ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო თანამშრომლობა მედიცინის ფაკულტეტზე

საერთაშორისო თანამშრომლობა მედიცინის ფაკულტეტზე
27 მაისი, 2014
თსუ მედიცინის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სხვა ფაკულტეტების მსგავსად, აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებსა და კლინიკებთან. ცოტა ხნის წინ უცხოელ პარტნიორთა რიცხვს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაც შეემატა.  ეს კლინიკა ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ღვიძლის, სანაღვლე გზების, პანკრეასის და ენდოკრინული ორგანოების და აშ. სპეციალიზირებული ცენტრია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და დასავლეთ ევროპაში. ახალი პარტნიორის პროექტში “კლინიკურ-აკადემიური თანამშრომლობა” ჩართული არიან ასევე რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის, უკრაინის უმაღლესი სასწავლებლები. საქართველოს მხრიდან მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობენ.

პროექტით გათვალისწინებული პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.  2014 წლის დასაწყისში თსუ-სა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მედიცინის ფაკულტეტსა და აღნიშნულ კლინიკას შორის  თებერვალში ერთობლივი ტელეკონფე-რენციები და ლექციები დაიწყო.  გერმანიის მხრიდან პროექტის კურატორის ედუარდ მათევოსიანის თბილისში ვიზიტისას დაიგეგმა ასევე ერთობლივი კვლევითი პროგრამების, სემინარების ჩატარება.

”აპრილ-მაისში ჩატარდა ოთხი ტელე-კონფერენცია ტრანსპლანტოლოგიის, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის, გადაუდებელი ქირურგიის და ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ივნისში კი დაგეგმილია 2 ტელელექცია უროლოგიასა და რადიოლოგიაში. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 5-6 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის, სხივური თერაპიისა და ონკორადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ მიხალე მოლსი და  გერმანიის მხრიდან აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ედუარდ მათევოსიანი” – აცხადებს პროექტის კურატორი თსუ-ს მხრიდან, მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლობჟანიძე.

გერმანული მხარის თქმით, თანამშრომლობის ძირითადი მიზანი სამედიცინო სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექიმთა და სტუდენტთა პროფესიული დონის ამაღლებაა. გარდა ამისა, სამედიცინო გამოცემებში ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნება და კლინიკური სემინარების ჩატარებაც იგეგმება.

“ამ  ინიციატივაში ჩართული ჩემი კოლეგებიც და მეც ვთვლით, რომ ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორები ვართ. ჩვენც და თსუ-საც გვაქვს ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ ჩავატაროთ ტელეკონფერენციები. გარდა ამისა, საუბარია პრაქტიკაზე, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში. ეს არ არის პროექტი, რომელსაც ფორმალური ხასიათი ექნება. ეს არის პროექტი, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს, და თუნდაც სტუდენტებს, ასე ვთქვათ, გაუკვალავი გზების გაკვალვა არ დასჭირდებათ” -განაცხადა ჩვენთან საუბარში ედუარდ მათევოსიანმა.

მაისში თანამშრომლობის შემდგომი დეტალების დასაზუსტებლად ჩამოსულ გერმანელ პარტნიორებს შეხვედრა ჰქონდათ თსუ ადმინისტრაციის პირებთან, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან სამეცნიერო დარგში პროფ. მერაბ ელიაშვილთან. ჩატარდა ასევე ორი ლექცია თსუ-ის წარმომადგენლებისთვის.

პროექტის შესაბამისად, პარტნიორ კლინიკებში პრაქტიკაგავლილი სტუდენტები და ექიმები უმოკლეს პერიოდში ადაპტირდებიან დასავლეთ-ევროპული კლინიკების  მოთხოვნებთან და სტანდარტებთან; ამავე დროს, მშობლიურ უმაღლეს სასწავლებლებთან აკადემიური და კლინიკური კავშირების გაღრმავებაში დაეხმარებიან მათ.

მეორე პროექტი, რომელიც თსუ მედიციის ფაკულტეტზე მიმდინარეობს, „სადოქტორო   პროგრამები ჯანდაცვაში: სწავლების მესამე ციკლის ნორვეგიული გამოცდილება საქართველოსთვის’’ გახლავთ. იგი 2012 წლიდან ხორციელდება განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიის  საერთაშორისო ცენტრის  დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს შორის არის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი და სამუშაო შეხვედრები ტრომსოს უნივერსიტეტშიც; გარდა ამისა - თსუ დოქტორანტების მონაწილეობა ნორვეგიელი პროფესორების მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში როგორც ნორვეგიაში, ისე საქართველოში.

27 აპრილიდან  3 მაისამდე პროექტის  მონაწილეები (თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ნინო ჩიხლაძე, ნატო ფიცხელაური და დოქტორანტები) ნორვეგიაში შუალედურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. როგორც პროფესორი ნინო ჩიხლაძე აცხადებს, კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის ნორვეგიულ პროგრამაში ჩართულმა დოქტორანტებმა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ნორვეგიელების მიერ შემოთავაზებული კურსი: გიორგი ლობჟანიძემ, მარიკა ბალახაძემ, თამარ ჭოჭუამ და თამარ ჯაფარიძემ. თსუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტისას შედგა საქმიანი შეხვედრები პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის, რომელზეც შეჯამდა პროექტის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგები და დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოში  ნორვეგიელი პროფესორების მორიგი ვიზიტი, რომლის დროსაც ქართველ დოქტორანტებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ სასწავლო კურსი კლინიკურ ეპიდემიოლოგიაში.

სხვა სტატიები »