ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები“

29 სექტემბერი, 2014
„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის კედლებში დაბრუნება; განსაკუთრებული პატივია ჩემი პროფესორების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა. ხაზგასმით მივესალმები იმ მეცნიერებს, რომლებიც აცოცხლებთ, სწავლობთ, აანალიზებთ ანტიკურ პერიოდს, იმ საკითხებს, რომელიც  დიდ გავლენას ახდენს თანამედროვეობაზე; გვაჩვენებს როგორ განვვითრდებით ხვალ და უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. სწორედ ანტიკური პერიოდიდან მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება - თავისუფლების ღირებულება. თავის დროზე, ქრისტიანულმა კულტურამ თავისუფლებით აქცენტირებული ანტიკური კულტურის თავისებურებები გაითვალისწინა. სწორედ ინდივიდის თავისუფლების გააზრებამ მოიყვანა საზოგადოება დემოკრატიულ საზოგადოებამდე.“

„უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ასეთი მაღალი რანგის კონფერენციას მასპინძლობს. დღეს მსოფლიო ძალიან ტურბულენტურ მდგომარეობაშია - კატაკლიზმები, კლიმატის ცვლილებები. უნივერსიტეტში კი თითქოს სავანეა, კონფერენცია მუშაობს მარადიულ თემებზე. თემებზე, რომელიც მუდამ აქტუალურია და საფუძველია თანამედროვეობის“,-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ლევან ალექსიძემ.

„სასიამოვნოა, რომ იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან ერთობლივი კონფერენციების ტრადიცია აღდგა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ ყურადღებას აქცევს გერმანიასთან ურთიერთობას. ახლახან გაფორმდა ათწლიანი ხელშეკრულება  საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი, რომელიც ქართველი დოქტორანტების  გაცვლითი პროგრამებით გერმანიაში სწავლობენ. კვლევა იმისა, რაც იყო წარსულში - ყველაზე კარგად გვაჩვენებს რა არის დღეს და გვიჩვენებს მომავალს,“- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის რისმაგ გორდეზიანის განცხადებით,  „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. ეს არის ორ უნივერსიტეტს - იენის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის ძალიან კარგი ტრადიციის აღდგენა - საერთაშორისო ერთობლივი კონფერენციები სიძველეთმცოდნეობის დარგში. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა ამდენი სტუმარი, ამდენმა სპეციალისტმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა კონფერენციაში.  გამოჩნდა, რომ ამ პრობლემატიკის კვლევას საქართველოში მხარს უჭერს ხელისუფლება, სამეცნიერო წრეები, ძალიან ფართო სპეციალისტთა წრე, სტუდენტობა  და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ  რაოდენ დიდი ცენტრია ამ დარგში თსუ მთელ მსოფლიოში.“   

კონფერენცია სამდღიანია, რომელზეც მოხსენებას წაიკითხავს 100-ზე მეტი მკვლევარი საქართველოდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ–დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
კონფერენცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლობით იმართება.

ორი უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეებმა მიმდინარე წელს აღადგინეს მრავალწლიანი თანამშრომლობის  შესანიშნავი ტრადიცია - ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება.  ამ ტრადიციას  საფუძველი  1966 წელს, ორ უნივერსიტეტს შორის  ისტორიული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაეყარა.

კონფერენციებმა  მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში  დიდი პოპულარობა მოიპოვა და კლასიკური სიძველეთმცოდნეობის სფეროში ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულ  სამეცნიერო ფორუმებად იქცა. 1969 წლიდან მოყოლებული, იენასა და თბილისში 9 კონფერენცია გაიმართა. ოცწლიანი პაუზის შემდეგ, მე-10 კონფერენცია წელს თბილისში ტარდება.

სხვა სტატიები »