ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები

საქართველოს ეკონომიკა - რეფორმები და ფსევდორეფორმები
24 აპრილი, 2015
“ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან დაიწყო. როგორც მთელი საზოგადოების, ისე ქართველი ეკონომისტებისთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა განსაკუთრებით 1989 წლის აპრილის ცნობილმა მოვლენებმა გახადა აქტუალური. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის არაერთი კონცეფცია შეიქმნა, რომელთა შორის უნდა გამოიყოს რუსთაველის საზოგადოებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის ეგიდით მომზადებული დოკუმენტები. ისიც საყურადღებოა, რომ მსგავსი ხასიათის დოკუმენტი საქართველოს კომუნისტური პარტიის სახელითაც კი იქნა მიღებული, თუმცა ის, ამ ტიპის ხსენებული დოკუმენტებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ნაკლებად თამამი იდეების შემცველი იყო. საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფციებზე მუშაობამ ქართველ ეკონომისტთა ცოდნის არეალის გაფართოებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია, რადგანაც მათ არა უბრალოდ უნდა დაეწყოთ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკაზე ფიქრი, არამედ ამ დამოუკიდებლობის საფუძვლად საბჭოთა კავშირისთვის განსხვავებული ტიპის ეკონომიკურ მოდელი - საბაზრო ეკონომიკა უნდა გაეთავისებინათ". - ასე იწყებს თავის წიგნს „საქართველოს ეკონომიკა, რეფორმები და ფსევდორეფორმები“ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა.

წიგნის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 აპრილს გაიმართა. გამოცემაში მკითხველს ეძლევა უნიკალური საშუალება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თვალი მიადევნოს დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ისტორიას, გაიხსენოს ბევრი საინტერესო ფაქტი და მოვლენა, ახლებურად დაინახოს იგი - ავტორის პრიზმიდან, გამოიტანოს დასკვნები.

როგორ ჩატარდა ქართული „შოკური თერაპია“ პოლონური სცენარით; რა ზეგავლენა მოახდინა 90-იანი წლების მიწურულს რუსეთის დეფოლტმა საქართველოზე; რას გულისხმობდა ლეშეკ ბალცეროვიჩისა და არაეკონომისტების არაეკონომიკური პოლიტიკა; რა როლი ითამაშა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რევოლუციამდელი საქართველოს ეკონომიკის რეფორმირებაში? - მკითხველი შეძლებს მიიღოს პასუხები ამ კითხვებზე ადამიანისგან, რომელიც ხშირად უშუალოდ იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაიაზროს ისინი დღევანდელი გადასახედიდან.
თუმცა ისტორია გრძელდება და წიგნიც მას მიჰყვება: პოსტრევოლუციურ საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების დუალისტური ხასიათი; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის „ ვარდისფერი“ შეცდომები; სიღარიბის პრობლემა და მისი დაძლევის „ვარდისფერი“ გამოცდილება; გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ომისშემდგომი საქართველოს ეკონომიკური პრობლემები; პოსტსაბჭოთა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა; „პოსტვარდისფერი“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი გამოწვევები; პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ვექტორის შესახებ; ნეკროეკონომიკისა და ეკონომიკის ზომბირების არსი - ასეთია იმ თემების ჩამონათვალი, რომელზეც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი თსუ რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა წერს.

წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისთვის, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორებისათვის, აგრეთვე, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საქართველოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემები აინტერესებს, მათი გააზრება და ქართული ეკონომიკური გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა სურს.

სხვა სტატიები »