ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესორს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

თსუ პროფესორს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
23 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ისტორიის დარგში.

საპატიო დოქტორის წოდება ნიკო ჯავახიშვილს ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მიენიჭა. კერძოდ, მონოგრაფიისათვის „ნარკვევები ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიიდან“ და ლატვიის სამეცნიერო-კვლევით და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წაკითხული ლექციებისათვის.

თსუ პროფესორს ნიკო ჯავახიშვილს საპატიო დოქტორის წოდება 2014 წლის 10 ივნისს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატის გადაწყვეტილებით მიენიჭა. 16 სექტემბერს, ქალაქ რიგაში, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გაიმართა პროფესორ ნიკო ჯავახიშვილისთვის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ცერემონია. ნიკო ჯავახიშვილი ამ წოდების ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია, მისი დიპლომის ნომერია 128.

საზეიმო ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოიარს სპარიტისი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატის თავმჯდომარე, აკადემიკოსი იანის სტრადინში, პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია.

თსუ პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა  ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მათ შორის  15 წიგნის.

სხვა სტატიები »