ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტს თავისი კლინიკა ექნება

31 მარტი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე სერიოზული წინაპირობა აქვს თავისი საუნივერსიტეტო კლინიკის შესაქმნელად. 2014 წლის თებერვალში თსუ-ს თბილისის ცენტრში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კუთვნილი შენობა (ყოფილი მე-7 საავადმყოფო) გადმოეცა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების აზრით, საუნივერსიტეტო კლინიკის არსებობა სტუდენტების პროფესიონალ ექიმებად ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო საშუალებაა. როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ნევროლოგიის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე აცხადებს, საუნივერსიტეტო კლინიკის სრული დატვირთვით ამუშავება რამდენიმეწლიანი პროცესია,  შესაბამისად, იმ სიმძლავრეებზე საუბარი, რომელზეც კლინიკა უნდა გავიდეს, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია. ამ დროისთვის ცნობილი ის არის, რომ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გარდა, აქ თსუ თანამშრომლების სამედიცინო მომსახურებაზეც უნდა იყოს გათვალისწინებული გარკვეული შეღავათები.

როგორც თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ლობჟანიძე აცხადებს: “საზღვარგარეთის გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც მათთან მიმართებაში სტუდენტების მიერ მანიპულაციების ჩაატარებას თანხმდება, ძალზე ცოტაა. საუნივერსიტეტო კლინიკაში, სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, ძირითადად  პროფესურა მუშაობს _ უფრო ზუსტად, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, რეზიდენტები, დოქტორანტები.  აკადემიურ წრესა და პაციენტს შორის სხვა რგოლი არ არსებობს. `საქართველოს ექიმითა  ასოციაციამ~ თსუ მედიცინის ფაკულტეტისათვის კლინიკისთვის შესაბამისი შენობის გადმოსაცემად მოლაპარაკებები დაახლოებით სამი წელის წინ დაიწყო. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული თსუ მედიცინის ფაკულტეტი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და თითოეული შესაბამისი სამსახური. პროცესის წარმატებით დასრულება თსუ ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი”.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში აქცენტი თერაპიის და ქირურგიის დისციპლინებზე გაკეთდება. კლინიკის  კონკრეტული სერვისების და საჭიროებების განსაზღვრა სამუშაო პროცესში მოხდება. საუბარია როგორც ამბულატორული, ისე სტაციონარული და დიაგნოსტიკური ხასიათის სერვისებზე. 

“წინასწარ რაიმეს დეტალიზირება ალბათ ნაკლებად სწორი იქნება.  კლინიკის სრულ ამოქმედებამდე მას სერიოზული განახლება სჭირდება. ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. საჭიროა შენობის თანამედროვე სამკურნალო და დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით აღჭურვა, რის შემდეგაც ამუშავდება სხვადასხვა სამედიცინო სერვისები და დაიწყება ჩვენი სტუდენტების კლინიკური სწავლება. რაც შეეხება კლინიკის პაციენტთა კონტიგენტს, ეს იქნება მრავალპროფილიანი კლინიკების ტიპური კონტიგენტი, _ განმარტავს ალექსანდრე ცისკარიძე.

ფაკულტეტის დეკანი, უცხოელ პარტნიორებთან კარგი კონტაქტებიდან გამომდინარე, კლინიკაში, გამოცდილების გასაზიარებლად, დასავლეთ ევროპის და აშშ-ის წამყვანი კლინიკური ცენტრების სპეციალისტების მოწვევასაც გეგმავს. ამგვარი პრაქტიკა, მისი შეფასებით, დაეხმარება როგორც  სერვისის ხარისხის, ისე სწავლების დონის ამაღლებას.

პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკის მოწყობის საკითხზე მუშაობაში მას “საქრთველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარის” სტატუსიც ეხმარება. ამ დროისთვის მასთან საუბარში, საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის მხრივ, სურვილი ბერლინის, მიუნხენის, საარბრიუკენის 9 კლინიკამ, ისრაელის  ექიმთა ასოციაციამ და ამერიკელმა პარტნიორებმა გამოთქვეს.

სხვა სტატიები »