ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია ქართველოლოგიაში გერმანელ პროფესორს გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია ქართველოლოგიაში გერმანელ პროფესორს გადაეცა
7 აპრილი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პირველი პრემია ქართველოლოგიაში გერმანელ მეცნიერს ჰაინც ფენრიხს მიანიჭა. 
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სამეცნიერო პრემიის პირველი მფლობელის, ცნობილი ქართველოლოგის და ენათმეცნიერის, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის ფენრიხის მედალი და დიპლომი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია)  უნივერსიტეტის რექტორს, თსუ საპატიო დოქტორს, პროფესორ კლაუს დიკეს გადასცა.ღონისძიებას თსუ აკადემიური და მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ „დღეს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში გაიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემია. სასიხარულოა, რომ ამ პრემიის პირველი ლაურეატი გახდა ცნობილი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი, რომელმაც ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიის განვითარებაში. სამწუხაროა, რომ დღეს თავად ბატონი ფენრიხი ვერ დაესწრო ამ ღონისძიებას. თუმცა, უნივერსიტეტმა მისგან უკვე მიიღო ძალიან თბილი სამადლობელი წერილი.“

„იენის უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი პროფესორი ჰაინც ფენრიხი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის პირველი მფლობელი. პროფესორი ფენრიხი ნამდვილად ღირსია ამ დიდი დაფასების, რადგან მან ევროპის ნაწილი შემოიტანა საქართველოში და საქართველოს სახელი გაიტანა ევროპაში, “- აღნიშნა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია)  უნივერსიტეტის რექტორმა  კლაუს დიკემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. პრემია ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა. 
 საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წელს  სამეცნიერო პრემია პროფესორ ჰაინც ფენრიხს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის  მიენიჭა. მეცნიერს  საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი, ივ. ჯავახიშვილის მედალთან ერთად  20 000 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემა. 
პრემიის ლაურეატმა პროფესორმა ფენრიხმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა თსუ რექტორს ვლადიმერ პაპავას. „ეს პრემია მე კი არა, ქართველებს გეკუთვნით, რადგანაც ყველაფერი, რაც ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის დარგში გავაკეთე, ქართველების დამსახურებაა. მუდამ ვიქნები ქართველი ერისა და ქართული კულტურის თაყვანისმცემელი“ - წერს პროფესორი ჰაინც ფენრიხი.

გერმანელი ენათმეცნიერი, პროფესორი ჰაინც ფენრიხი ცნობილი ქართველოლოგი და კავკასიოლოგია. მან 1971 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. იგი არის  ჟურნალ „გეორგიკას“ დამაარსებელი და რედაქტორი.
ჰაინც ფეინრიხი მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. იგი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის. მისი წიგნები მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. პროფესორმა ფეინრიხმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.

განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში. მისი კვლევის სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკას. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომები: “ქართული ენა“, ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით), ენათმეცნიერულ ტერმინთა ქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად), ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით);  ასევე მრავალი ქართული ლიტერატურული ძეგლის გერმანული თარგმანი და კომენტირებული გამოცემა და მრავალი სხვა.

 

სხვა სტატიები »