ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერები უცხოელ პარტნიორებთან ერთად ბოლნისის რაიონის ნიადაგებს და წყლებს იკვლევენ

თსუ მეცნიერები უცხოელ პარტნიორებთან ერთად ბოლნისის რაიონის ნიადაგებს და წყლებს იკვლევენ
1 ივლისი, 2014
ბოლნისის რაიონი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო  რეგიონია  და მევენახეობისა და მებოსტნეობის რაიონად ითვლება.  რბილი ჰავისა და ნაყოფიერი ნიადაგების (მდელოს ყავისფერი, რუხი ყავისფერი) წყალობით მოსახლეობას წელიწადში სამი მოსავალი მოჰყავს. რაიონში ფუნქციონირებს კარგად განვითარებული სარწყავი სისტემა, რომელიც სათავეს მდ. მაშავერადან - სოფ. კიანეთთან იღებს. სწორედ ამ სარწყავი წყლის ნიადაგზე გავლენა შეისწავლეს ქარ-თველმა მეცნიერებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად და საკმაოდ შემაშფოთებელ დასკვნებამდეც მივიდნენ.

"ფოლკსვაგენის ფონდის" დაფინანსებით გისენის ლიბიგის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ერთობლივად მუშაობდნენ სამეცნიერო პროექტზე: "მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გავლენა ბოლნისის რაიონის ნიადაგებზე და წყლებზე". კვლევითი სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობდა – 2000-2003 და 2009-2012 წლებში. პროექტის კოორდინატორი საქართველოში თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბესიკ კალანდაძე გახლდათ.
 სამეცნიერო ჯგუფში შედიოდნენ ასევე პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი პეტერ ფელიქს-ჰენინგსენი,  პროფესორები: სილვია შნელი,  დიდრიხ შტეფენსი, დოქტორი თომას ჰანაუერი გისენის უნივერსიტეტიდან. პროფესორი თენგიზ ურუშაძე და მაგისტრი ლევან ნავროზაშვილი თსუ-დან.
„რეგიონში არსებული მრავალი საწარმოებიდან ერთ-ერთი უმსხვილესია სააქციო საზოგადოება “მადნეული”. ეს სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი სპილენძ-კოლჩედანური და ბარიტ-პოლიმეტალური საბადოს ბაზაზე ფუნქციონირებს.  ცნობილია, რომ ასეთი ტიპის საწარმოები გარკვეულ საფრთხეს უქმნიან როგორც მიმდებარე ტერიტორიას, ისე მთლიანად რეგიონის ეკოსისტემებს. აღნიშნული კომბინატის სიმძლავრეა მილიონი ტონა სპილენძის და 250 ათასი ტონა ბარიტის მადანი წელიწადში (დღეისათვის საწარმო 2 მლნ. ტონა მადანის მოპოვებაზეა გასული). მადნის მოპოვება წარმოებს ღია, კარიერული წესით და ფლოტაციური ტექნოლოგიით გადამუშავდება.  აღნიშნული თავისებურებიდან გამომდინარე ძირითადი ტექნოგენური (ადამიანის სასოფლო სამეურნეო საქმიანობით განპირობებული) დატვირთვა მოდის რეგიონის ჰიდროქსელზე და აქედან გამომდინარე სარწყავ სისტემაზე.  მდინარეები კაზრეთულა და მაშავერა განიცდიან ძლიერ ტექნოგენურ დატვირთვას სპილენძისა და კადმიუმის სახით. ამ ელემენტების ჯამური შემცველობა  ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე რამოდენიმეჯერ მეტია. ასევე მაღალია თუთიისა და კადმიუმის ჯამური ფორმებიც”, - აღნიშნავს ბესიკ კალანდაძე.

მისი განმარტებით, რეგიონში არსებული კარგად განვითარებული სარწყავი სისტემა, სათავეს მდ. მაშავერადან - მდ. კაზრეთულას შესართავის ქვემოთ იღებს. ჰიდროქსელის დაბინძურებას, როგორც პირდაპირი შედეგი მოჰყვება ნიადაგების დაბინძურება მძიმე მეტალებით.

როგორც კვლევის შედეგებით გაირკვა, “სასოფლო სამეურნეო სავარგულების მორწყვისას ყოველ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 50 ლ წყალი იხარჯება, ყოველწლიურად კი – ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო  სავარგულის მორწყვისას  მასში სულ ცოტა 12,4 კგ სპილენძი, 3,6 კგ თუთია და 17 გრ კადმიუმი ხვდება. 1998 წლის ნია-დაგის დაცვის გერმანული წესდების მიხედვით ეს მონაცემები საგრძნობლად სცილდება ნორმებს. კერძოდ,  სპი-ლენძი 36-ჯერ, თუთია და კადმიუმი კი 3-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ნიადაგის ყოველი მორწყვის შემდეგ მძიმე მეტალების ნარჩენები ნიადაგის ზედაპირზე რჩება, ხოლო შემდგომი დამუშავების შედეგად ნიადაგში ხვდება".

კვლევები სხადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ნიადაგებზე ჩატარდა. იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით  და რა რაოდენობით ხდებოდა ნიადაგების მორწყვა, სპილენძის შემცველობის მხრივ განსხვავებული მაჩვენებლები  გამოვლინდა.

სპილენძის მაქსიმუმი ნათესებში კილოგრამ ნიადაგში 450 მგ-ს შეადგენს, ბოსტნეულის ბაღებში 1100 მგ-ს და ვენახებში ეს მაჩვენებელი ყოველ კილოგრამზე 3000 მგ-ს აღწევს.  პროექტის მონაწილეთა მიერ შესწავლილი რე-გიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ძირითადად ზემოთ აღნიშნული მდინარეების ხეობებში, მნიშვნელოვნად დაბინძურებული აღმოჩნდა მძიმე მეტალებით, რაც კულტურული მცენარეების დაბინძურებას გულისხმობს.

კვლევის შედეგად მიღებული მეცნიერთა დასკვნა ასეთია: “ძლიერ დაბინძურებული ნიადაგების ზედა ფენებში მიმდინარე სორბციული (მაგარი სხეულის ან სითხის მიერ ნივთიერების შთანთქმა გარემოდან) პროცესების გამო სპილენძისა და თუთიის განაწილებას ზედაპირულ-აკუმულაციური ხასიათი აქვს. ამ ლითონების შემცველობა ყველაზე მაღალია ნიადაგის ჰუმუსიან (ნეშომპალიან)  ფენაში, რომელიც ბოლნისის რაიონშია. ზედაპირულ აკუმულაციას ძალზე ხშირად თან სდევს ნიადაგის ზედაპირზე წყალგაუმტარი აპკის წარმოქმნა, რაც შეცემენტების პროცესის დაწყებაზე მიუთითებს. ეს პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს ნიადაგის აგროფიზიკურ მახასიათებლებს: მკვეთრად ზრდის ნიადაგის ხვედრით წონას, ეცემა ფორიანობა, წყალგამტარობის პროცესი, პროდუქტიული ტენის დიაპაზონი, რაც ქმნის უკიდურესად არახელსაყრელ აგრობიოლოგიურ და აგროეკოლოგიურ პირობებს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების მკვეთრ დაქვეითებას, რაც ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია".

სხვა სტატიები »