ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გერმანელმა მეცნიერმა მინიჭებული პრემიის თანხა ქართველოლოგიის განვითარებისთვის გადარიცხა

გერმანელმა მეცნიერმა მინიჭებული პრემიის თანხა ქართველოლოგიის განვითარებისთვის გადარიცხა
28 აპრილი, 2014
„უნივერსიტეტი“ უკვე წერდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პირველი პრემია ქართველოლოგიაში გერმანელ მეცნიერს ჰაინც ფენრიხს მიანიჭა. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სამეცნიერო პრემიის პირველი მფლობელის, ცნობილი ქართველოლოგის და ენათმეცნიერის, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორ ფენრიხის მედალი და დიპლომი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის რექტორს, თსუ საპატიო დოქტორს, პროფესორ კლაუს დიკეს გადასცა.
გასულ კვირას თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროფესორ ჰაინც ფენრიხისგან მიიღო წერილი, რომელშიც იგი დიდ პატივად თვლის მიღებულ პრემიას და აქვე აღნიშნავს:
„თქვენთან კიდევ ერთი დიდი სათხოვარიც მაქვს, ბატონო ვლადიმერ, და ძალიან გთხვთ ცუდად არ მიიღოთ და შემისრულოთ. ამ პრემიისთვის გათვალისწინებული თანხა გთხოვთ გამოიყენოთ თბილისში ქართველოლოგიის განვითარებისთვის. თქვენთან არსებობს ქალთველოლოგიის მხარდამჭერთა  საერთაშორისო ასოციაცია. გთხოვთ ქართველოლოგიის მომავალში განვითრების მიზნისთვის იხმაროთ ეს თანხა. ეს არის ერთ-ერი ჩემი გულისნადები. თუ ამ თხოვნას შემისრულებთ, ძალიან დამავალებთ. ვიმედოვნებ, რომ გამიგებთ. თქვენი დახმარებისთვის დიდ მადლობას გიხდით“. _ ნათქვამია პროფესორ ჰაინც ფენრიხის წერილში.
გერმანელი ენათმეცნიერო, პროფესორი ჰაინც ფენრიხი ცნობილი ქართველოლოგი და კავკასიოლოგია. მან 1971 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. პროფესორი ფენრიხი არის  ჟურნალ „გეორგიკას“ დამაარსებელი და რედაქტორი.
ჰაინც ფენრიხი მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. იგი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის. მისი წიგნები მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. პროფესორმა ფენრიხმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.

სხვა სტატიები »