ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ექსპედიციის აღმოჩენა ვანის რაიონში

თსუ ექსპედიციის აღმოჩენა ვანის რაიონში
28 ნოემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისგან შემდგარმა გეომორფოლოგიურმა ექსპედიციამ საქართველოში ახალი კარსტული მასივი ვანის რაიონში აღმოაჩინა.

ექპედიციის ხელმძღვანელის, თსუ ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის დოქტორის, გეომორფოლოგ გიორგი დვალაშვილის განცხადებით, „ვანის მუნიციპალიტეტში აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული, ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა.  ადგილს, სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად ექსტრემალური მღვიმე."

კარსტულ მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნავარსკვლავებს” ეძახის, ზოგი კი ,,საქაჯეს” უწოდებს. ამ მღვიმეში ადგილობრივი მოსახლეობა ადრე სიცარიელეში ქვას აგდებდა, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ ,,საქაჯია”, მეორე სახელწოდება ,,ნავარსკვლავები” დაურქმევიათ იმის გამო, რომ გადმოცემის თანახმად, აქ უახსოვარ დროში ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანიაო. საერთოდ ამ უბანს ,,როდინას” ეძახიან,  როდინივით არის ჩავარდნილი და ამიტომ დაარქვეს ამ ადგილებს ეს სახელი – გადმოგვცემენ ადგილობრივები.“

გიორგი დვალაშვილის თქმით, მღვიმეში ჩასვლა და იქ არსებული მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მოახდინა მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა. „მდინარე რიონის მარცხენა მხარეს საკმაოდ საინტერესო და აქამდე ნაკლებად ცნობილი კარსტული რელიეფი გვაქვს _ ეს არის ახალი გეომორფოლოგიური კვლევის სამეცნიერო ღირებულება. უახლოეს მომავალში კვლევაში ჩაერთვება თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილება. ამ ინსტიტუტის სპელეოლოგებს საქართველოს კარსტული მღვიმეების უმრავლესობა აქვთ აღმოჩენილი და დეტალურად შესწავლილი. საქართველოს ტერიტორიაზე რიგით უკვე ოცდამერვე კარსტული მასივის გამოყოფა არის შესაძლებელი. ნავარსკვლავევის მღვიმეში ნანახი ნაღვენთი ფორმები _ სტალაქტიტები თუ სტალაგმიტები დეტალურად იქნება შესწავლილი, აგეთვე იქნება აგეგმილი მღვიმის მიწისქვეშა სამყარო და ექსტრემალური ტურისტული მარშრუტის მარკირებაც შესაძლებელი იქნება ამ კარსტულ მღვიმეში, “- აღნიშნა მეცნიერმა.

ახალი კარსტული წარმონაქმნის დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიაზე საინტერესო ფაქტია. ცნობილია, რომ ძირითადად კარსტული მღვიმეები მდებარეობენ საქართველოს სხვა რეგიონებში: აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭაში, ზემო იმერეთში, შუა იმერეთში, მაგრამ ვანის მუნიციპალიტეტში, აი ამ ზონაში კარსტული მღვიმე და ზოგადად კარსტული რელიეფი სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ იყო ცნობილი და ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ასეთი ტერიტორიაზე გეომორფოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ, რაც ამ სოფელში ექსტრემალური ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

სხვა სტატიები »