ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერება №6 - წლიური გამოცემა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის

თსუ მეცნიერება №6 - წლიური გამოცემა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის
27 იანვარი, 2015
2014 წლის მიწურულს, უკვე ტრადიციულად, უნივერსიტეტის სამეცნიერო-პოპულარული გამოცემის „თსუ მეცნიერების“ მეექვსე ნომერი გამოვიდა. ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.

ჟურნალი მკითხველს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ისტორიასაც აცნობს; სკოლებს, რომლებიც აგრძელებენ წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას; ადამიანებს, რომლებიც საქართველოს და მსოფლიოს სამეცნიერო კაპიტალს ქმნიან, XXI საუკუნის საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ღირსეული წევრები არიან; ჟურნალში წარმოდგენილია თსუ-ს სამეცნიერო ინსტიტუტები, მათი ისტორია და დღევანდელობა; აქ მიიღებთ ინფორმაციას თსუ-ში არსებულ სამეცნიერო ბაზების, საერთაშორისო კონფერენციების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები იღებენ.

ამჯერად 2014 წლის შემაჯამებელ გამოცემაში გაეცნობით მასალებს ისეთ მნიშვნელოვან კვლევით თემებზე, როგორიცაა: ინტერფაზური ბიონანომეცნიერება თსუ-ში, მიღწევები და პერსპექტივები საქართველოსთვის; მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გავლენა ბოლნისის რაიონის ნიადაგებსა და წყლებზე; Comet ექსპერიმენტი J-PARC-ში: ნაბიჯი მიუონის გამოცანის ამოხსნისკენ; შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა თსუ მეცნიერთა შეფასებით; გეომეტრიული ობიექტები და მათი შესწავლის გამოცდილება თსუ-ში; საკვები და მცენარეული საფარი ძველი წელთაღრიცხვით V-VI საუკუნეების ქართლში - გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით; გერმანელების ყოფა-ცხოვრება კავკასიაში; ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს; ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკრო-ეკონომიკური წონასწორობა; საფონდო ბაზარი საქართველოში: არსებული რეალობა და გაურკვეველი მომავალი;  სოციალური ქსელების როლი ქართულ პოლიტიკაში; მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში; თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე წარმოებული კვლევები; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერების ეპიზოოტიური აქტივობა;  ანდროგენდეფიციტური და ინსულინრეზისტენტობა სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში; საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ფარისებრი ჯირვლის დისფუნქცია აქვს;
შრომის სამართლის კრებული თეორიული ცოდნისა და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისთვის; კორპორატიული მართვის ზოგადი ანალიზი; კვლევები ტრანსნაციონალურ სამართალში; 

ჟურნალი გამოდის ორ ენაზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ  - ქართულ და ინგლისურ ჟურნალებად არის წარმოდგენილი.

სხვა სტატიები »