ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ – პირველი სახელმძღვანელო პოსტსაბჭოთა სივრცეში

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ – პირველი სახელმძღვანელო პოსტსაბჭოთა სივრცეში
23 დეკემბერი, 2014
26 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურ ანთროპოლოგიაში ქართულ ენაზე შექმნილი პირველი სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული ანთროპოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სახელმძღვანელოების გამოცემა,  რითიც სტუდენტები  უმაღლეს განათლებას მიიღებენ.  მისი თქმით: “ანთროპოლოგიაში გამოცემული ეს ახალი სახელმძღვანელო,  პირველი ქართულ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოა და  საკმაოდ საინტერესოა”.  თსუ რექტორი თვლის, რომ ამ ეტაპზე იგი სტუდენტებს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ ამ მიმართულების პირველი სახელმძღვანელოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მასში, საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდების გათვალისწინებით, წარმოდგენილია თანამედროვე ფიზიკურ (ბიოლოგიურ) ანთროპოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებული  კვლევების შედეგები. სახელმძღვანელო ითვალისწინებს  უცხოელ ავტორთა, ასევე ქართული ანთროპოლოგიური სკოლის უახლეს კვლევათა მონაცემებს. სახელმძღვანელო გამოიცა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის  ბაზაზე. გამოცემა ავტორთა კოლექტივის მიერ არის შექმნილი (ლ. ბითაძე, ო. ცეცხლაძე, შ. ლალიაშვილი, მ. ჭკადუა, ე. კაკაბაძე) და არა მხოლოდ სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ არის კვლევათა შედეგების ახლებური გააზრება და საეტაპო ნაშრომი კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის შესწავლის თვალსაზრისით.

"ჩვენი სურვილია ქართულ ენაზე არსებობდეს სახელმძღვანელოები, მონოგრაფიული წიგნები, რათა დამკვიდრდეს და გავაცნობიეროთ ის, რაც ჩვენ დღეს ამ დარგში მოვიპოვეთ და ეს შემდგომ თაობებს გადავცეთ. წიგნი იმ ფაქტობრივ მასალას ეყრდნობა, რომელიც ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაშია დაცული.  გარდა ამისა, მასში ჩართულია მეთოდური ნაშრომები,  რომელიც უკვე შეჯერებულია მსოფლიო მეცნიერებს შორის. ეს არის თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში  მიღებული შედეგების გააზრება ქართულ ენაზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია კავკასიოლოგებისთვის და ზოგადად ანთროპოლოგიით დაინტერესებული მაგისტრებისთვის, დოქტორანტებისა თუ მკვლევრებისათვის. ვფიქრობ, რომ ეს გახდება სამაგიდო წიგნი არქეოლოგებისთვისაც“, - აღნიშნავს სახელმძღვანელოს ავტორი, თსუ ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი  ლიანა ბითაძე.

სხვა სტატიები »