ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის საიუბილეო საღამო თსუ-ში

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის საიუბილეო საღამო თსუ-ში
16 აპრილი, 2015
16 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, თსუ პროფესორისა და რექტორის მრჩევლის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

თამაზ გამყრელიძის მეცნიერული ღვაწლი ქართველი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. საზოგადოებას მხოლოდ რამდენიმე დეტალს შევახსენებთ მისი ბიოგრაფიიდან: თამაზ გამყრელიძე იკვლევს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ. ქართველოლოგიურ ნაშრომებში აღდგენილია საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები. თამაზ გამყრელიძის ნაშრომები გამოცემულია არაერთ ენაზე; იგი ათეულზე  მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასოციაციისა და ჯგუფის წევრია.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

საღამოზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - ,,თამაზ გამყრელიძე - მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მოღვაწეობის ნაცნობი და უცნობი მხარეები" (ავტორი: ნინო კაკულია), ასევე გაიმართა უნივერსიტეტის სტამბის მიერ გამოცემული წიგნის - ,,თამაზ გამყრელიძე - რჩეული წერილები და გამოსვლები" პრეზენტაცია.

სხვა სტატიები »