ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მსოფლიოში უნიკალური ფორმის სტალაქტიტებს თსუ მეცნიერები შეისწავლიან

მსოფლიოში უნიკალური ფორმის სტალაქტიტებს თსუ მეცნიერები შეისწავლიან
26 მაისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე არსებული უიშვიათესი მონაცემების მქონე კარსტული მღვიმის შესწავლას იწყებენ.

ნაქერალას უღელტეხილზე რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ მღვიმეში (მურადის მღვიმე) მთამსვლელთა და მოგზაურთა ჯგუფ „თეთნულდის“ წევრებმა უნიკალურ ნაღვენთ ფორმებს მიაკვლია. მღვიმეში  არსებული მსოფლიოში უიშვიათესი ნაღვენთი ფორმები _ სტალაქტიტები მსოფლიო მეცნიერთა სერიოზული შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს. აღნიშნული  ფორმის სტალაქტიტების წარმოქმნის მექანიზმის დადგენა, მათი შემადგენლობის, მათზე წყლის, ჰაერის მასების, მიკროორგანიზმების ზემოქმედების სამეცნიერო კვლევა მსოფლიო დონის სპელეოლოგთა დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

მღვიმის სამეცნიერო შესწავლა და მისი უნიკალურობის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს სპელეოლოგიური მეცნიერების, აგრეთვე, სპელეო და  ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას.

თსუ დოქტორანტის, საქართველოს სპელეოლოგიური საზოგადოების  წევრის ლაშა ასანიძის განცხადებით, აუცილებელია ამ  მღვიმის დაცვა, რათა არ განადგურდეს მღვიმეში არსებული და სრულიად შეუსწავლელი ნაღვენთი ფორმები. აგრეთვე, დასარეგულირებელია მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის შენარჩუნების საკითხი, რადგან მღვიმესთან ახლოს იჩეხება მრავალწლოვანი ხეები. 

თსუ სპელეოლოგთა განცხადებით, უიშვიათესი ფორმის სტალაქტიტები ამ მღვიმისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.

სხვა სტატიები »