩემს მიერ მომზადებული სტატია, „ადაპტაცია დიალოგურ პერსპექტივაში – აკულტურაციიდან პროკულტურაციამდე“ 2018 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა ჟურნალში „კულტურა და ფსიქოლოგია“ (ხუთწლიანი იმპაქტ ფაქტორი – 1.349). აღსანიშნავია, რომ ეს ჟურნალი სპეციფიურად მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს კულტურის ფსიქოლოგიის სფეროში.

გამოქვეყნებული ნაშრომი წარმოადგენს საპროგრამო დოკუმენტს და საფუძვლად უნდა დაედოს პროკულტურაციის კვლევების სერიას, რომელიც სრულფასოვანი თეორიული მოდელის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. სწორედ პროკულტურაციის თეორიის განვითარება წარმოადგენს უახლოეს წლებში ჩემს უახლოეს და უმთავრეს მიზანს. თუმცა, ჩემდა გასახარად მინდა აღვნიშნო, პროკულტურაციის ცნებამ გამოიწვია ინტერესი ამ სფეროთი დაინტერესებულ დასავლურ სამეცნიერო წრეებში.

მინდა, შევნიშნო, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში პირველი სტატია ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვაქვეყნე, რომელიც უშუალოდ ქართველთა ეთნიკურ იდენტობის თავისებურებებს შეეხებოდა.

თეორიის მნიშვნელობის შესახებ

პროკულტურაციის თეორიის განვითარება მნიშვნელოვანია ემიგრაციაში და საზოგადოდ, უცხო გარემოში მიმდინარე ინდივიდუალური ადაპტაციის თავისებურებების უკეთ გასაგებად. ამდენად, ამ გამოცდილებების უფრო ადეკვატური დიფერენცირების, გაგებისა და კონცეპტუალიზაციისათვის პროკულტურაციის ცნება სასარგებლოა. ამასთან, ამ ცნებაზე მუშაობა საბოლოო ჯამში განსხვავებული კულტურულ-ფსიქოლოგიური მიდგომების ინტეგრაციასა და ახალი სისტემური მიდგომის შემუშავების შესაძლებლობას ქმნის.

ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით, პროკულტურაციის ცნების გამოყენებით განხორციელებული კვლევების შედეგად მოპოვებული ცოდნა მოგვეხმარება ემიგრანტებზე გათვლილი უფრო ეფექტური პროგრამებისა თუ საზოგადოდ, პოლიტიკის შემუშავებაში. ეს უკანასკნელი კი საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე სამყაროში სოციალური მობილობა ძალზედ ინტენსიურია და სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უწევს ახალ და ახალ გარემოსთან შეგუება“. – ამბობს ლადო გამსახურდია.

***
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა 2016 წლის ზაფხულში მოიპოვა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი. 2016 წლის სექტემბრიდან კი კითხულობს ლექციებს თსუში.

„თსუ-ში მუშაობა სადისერტაციო ნაშრომის დაცვიდან უმოკლეს ხანში დავიწყე, შესაბამის კონკურსში გამარჯვების შედეგად. თსუ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია და აქ მუშაობის შესაძლებლობა როცა მომეცა, განსაკუთრებული ორჭოფობის გარეშე, მარტივად მივიღე გადაწყვეტილება. მაქვს უცხოეთში სწავლების გამოცდილებაც, კერძოდ, 2017 წლის შემოდგომის სემესტრში მიწვეული პროფესორის სტატუსით წავიკითხე სალექციო კურსი „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის საფუძვლებში“ ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტში. ასევე, 2018 წელს წავიკითხე 4 საჯარო ლექცია იაშის უნივერსიტეტში, რომელიც უძველესია რუმინეთში.

უკანასკნელი წლების მანძილზე მოპოვებული საერთაშორისო სტიპენდიების საშუალებით სხვადასხვა დროს მიწვეული ან ასოცირებული მკვლევრის სტატუსით ვმუშაობდი ჩიკაგოს უნივერსიტეტში (აშშ), მადრიდის ავტონომიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი), ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია), ლუქსემბურგის უნივერსიტეტში (ლუქსემბურგი) და UPV/EHU-ში (ესპანეთი). უცხოელ პარტნიორებთან დღემდე ვინარჩუნებ სამუშაო კონტაქტებს და იმედი მაქვს მომავალში საერთაშორისო პროექტების განხორციელების საშუალება მოგვეცემა, რაც საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო რუკაზე წარმოჩინებას და დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია კვლევებზე მუშაობის პროცესში“, – ამბობს მკვლევარი.


სხვა სტატიები »