ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კავკასიელი და გერმანელი მეცნიერები ნახშიროჟანგის შეგროვებისა და შენახვის პერსპექტივებს იკვლევენ

კავკასიელი და გერმანელი მეცნიერები ნახშიროჟანგის შეგროვებისა და შენახვის პერსპექტივებს იკვლევენ
25 ნოემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე კარგა ხანია აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა საერთშორისო დონის პროექტებში. ქართველ, გერმანელ და სომეხ მეცნიერთა მონაწილეობით, ოქტომბრის დასასრულს, ევროგაერთიანების BS-ERA NET „SGD BLACK SEA“ გრანტის ფარგლებში,  თსუ-ში  საერთაშორისო ვორკშოპი „ნახშირორჟანგის შეგროვების და შენახვის პრობლემები და პერსპექტივები კავკასიაში“, გაიმართა. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი  ეტაპი აღმოჩნდა  იმ ერთობლივი პროექტისა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

2011 წელს ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის  ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება“ (BS-ERA.NET) საპილოტე კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი ერთობლივი 66 პროექტიდან   სულ 11 დაფინანსდა. აქედან 4 - ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. ერთ-ერთი ამ პროექტებიდან - „სამხრეთ კავკასიაში ნახშირწყლების შეგროვებისა და შენახვისთვის ბუნებრივი ანალოგების შესწავლა“ გახლდათ. ეს კვლევა თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მონაწილეობით განხორციელდა.  ჩატარებული სამეცნიერო  სამუშაოები ევროკავშირისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  დაფინანსდა.

როგორც პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელიქაძე  აცხადებს,  „ამ ინტერდისციპლინარული პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება  მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარე კვლევებში.“ როგორც მეცნიერი განმარტავს, სასათბურე გაზის-ნახშირორჟანგის ემისიის (გამოყოფის) რაოდენობრივი შეფასების, მისი მიტოვებულ საბადოებში ჩატუმბვა-შენახვის ან ბიოდიზელად გარდაქმნის თვალსაზრისით, პროექტს დიდი სამეცნიერო, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. ეს კვლევები წარმოადგენს სამეცნიერო საფუძველს მომავალში ისეთი ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებისა, რომლებიც რეალურად შეამცირებენ ნახშირორჟანგის ემისიას გარემოში.
გერმანიის მხრიდან (კოორდინატორი მხარე) პროექტის  ხელმძღვანელი კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბირგიტ მიულერი, ხოლო სომხეთის მხრიდან გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი არკადი კარახანიანი იყვნენ.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოებისათვის, თანამედროვე აპარატურა და ხელსაწყოები გამოიყენებოდა. მიღებული მასალა მუშავდებოდა GIS სისტემასა და სპეციალური მოდელირების პროგრამების გამოყენებით.

„განხორციელებული სამუშაოების შედეგად შესწავლილი და დახასიათებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბუნებრივი გაზების გავრცელება. ხარისხობრივად და რაოდენობრივად გაანალიზდა „სასათბურე გაზების“ ემისიები (გამოყოფა) ბუნებრივი წყაროებიდან. უხეშად რომ განვმარტოთ, ამ გაზებს დედამიწის გადახურების ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან  დადასტურდა, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო და სომხეთი, მდიდარია მინერალური წყაროებით, რომლებიც ხასიათდებიან ბუნებრივი გაზების მაღალი ემისიებით. ამასთან, ბუნებრივი  აირები ძალიან მგრძნობიარე მახასიათებლები არიან რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის გეოტექტონიკური ერთეულების მრავალგვაროვნების გამო, განსხვავებულია ბუნებრივი გაზების შემადგენლობა და განაწილება, ისევე, როგორც  მათი შემცველი ქანები“, - აცხადებს გიორგი მელიქაძე.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა ნახშირორჟანგის ყოფილ ნავთობ ან გაზშემცველ გეოლოგიურ საბადოებში ჩატუმბვის შესაძლებლობის გათვლასა და თანმდევი გეომექანიკური და გეოქიმიური პროცესების შესწავლას. ჩატარდა კვლევები საქართველოში ნახშირორჟანგის დაგროვების გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილების შერჩევის მიზნით. არსებული ფონდური და ახლად მოპოვებული მასალის საფუძველზე, განხორციელდა ნახშიორჟანგის ყოფილ ნავთობშემცველ საბადოში ჩატუმბვის და მასში განვითარებული პროცესების ციფრული მოდელირება.  შემუშავდა პროცესების  განვითარების სცენარები. თუმცა, რეალურად, ამ სისტემის გამართვამდე საჭიროა დამატებითი რეალური ჩატუმბვის განხორციელება საპილოტე პროექტის ფარგლებში.

როგორც გიორგი მელიქაძე აცხადებს,   „ნახშირორჟანგის შემცირების მეორე, ასევე მნიშვნელვანი მიმართულებით, კერძოდ, ნახშირორჟანგის ბიოსაწვავად გარდაქმნის საკითხზე მუშაობდნენ პროექტში სომხეთიდან ჩართული მეცნიერები. ჩატარდა ლაბორატორიული და საცდელი საველე კვლევები, ლავურ განფენებზე არსებულ ნახშიორჟანგით მდიდარ წყაროებზე. მიღწეულია დადებითი შედეგები, რომლის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს მსხვილმასშტაბიანი საპილოტე პროექტი, რომლის საქართველოში შესაძლო განხორციელების ადგილად შეიძლება ჯავახეთის ზეგანზე  ან კავკასიონის სამხრეთ ფერდზე არსებული ნახშირორჟანგით მდიდარი მინერალური წყაროები შეირჩეს“.

სხვა სტატიები »