ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ინსტიტუტის ჟურნალი Elsevier-ის ბაზაში შევიდა

თსუ ინსტიტუტის ჟურნალი Elsevier-ის ბაზაში შევიდა
30 ნოემბერი, 2015
გასულ წელს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოში გამოცემული ჟურნალის Elsevier-ის ბაზაში განსათავსებლად კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსში მონაწილეობას 50-ზე მეტი ჟურნალი იღებდა, რომელთგანაც ფონდმა 8 შეარჩია. Elsevier-ის მიერ ამ რვა ჟურნალიდან გამორჩეულ იქნა ორი და მათგან ერთ-ერთი „ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“ აღმოჩნდა. 2016 წლიდან ეს ჟურნალი გამოიცემა სახელწოდებით "Transactions of A.Razmadze Mathematical Institute", მისი პირველი გამოცემა იქნება ჟურნალის 170-ე ტომი, რომელიც მისი წინამორბედის ტომების ნუმერაციას გააგრძელებს. ამგვარად აქ არ მოხდება რიგითობის წყვეტა.

"Transactions of A.Razmadze Mathematical Institute" ნიკო მუსხელიშვილის მიერ 1937 წელს დაარსებული მათემატიკური ჟურნალის გაგრძელებაა, რომელსაც 1947 წლის ჩათვლით ჰქონდა დასახელება ფრანგულ ენაზე: Travaux de L’Institute Mathematique de Tbilisi, t. 1-15 (1937-1947). ამ წლების განმავლობაში ჟურნალში გამოქვეყნდა მსოფლიოში ძალიან ცნობილი მათემატიკოსების ნაშრომები, ისეთების, როგორიცაა: ადამარი, ტონელი (რომელიც გახლდათ ანდრია რაზმაძის დისერტაციის ოპონენტი სორბონაში), ბერგმანი, ერდეში, გიუნტერი, ჰარტმანი, უინტნერი, ლანდაუ, ლუ-კენგ ჰუა, კელდიში, ოსტროვსკი, ლავრენტიევი, გიორგი ნიკოლაძე და სხვა. შემდგომში ამ ჟურნალის გაგრძელება გამოდიოდა ორი, ქართული და რუსული დასახელებით: "Труды Тбилисского Математического Института", "თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები", ტ. 16-73 (1948-1983), მის გაგრძელებას მხოლოდ რუსული დასახელებაღა შერჩა, ტ. 74-99(1984-1990), 1990 წლიდან ჟურნალი გამოდის მხოლოდ ინგლისურ ენაზე სახელწოდებით „Proceedings of A. Razmadze Mathematical Institute“, ტ. 100-169(1990-2015).

"შეიცვალა ჟურნალის გარეკანის დიზაინი. როგორც ხედავთ, მას კვლავ ამშვენებს ანდრია რაზმაძის გამოსახულება და ქართულ ენაზე არის წარწერა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ელსევიერის ეგიდით გამოცემულ ჟურნალებს შორის მე პირადად ვერ მოვიძიე რომელიმე ქვეყნის ჟურნალი, რომელსაც ამ ქვეყნის ენაზე ჰქონდეს წარწერა“, _ აცხადებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, თსუ ა. რაზმაძის მატემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ვახტანგ კოკილაშვილი.

პირველი ტომიდან დაწყებული დღემდე ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების რეფერირება ხდება მსოფლიოს სამ ძირითად რეფერატულ ჟურნალში: ა) "Mathematical Reviews" (აშშ), ბ) "Zentralblatt Für Mathematik" (გერმანია), გ) "Реферативный Журнал" (რუსეთი).

ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალში გამოქვეყნებულია ავტორთა შრომები: აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან, ხორვატიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ჰონგ კონგიდან, ალჟირიდან, მაროკოდან და ნიგერიიდან.

ჟურნალში ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების მეცნიერულ ღირებულებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მთელი რიგი ავტორების შედეგები შემდგომში შევიდა მონოგრაფიებში. ეს მონოგრაფიები კი გამოქვეყნებულია მსოფლიოს მაღალავტორიტეტულ გამომცემლობებში: Chapman and Hall, BirkhÄuser, Springer, World Scientific და სხვა.

გამოცემის პირველი დღიდან დღემდე ჟურნალში ქვეყნდებოდა და მომავალშიც გამოქვეყნდება მხოლოდ კვლევითი ხასიათის უახლესი შედეგები. ასეთი ტიპის ჟურნალს, მიჩნეულია, რომ უფრო მიესადაგება Transactions, ვიდრე Proceedings. ამ უკანასკნელი ტიპის ჟურნალებში შეიძლება გამოქვეყნდეს სასწავლო ხასიათის სტატიები, პოპულარული სტატიები და სხვა.

Elsevier-ის ბაზაში ჟურნალის განთავსებასთან დაკავშირებით გადახალისდა სარედაქციო კოლეგია. დაცულია ბალანსი უცხოელი და ქართველი გამომცემლების (Editors) რიცხოვნობას შორის. გამომცემლების შემადგენლობა წარმოდგენილია ორ ნაწილად: გამომცემლები, ისინი მხოლოდ უცხოელები არიან. მათი ციტირების H-ინდექსი Scopus-ის მიხედვით მერყეობს 12-დან 17-მდე, ასევე მაღალია ასოცირებული გამომცემლების (Associate Editors) რეიტინგები.

როგორც ვახტანგ კოკილაშვილი აღნიშნავს, დღემდე გამოქვეყნებული ტომების მოცულობა 130 გვერდიდან 160 გვერდამდე მერყეობს. 2016 წელს დაგეგმილია 3 ტომის გამოცემა, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ 500 გვერდამდე იქნება. რა თქმა უნდა მოცულობა ასევე დამოკიდებული იქნება შემოსული სტატიების რაოდენობაზე, მაგრამ Eლსევიერ-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად იგი 500 გვერდს ვერ გადააჭარბებს.

ჟურნალში ქვეყნდება მხოლოდ კვლევითი ხასიათის უახლესი მეცნიერული შედეგები. გარდა ამისა, დასრულებული კვლევითი ხასიათის შედეგების შესახებ მოკლე შეტყობინებები, შეტყობინებები მომავალი კონფერენციების, სიმპოზიუმების შესახებ, აგრეთვე ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებების მოკლე ვარიანტები. ეს ყველაფერი ქართველი მათემატიკოსების შედეგების დროულ დაფიქსირებას, საავტორო უფლებების დაცვას ემსახურება.

ნაშრომები საშუალოდ ორ რეცენზენტს ეგზავნება. რეცენზენტთა შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები მათემატიკის სხვადასხვა დარგში.
 
ჟურნალ Elsevier-ის ბაზაში განთავსება ხელს, პირველ რიგში, ქართველ მათემატიკოსთა ნაშრომების მეტ ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს. ეს განაპირობებს მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას, მეტი უცხოელი ავტორების მოზიდვას, ჟურნალის ცნობადობის ამაღლებას. ყველაფერი ეს იქნება ჟურნალის შემდგომი განვითარების საწინდარი.


სხვა სტატიები »