ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სახელმძღვანელო საბანკო საქმის შესწავლის მსურველთათვის

28 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორების ირაკლი კოვზანაძის და გოგი კონტრიძის წიგნის - „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია.

548 გვერდიანი წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, ეკონომიკური პროფილის სხვა მიმართულებების მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. სახელმძღვანელო ასევე დაეხმარება მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს გაიღრმავონ ცოდნა საბანკო საქმეში.

ირაკლი კოვზანაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ წიგნის დაწერის აუცილებლობა მას და მის კოლეგას მრავალწლიანმა საბანკო პრაქტიკამ და პედაგოგიურმა გამოცდილებამ უკარნახა.

„ნაშრომი ეფუძნება საბანკო საქმიანობის საერთაშორისო და სამამულო გამოცდილებას. მასში საბანკო კანონმდებლობის ნორმატიულ დოკუმენტებსა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილულია საბანკო საქმის კონკრეტული მაგალითები როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საბანკო პრაქტიკიდან“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას. “წიგნი ავტორების პირად გამოცდილებაზეა დამყარებული და ძალიან საინტერესო სახელმძღვანელოა, რომელიც თეორიული კურსის გარდა, ზუსტად ასახავს ქართულ საბანკო რეალობას. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წიგნის ავტორებს მიულოცა სახელმძღვანელოს გამოცემა. „ ამ წიგნში მოცემულია საბანკო სისტემის ღრმა ანალიზი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს წიგნის მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არ არსებობდა ქართულენოვანი სახელმძღვანელო ამ სფეროში, რაც პედაგოგებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნული გამოცემა კი ამ ხარვეზს სრულად აღმოფხვრის,“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

წიგნის ხარისხზე წარმოადგენას მისი ავტორების პროფესიული გზაც ქმნის - ირაკლი კოვზანაძე დღეს  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია; არის  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;  პროფესორი; თსუ ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგე. გამოცემული აქვს 6 მონოგრაფია და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მათემატიკასა და ეკონომიკაში საქართველოსა და საზღვარგარეთ; აქვს საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ევროპის საბანკო სისტემებში მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. გოგი კონტრიძე კი არის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; აქვს საბანკო-საფინანსო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე; არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ავტორებმა აღნიშნეს, რომ დროთა განმავლობაში სახელმძღვანელოში ინფორმაცია განახლდება და იგი ხელახლა გამოიცემა. იმისთვის, რომ ყველა სტუდენტს და დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდეს იხელმძღვანელოს ამ გამოცემით, ავტორები წიგნის ელექტრონულ ვერსიას განათავსებენ ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტში გაეცნონ და ჩამოტვირთონ იგი.

სხვა სტატიები »