ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ ახლადშექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ ახლადშექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია
21 აპრილი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ ახლადშექმნილი ვებგვერდის tsu.ge/science და  ჟურნალის 2014 წლის წლიური გამოშვების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, მეცნიერები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის სამეცნიერო საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამ საქმეს.  რამდენიმე წელია გამოდის ორენოვანი ჟურნალი „თსუ მეცნიერება“, ამჯერად კი შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს. შესაძლებელი გახდება გამოქვეყნებული სტატიის გარშემო დისკუსიის გამართვა. ამასთან, ჟურნალის ვებსაიტზე შესაძლებელი გახდება ჩვენი მეცნიერების სხვადასხვა მიღწევების ასახვა.“
"ჟურნალის ვებსაიტი გააფართოებს სამეცნიერო დისციპლინების არეალს. ინტერნეტსივრცეში უცხო ენაზე ამ მასალების წარმოდგენა აუცილებლად დააინტერესებს ამ დარგის სპეციალისტებს; ხელს შეუწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას და არსებული კონტაქტების გაღრმავებას,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მერაბ ელიაშვილმა.

ჟურნალის რედაქტორის თამარ ხორბალაძის განცხადებით, „ჟურნალის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ, იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების შესახებ, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს. ამიტომ ჟურნალიც და ვებ-გვერდიც ქართულად და ინგლისურად მოვამზადეთ. რაც მთავარია, ეს პროდუქტი არ არის გამიზნული მხოლოდ მეცნიერებისთვის. ჩვენ შეძლებისდაგვარად მარტივ ენაზე ვცდილობთ მოვუთხროთ მკითხველს რთულ სამეცნიერო თემებზე.“

ახალი ვებგვერდი ორენოვანია და ის მომხმარებელს გააცნობს ჟურნალში „თსუ მეცნიერება“ გამოქვეყნებულ მასალებს და ინფორმაციას მკვლევრების შესახებ; ვებგვერდს აქვს ფორუმი, რომელიც მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველს, რომლებიც საიტზე დარეგისტრირდებიან, კვლევების შესახებ მოსაზრების გამოთქმის და მეცნიერებთან დისკუსიაში ჩართვის საშუალებას მისცემს; ვებგვერდზე ასევე განთავსდება თსუ-ს მთავარი სამეცნიერო სიახლეების შესახებ უახლესი ინფორმაცია;  თსუ და მოწვეული ლექტორების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეო-მასალა;  ვებგვერდის ენა და მოხმარება მარტივია და ის არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის არის გამიზნული.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაა. სამეცნიერო-პუპულარული ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.

ჟურნალი გამოდის ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ პუბლიკაციებად არის წარმოდგენილი.
სხვა სტატიები »