ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ არქეოლოგები ფუძნარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამაროვნების გადარჩენით სამუშაოებს აწარმოებენ

თსუ არქეოლოგები ფუძნარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამაროვნების გადარჩენით სამუშაოებს აწარმოებენ
23 დეკემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს არქეოლოგიური ასოციაციის ერთობლივი ექსპედიცია აწარმოებს  გადარჩენით სამუშაოებს თიანეთის რაიონში ფუძნარის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თიანეთი-ჟინვალის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

არქეოლოგიური გათხრები 2014 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და მისი პირველი ეტაპი ერთ თვეს გაგრძელდა. ამ ეტაპზე დაგეგმილი იყო მშენებლობის პროცესში დაზიანებული და, რიგ შემთხვევაში, უკვე განადგურებული სამარხების ინვენტარის გადარჩენა, ასევე გზის მშენებლობისთვის ნიველირებულ ზოლში შემორჩენილი სამარხების გათხრა.

სწორედ სამშენებლო  სამუშაოების დროს დაზიანებული სამარხები გახდა მიზეზი იმისა, რომ საგზაო დეპარტამენტს სპეციალური სახსრები გამოეყო არქეოლოგიური სამუშაოების დასაფინანსებლად (ექსპედიციის პარტნიორია სს "თბილისი").

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს: "ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუახანებსა და,  აგრეთვე, ახალი წელთაღრიცხვის  პირველი ათასწლეულის დასაწყისს. სამარხები წარმოადგენს მიწაში ამოკვეთილ ორმოებს, რომლებშიც მიცვალებულები არიან დაკრძალული (ე.წ. ორმო სამარხები). აქ  აღმოჩენილია ბრინჯაოსა და რკინის ნივთები, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე  ე.წ. სკვითური ისრის პირი, რომელიც ამ ტიპის ისრის პირებს შორის საკმაოდ იშვიათია. მათი ანალოგიური ისრის პირები აღმოჩენილია სამთავროს სამაროვანზე (მცხეთა) და, რაც უაღრესად საინტერესოა, ისინი გვხვდება მდ. დონის ქვემო დინების არეალში. ასეთი ისრის პირების შემცველი ერთი სამარხეული კომპლექსი ინახება ოქსფორდში, აშმოლენ მუზეუმის კოლექციაში. ყურადღებას იქცევს ასევე  ვერცხლის რგოლები, ვერცხლისგან დამზადებული ვერძის სქემატური გამოსახულება და შესანიშნავად გრავირებული ორნამენტით შემკული სამაჯური”.

ამ დროისთვის უკვე გათხრილია ოთხი სამარხი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. გზის იმ მონაკვეთში, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, გამოვლენილია კიდევ რამდენიმე სამარხი, რომელიც შემდეგი კონტრაქტის საფუძველზე უნდა შეისწავლონ. კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ის სამარხები,  რომლებიც ჯერ არ არის გათხრილი,  მთლიანად შემონახულია და  მშენებლობისგან არ დაზიანებულა. შესაბამისად, თსუ არქეოლოგთა ექსპედიცია ელის, რომ იქ თიხისა და ბრინჯაოს მნიშვნელოვანი ნაწარმი აღმოჩნდება. საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანი გახლავთ ძვ.წ. II-I ათასწლეულების არქეოლოგიური ძეგლების კვლევის თვალსაზრისით,  რადგან ამ მთიან ზოლში ცნობილი ბრინჯაოს ნივთები ყოველთვის გამოირჩევა ძალიან მაღალი მხატვრული დონით.

გარდა ამისა, არქეოლოგიის ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს გადარჩენითი სამუშაოების წამოწყება დუშეთის რაიონში, სადაც თსუ სტუდენტების მიერ მიკვლეულია შესანიშნავი და თითქმის დაუზიანებელი სამაროვანი. ამ სამაროვანში შემთხვევით  აღმოჩნდა ბრინჯაოს რამოდენიმე ნივთი. პირველ რიგში ეს არის გრავირებული სატევარი, რომელიც ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეს განეკუთვნება და რომელზეც მაღალ მხატვრულ დონეზე ამოკვეთილი ირმის შესანიშნავი გამოსახულებები და გეომეტრიული ორნამენტია დატანილი. არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა უკვე მოინახულეს ეს ადგილი და მიაკვლიეს სამარხს, რომელიც წყლის ნაკადმა ნაწილობრივ ჩამორეცხა და სამარხში არსებული ინვენტარი გამოაჩინა - სანიაღვრე თხრილის კიდეზე ჩანს ერთმანეთის გვერდით ჩალაგებული თიხის ჭურჭელი. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ზამთრის პირობებშიც კი მოხდეს გადასარჩენი სამუშაოების დაწყება ამ სამაროვანზე.

სხვა სტატიები »