ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში

სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში
23 აპრილი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა. ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე შვიდივე საფაკულტეტო კომისიების და  საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ საუკეთესო მოხსენებებს  წაიკითხავენ ავტორები - თსუ პროფესორები, ემერიტუსები, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.

ღონისძიებებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები,  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაბადების დღეს უკვე მეორედ ტარდება სამეცნიერო ფორუმი, რომლის მიზანია უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, წინა წლის სამეცნიერო მოღვაწეობის შეჯამება.“

23 აპრილი, ფორუმის პირველი დღე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ თსუ პროფესორების, ემერიტუსების, მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს  დაეთმო. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი თანხა თითოეულს 5 ათასი ლარის ოდენობით.

„უდაოდ მისასალმებელი ინიციატივაა ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმისთვის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოვლენა. პროფესორები საფუძვლიანად ვემზადებით ამ ფორუმისთვის. მედიცინის ფაკულტეტიდან ჩემი მოხსენება შეარჩიეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევის შედეგის საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე წარდგენა,“- აღნიშნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, რომლის სამეცნიერო  მოხსენება ,,ახალი  ფრაგმენტები  ღვიძლის  დუქტულური  რეაქციის რთული  მოზაიკური  სურათის  შესავსებად“ ფორუმისთვის შეარჩია მედიცინის ფაკულტეტმა.

ფორუმზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო პროფესორის, აკადემიკოს აპოლონ სილაგაძის მოხსენება “მეგრული ლექსთწყობა“; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა შეარჩია პროფესორ ნოდარ ცინცაძის მოხსენება “გადაგვარებული კვანტური პლაზმის ზოგიერთი ახალი ასპექტები“;  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარადგინა პროფესორ კორნელი კაკაჩიას ნაშრომი "აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები: სტრატეგიული კავშირის საფუძვლები და გამოწვევები. ანგარიში 2013;" იურიდიულმა ფაკულტეტმა პროფესორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის მოხსენება „დააკნინა თუ არა „კოსოვოს პრეცედენტმა“ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულება გაეროს წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი საქართველოს ჩათვლით?“ შეარჩია;  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარადგინა  ასოცირებული პროფესორის ვახტანგ ნადარეიშვილის  მოხსენება „ნორმატიული და დევიაციური აქტივობის ფსიქოლოგიური ასპექტები დ. უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდან“.   

24 აპრილს თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეულ სამეცნიერო მოხსენებებს. მოხსენების ავტორებს გადაეცემათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებს - 500 ლარის,  მაგისტრანტებს- 1000 ლარის, დოქტორანტებს- 1500 ლარის ოდენობით.    

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით პირველად შარშან, 2014 წელს გაიმართა.  მასში თსუ ექვსივე ფაკულტეტის პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალურად სამეცნიერო ფორუმისთვის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციამ მოამზადა კრებული - ,,კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა - ივანე ჯავახიშვილი” (შემდგენელი და რედაქტორი ნინო კაკულია), რომელიც სამეცნიერო ფორუმში გამარჯვებულებს გადაეცათ.

უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენი დარბაზში მოეწყო ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი, მუზეუმში დაცული, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდში მოპოვებული და არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ "გრაკლიან გორაზე’’ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის გამოფენა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა  1876 წლის  23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2015 წელს  მეცნიერის 139 წლისთავს აღნიშნავს.

სხვა სტატიები »