ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი თსუ-ში

შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი თსუ-ში
23 დეკემბერი, 2014
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურული ერთეულია, რომლის დაარსების იდეა კარგა ხნის წინ გაჩნდა.

ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, საჯარო პოლიტიკის დოქტორის თამარ მახარაძის თქმით: ცენტრის მუშაობა მთლიანად საგრანტო პროექტიებით შემოსული თანხით დაფინანსდება. პირველი პროექტი „შშმ პირთა დასაქმება საქართველოში - პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის გამოცდილების პერსპექტივიდან“ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსდა. იგი 2014 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის ნოემბრამდე გასტანს. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში შშმ პირთა დასაქმების თვალსაზრისით სამაგიდე, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა უნდა განხორციელდეს. უნდა ჩატარდეს სემინარი და ესსეების კონკურსი სტუდენტებისთვის.

„მთელ მსოფლიოში დღეს აქტუალურია საკითხი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეზღუდული უნარის მქონე პირთა ჩართულობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი შრომითი საქმიანობის გააქტიურებას ეხება. ბუნებრივია, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც თსუ-სთვისაც მნიშვნელოვანია, რის გამოც შეიქმნა შესაბამისი კვლევითი ცენტრი, რომელმაც მიიღო სერიოზული გრანტი და ის იწყებს ფუნქციონირებას“, _ განაცხადა ცენტრის პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ის ხალხია, ვინც ჩვენ გვერდით ცხოვრობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში; იმაში, რომ მათ მხოლოდ ჩვენს გვერდით კი არა, ჩვენთან ერთად იცხოვრონ“, - აღნიშნა ასევე ცენტრის პრეზენტაციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისმონაცემებით, საზოგადოების 10-12% -ს სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდიდან, განსაკუთრებით კი 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, შეზუდული შესაძლებლობა მხოლოდ სამედიცინო პრობლემად აღარ მიიჩნევა და სოციალურ და უფლებრივ განზომილებაში გადაინაცვლა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების მიერ შექმნილი დოკუმენტები, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ავალდებულებს (წევრ ქვეყნებს), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ცხოვრების თანაბარი და ღირსეული პირობები შეუქმნან.

ცნობისათვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 127 491 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დაფიქსირებული. 2009 წელს საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს 2006 წლის კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ. 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ეს დოკუმენტი საქართველოს შშმ პირებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნას ავალდებულებს. ეს ეხება მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას სოციალური ფუნქციონირების ყველა სფეროში: ხელმისაწვდომი და საჭიროებებზე მორგებული განათლება, დასაქმება, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობაში ხელშეწყობა. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, 2014 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა სფეროში შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად საჭირო თანმიმდევრულ ნაბიჯებს გულისხმობს.

თსუ-ში შექმნილი ცენტრის მიზანიც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა. თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ცენტრი ამას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გარდა, სხვადასხვა სახის აქტივობით გეგმავს. ესენია: სატრენინგო პროგრამების შემუშავება და ჩატარება, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად განხორციელება და სწავლების პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ხელშეწყობა, სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაცია და აშ.

ცენტრის მუშაობაში ჩართულნი იქნებიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტები, რომლებსაც აქ გაწეული საქმიანობა აუცილებელ სასწავლო პრაქტიკად ჩაეთვლებათ. კვლევით პროექტებში მონაწილეობას შესაბამისი მიმართულებებების (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები მიიღებენ. ცენტრში მიღებული გამოცდილება ამ სტუდენტების სამაგისტრო და სადოქტორო შრომებშიც აისახება.

სხვა სტატიები »