ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

BLOOMBERG-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ-ში

BLOOMBERG-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ-ში
23 ოქტომბერი, 2016
„BLOOMBERG-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორიის ტერმინალი თსუ სტუდენტებს აძლევს საშუალებას იყვნენ რეალური დროის რეჟიმში, სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალური განათლება და ჰქონდეთ ღრმა კვლევები. ლაბორატორიას გამოიყენებენ ფინანსისტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, იურისტები, მათემატიკოსები...“ – ასე განმარტავს ლაბორატორიის მნიშვნელობას კვლევითი ლაბორატორიის გახსნის იდეის ავტორი, თსუ-ის პროფესორი ემზარ ჯგერენაია.
19 სექტემბერს გახსნილი დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) აძლევს საშუალებას ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, მოაწყონ მის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულ რეალურ ლაბორატორიებში დაეუფლონ ცოდნას და შეძლონ ამ ცოდნის ტესტირება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
BLOOMBERG-ის პლატფორმით თსუ-ს ასევე ექნება პირდაპირი წვდომა მის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და, ამავდროულად, შეასრულონ მსგავსი ოპერაციები რეალური დროის რეჟიმში.
ლაბორატორიის შესაძლებლობების შესახებ მისი ხელმძღვანელი, ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება:
„BLOOMBERG-ის ლაბორატორია განკუთვნილია არამარტო სტუდენტებისთვის,არამედ დოქტორანტებისთვის, პროფესორებისთვის და ზოგადად მკვლევარებისთვის. ეს არის უნიკალური მონაცემთა ბაზა, უნიკალური ბიბლიოთეკა, ყოველ წამს განახლებადი და ყველაზე უტყუარი ინფორმაციით საფინანსო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში.
სააგენტო 25 წლის წინ დაარსდა იმისთვის, რომ კომერციული სტრუქტურებისთვის ბანკებისთვის, საპენსიო ფონდებისთვისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მიეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო ბაზართან. ბლუმბერგი ეს არის ამავდროულად მოედანი, რინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც ემსახურება 15 ათასი ადამიანი, ისინი ახორციელებენ მსოფლიოს სამივე სახის ბაზრის მონაწილეებს შორის გარიგებებს. ჩვენს ლაბორატორიაში არსებულ კომპიუტერებს აქვთ პირდაპირი წვდომა საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან.
ლაბორატორიას გამოიყენებენ ფინანსისტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, იურისტები, მათემატიკოსები. იმისთვის, რომ მოძებნოთ ესა თუ ის ინფორმაცია, გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ინსტრუქციის გავლა, ინფორმაციის მოძიებისას, მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ შაქარი, ტერმინალი გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, დინამიკას, ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა, რამ განაპირობა მისი ამგვარი ფასი. ყველა ანალიზი, რაც მთავარია არის პროფესიულ დონეზე. ამასთანავე, გვერდში აქვს ე.წ ჩატით, სადაც ნებისმიერ კითხვაზე გპასუხობენ კონსულტანტი პროფესიონალები, მათი რაოდენობა მთლიანობაში 1400 კაცს წარმოადგენს.
დედამიწაზე ყველაზე რთული და ძნელი ფულის შოვნაა, ეს კი არის ფულის „საჭრელი მანქანა“ ჭკვიანი ადამიანისთვის. ჩვენი სტუდენტები იქნებიან ჭკვიანი, ბლუმბერგის სერტიფიცირებული სტუდენტები. ჩვენ ვაძლევთ საერთაშორისო დონის განათლებას, პირდაპირ დაგისახელებთ, ისეთს როგორსაც აძლევს სტუდენტებს ჰარვარდი.
ასეთი ინფორმაციის მიმწოდებელი ნებისმიერი პორტალი, სულ ოთხია მსოფლიოში. მათ შორის ყველაზე წამყვანი და ნოვატორულია ბლუმბერგი. ბლუმბერგმა რამდენიმე უნივერსიტეტს გაუკეთა საჩუქარი და დააფინანსა 80%-იანი გრანტით, მათ შორის ჩვენც ვართ. ამ გრანტის ფარგლებში ნოემბრის თვეში დამატებითი ინფრასტრუქტურა ჩამოვა.
ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, კვლევა, ლექციები. ლექციები არ არის რუტინული, ადრე რომ პედაგოგი კარნახობდა, სტუდენტი კი იწერდა. ჩემს სტუდენტებს ვაძლევ ამოცანებს, ისინი ეძებენ ინფორმაციას, ამუშავებენ მას და იღებენ პასუხებს. ეს არის სწავლების ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც მსოფლიოშია მიღებული“.
ლაბორატორიით სარგებლობა თსუ-ს ყველა სტუდენტს შეუძლია.
სხვა სტატიები »