ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

27 წლის ქართველი მეცნიერი – CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის წარმატებული მონაწილე

27 წლის ქართველი მეცნიერი – CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის წარმატებული მონაწილე
30 ოქტომბერი, 2018
„ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მეცნიერი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი, ის ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს“, – ამ სიტყვებით ახასიათებს კავკასიაში ყველაზე მაღალციტირებადი მეცნიერ-მკვლევარი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, CERN-ის ქართული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ ჯობავა თავის სტუდენტს, არჩილ დურგლიშვილს.

არჩილი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და უკვე 6 წელია, რაც ატომური ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ATLAS ექსპერიმენტის წარმატებული მონაწილეა. არადა ფიზიკით განსაკუთრებულად გატაცებული არასდროს ყოფილა, მეტიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხვდა. „რუსთავის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე. სკოლაში 5 წლის შემიყვანეს, 16 წლის, საკმაოდ პატარა ვიყავი როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი და არ ვიცოდი რა მინდოდა. ჩემი ძმა ფიზიკის მიმართულებით სწავლობდა, ამიტომ გადავწყვიტე მეც მასავით ამ მიმართულებით წავსულიყავი,“ – ამბობს ახალგაზრდა, ახლა უკვე წარმატებული მეცნიერი.

როგორც ჩანს, არც შემცდარა – „შემთხვევითმა“ არჩევანმა გაამართლა და არჩილი სწორედ იქ მოხვდა, სადაც უნდა მოხვედრილიყო. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან ძალიან მალე სტუდენტის ნიჭი ყურადღების მიღმა არ დარჩენია მის ლექტორს, პროფესორ თეიმურაზ ნადარეიშვილს. არჩილი ჯერ კიდევ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი იყო, როდესაც პროფესორ ნადარეიშვილის დახმარებით CERN-ის ქართულ ჯგუფთან დაამყარა კავშირი. საწყის ეტაპზე სირთულეებმა იჩინა თავი. როგორც თავად ამბობს, ასაკით პატარა იყო და გაუჭირდა, ამიტომ გადაწყვიტა რაღაც პერიოდის განმავლობაში პაუზა აეღო. მოგვიანებით, 21 წლის ასაკში, უკვე მაგისტრატურაზე  ჩაბარების შემდეგ კი ნელ-ნელა ჩაერთო  ATLAS ექსპერიმენტის სამუშაოებში.

თავდაპირველად, 2012 წელს  ATLAS კოლაბორაციისგან ერთწლიანი საკვალიფიკაციო დავალება მიიღო, რომელიც ერთ წელში წარმატებით შეასრულა. 2013 წლიდან კოლაბორაციის სრულფასოვანი წევრი და ყველა იმ სტატიის თანაავტორია, რომელიც  ATLAS კოლაბორაციის სახელით გამოდის. „ზოგადად, სანამ ადამიანი ATLAS კოლაბორაციის წევრი გახდება, მას ერთწლიან დავალებას აძლევენ. ალბათ ეს დავალება საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი დავალება ATLAS დეტექტორის ერთ-ერთ ქვედეტექტორს ადრონულ კალორიმეტრს უკავშირდებოდა. ერთ წელში ამოცანა დავასრულე და ჩემი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, სხვა დავალებები მივიღე, ასე ნელ-ნელა ჩავერთე ATLAS ექსპერიმენტში“, – ამბობს არჩილი.

ATLAS კოლაბორაციის სხვადასხვა ამოცანებიდან ყველაზე გამორჩეული, რომელმაც ახალგაზრდა მეცნიერს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ტოპ კვარკს უკავშირდება, ნაწილაკს, რომელიც ახალი ფიზიკის აღმოსაჩენად აღებს კარს. 2017 წელს პორტუგალიაში, ტოპ კვარკის საერთაშორისო კონფერენციაზე არჩილმა, სხვა მეცნიერებთან ერთად, ტოპ კვარკთან დაკავშირებული შედეგები წარადგინა, ორი თვის წინ კი ATLAS კოლაბორაციამ სტატიაში სწორედ მისი მიღებული შედეგები გამოაქვეყნა. კონკრეტულად რაში მდგომარეობს არჩილის წარმატება და რა შედეგებზეა საუბარია – ახალგაზრდა მეცნიერი ურთულესი მექანიზმის რაც შეიძლება მარტივ და ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნას ცდილობს. „ტოპ კვარკი პროტონების დაჯახების შედეგად იბადება და ჩვენი ამოცანაა დავაფიქსიროთ მისი იშვიათი დაშლა ანუ ტოპ კვარკის სხვა ნაწილაკად გარდაქმნა, რასაც ახალ ფიზიკამდე მივყავართ. სამწუხაროდ, ჯერ ეს არ დაფიქსირებულა, თუმცა შედეგები გავაუმჯობესეთ. სტანდარტული მოდელი გვეუბნება, რომ 100 მილიარდი ტოპ კვარკიდან მარტო ერთი შეიძლება იშვიათი დაშლით დაიშალოს, სტანდარტული მოდელის გაფართოებული მოდელი კი ამბობს, რომ არის შანსი ათი ათასი ტოპ კვარკიდან ერთი იშვიათი დაშლით დაიშალოს. ჩემი წარმატება კი იმაში მდგომარეობს, რომ მე გავზომე ის ალბათობა, რაზე დიდიც არ შეიძლება იყოს ტოპ კვარკის იშვიათი დაშლა, ანუ რაღაც რიცხვი, რაზე მეტიც არ შეიძლება იყოს, რაც ზღვარს ადებს გარკვეული თეორიული მოდელების პარამეტრებს. ATLAS კოლაბორაციამ კი სწორედ ჩემი მიღებული შედეგები გამოაქვეყნა სტატიაში,“ – განმარტავს არჩილი, თუმცა საკუთარ წარმატებაზე ხმამაღლა საუბარი არ ხიბლავს და ძირითად ყურადღებას სამომავლო გეგმებზე ამახვილებს.

ამჟამად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია, პარალელურად ATLAS კოლაბორაციაში მუშაობას აგრძელებს და, როგორც თვითონ ამბობს, „მუღამი აქვს“ რომ ახალი ფიზიკის კარი შეაღოს და მეტი სიახლე აღმოაჩინოს. „რაც უფრო ბევრი პროტონი დაეჯახება ერთმანეთს, მით მეტი შანსი იქნება, ტოპ კვარკის იშვიათი დაშლა ვიპოვოთ, რაც ახალ ფიზიკამდე მიგვიყვანს და სიახლეების აღმოჩენის შანსს გაზრდის. მეც ვაგრძელებ...“ – ასე ასრულებს საუბარს ახალგაზრდა მეცნიერი.

მანამ სანამ არჩილ დურგლიშვილი სიახლეების ძიებაშია, მის ლექტორს, მეცნიერ-მკვლევარ თამარ ჯობავას იმედი აქვს, რომ ატომური ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ATLAS ექსპერიმენტში ქართველი მეცნიერების ოცდახუთი წლიან მოღვაწეობას ახალი თაობა წარმატებით გააგრძელებს.


სხვა სტატიები »