ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ სტუდენტები გამოგონებას დუბაიში წარადგენენ

თსუ სტუდენტები გამოგონებას დუბაიში წარადგენენ
24 ნოემბერი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტები გიორგი მეშველიანი და სიმონ ინვია, აგრეთვე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტები გიორგი გაბარაშვილი და დიმიტრი ცხოვრებაძე მონაწილეობას მიიღებენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაი მოლში DP ჭორლდ-ის გამოფენაზე. საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე, რომელიც 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე იმართება, სტუდენტები ერთობლივ გამოგონებას _ „ინტერაქტიულ ხელთათმანს“ წარადგენენ. ვირტუალური ხელთათმანის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ვირტუალურ რეალობაში ვირტუალური ობიექტების მართვა და შეგრძნება. ახალგაზრდა გამომგონებლებს კომაროვის სკოლა აერთიანებს. სხვადასხვა ერთობლივ პროექტებზე ჯერ კიდევ სკოლიდანვე დაიწყეს მუშაობა.

როგორც გიორგი მეშველიანი განმარტავს, მათი გამოგონების შექმნა დაახლოებით 150 დოლარამდე დაჯდა. უკვე არსებული, მსგავსი ტიპის ხელთათმანებისაგან კი იგი იმით განსხვავდება, რომ ამ გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეეძლებათ მაქსიმალურად იგრძნონ თავად ვირტუალური ობიექტები და ასევე მათი სიმკვრივე და ტემპერატურაც. მეორეკურსელი გიორგი მეშველიანი და პირველკურსელი სიმონ ინვია თავის მეგობრებთან ერთად ხელთათმანის სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში წარმოდგენის პარალელურად მის უფრო დახვეწილ მოდელებზეც მუშაობენ.

„ერთად არაერთ კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა. ყველაფერი კი ჰაკათონით დაიწყო, სადაც მე-3 ადგილი ავიღეთ. შემდეგ იყო კონკურსი ინტელ აისეფი (INTEL ISSEF) და სხვა. რადგან უკვე კარგ გუნდად ჩამვყალიბდით, მომავალშიც ერთად ვფიქრობთ მუშაობას. გვსურს ჩვენი გამოგონება ვაქციოთ ბიზნესისთვის კარგ პროდუქტად. ამ ეტაპზე ამაზე ვმუშაობთ“. _ ამბობს გიორგი მეშველიანი.
როგორც გამოგონების ავტორები ფიქრობენ, ამ ინტერაქტიული ხელთათმანის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მოდელის მომავალში გამოყენება რამდენიმე მიმართულებით იქნება შესაძლებელი. კერძოდ, რობოტიკაში (მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რობოტების შექმნის, კვლევის და გამოყენების შესახებ), მედიცინაში, დისტანციაზე ოპერაციების ჩატარების თვალსაზრისით და ასევე სამხედრო დარგში, უკვე ტრენინგების თვალსაზრისით.

გამოფენაზე სტუდენტებს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. სტუდენტებმა, სხვა გამომგონებლებთან ერთად, ინტერაქტიული ხელთათმანი 10-17 ნოემბერს თბილისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზეც წარმოადგინეს.

სხვა სტატიები »