ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქართველი მამლუქები ეგვიპტეში და ქართული სამონასტრო თემი პალესტინაში

ქართველი მამლუქები ეგვიპტეში და ქართული სამონასტრო თემი პალესტინაში
6 მარტი, 2014
ეგვიპტეში ქართველი მამლუქების ბედით პროფესორი გოჩა ჯაფარიძე ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა, როდესაც მამლუქების მიერ საქართველოში გამოგზავნილ რამდენიმე ქართულ წერილს მიაკვლია. უფრო ფუნდამენტურად საკითხის შესწავლა მკვლევარმა 1998 წლიდან დაიწყო, უკვე ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს დესპანის სტატუსით. მრავალწლიანმა მივლინებამ მას საშუალება მისცა, ქართველ მამლუქთა ისტორიის ადრინდელ მკვლევართაგან განსხვავებით, მოეძია და გამოეყენებინა თავის კვლევაში გაცილებით მეტი მასალები არაბული და ევროპული წყაროებიდან და აგრეთვე კაიროს ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემები.

პროფ. გოჩა ჯაფარიძის ინდივიდუალური კვლევის პროექტის “საქართველო და ეგვიპტის მამლუქები”, ძირითადი მიგნება ეგვიპტეში, XIII ს-ის მიწურულიდან XVIII ს-ის ბოლომდე ქართული ელემენტის როლის და მნიშვნელობის წარმოჩენაა. კვლევაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი აპოლონ სილაგაძე, ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ კრესელიუსი და თსუ-ს დოქტორანტი მამუკა წურწუმია.

კვლევა უჩვენებს, რომ ქართველი მონების (მამლუქების) რაოდენობა ეგვიპტეში XIII-XV საუკუნეებში მცირე იყო. თუმცა ისინი ჩანან ამ პერიოდის მამლუქთა ელიტაში, რომელშიც დომინირებდნენ ჯერ ყივჩაღები და მოგვიანებით ჩერქეზები. ქართველები გავლენიანები ხდებიან ეგვიპტის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე ოსმალთა ბატონობის დროს და განსაკუთრებით XVII ს-ის ბოლოდან XVIII ს-ის ბოლომდე. ამ პერიოდში ეგვიპტეს 6 ქართველი განაგებდა.

ქართული წარმოშობის პირველი მამლუქი ბეი, რომელმაც თავისი საკუთარი სახლი (ბაით) შექმნა და დიდი ძალაუფლება მოიპოვა ეგვიპტეში, იყო მუჰამედ ბეი კატამიში. 1730-31 წლებში, როცა მამლუქებმა ოსმალო ფაშა დაამხეს, ის ეგვიპტის დროებითი გამგებელი გახდა. 1736 წ. ის მოკლეს ეგვიპტეში ოსმალო ფაშას მიერ ორგანიზებული შეთქმულების დროს.

ქართველი იყო აგრეთვე იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი - ოსმალთა ეგვიპტის ფაქტობრივი მამლუქი გამგებელი 1748-1754 წლებში. XVIII-XIX ს-ის დამდეგის ეგვიპტელი მემატიანის ალ-ჯაბართის ცნობით, მას ჰქონდა “ისეთი დონის ძალაუფლება, სიდიადე, გავლენა, გამჭრიახობა მართვაში და უდავო ავტორიტეტი, რომლისთვისაც მანამადე არავის მიუღწევია ეგვიპტეში”... მის დროს “კაიროს სილამაზე იყო ბრწყინვალე, მისი უპირატესობა _ აშკარა, რაც თრგუნავდა მის მეტოქეებს”.

ალი ბეი ალ-ქაბირი (დიდი) - 1741 წ. საქართველოდან მოიტაცეს და საჩუქრად მიართვეს ეგვიპტის მომავალ გამგებელს ქართველ იბრაჰიმ ქათხუდას. 1768-1772 წლებში მან დაიწყო აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ, შექმნა ცენტრალიზებული ხელისუფლება, დაიწყო სამხედრო კამპანიების სერია, რითაც თავის დროებით კონტროლს დაუქვემდებარა ზემო ეგვიპტე, ჰიჯაზი, პალესტინა და სამხრეთი სირია. ალი ბეიმ შეწყვიტა გადასახადების გაგზავნა სტამბოლში, გააძევა ქვეყნიდან ოსმალო ფაშა, ახორციელებდა უპრცედენტო კონტროლს ქვეყნის ფინანსურ და ადმინისტრაციულ საქმეებზე და რაც მნიშვნელოვანია, განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობის ის კურსი, რომლის რეალიზაციაც XIX ს-ის I ნახევარში მუჰამედ ალი-ფაშამ მოახდინა.
“ალი ბეის აჯანყების შემდეგ - ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციამდე (1798 წ.) ეგვიპტეში დომინირებდა მამლუქი ბეიების ოლიგარქია - ბეილიქათი, რომელიც, ისევე როგორც ოსმალების მიერ ადრე შექმნილი 7 სამხედრო კორპუსის ხელმძღვანელობა, უმთავრესად შედგებოდა ქართველებისგან”, - აცხადებს პროფ. ჯაფარიძე.

მამლუქი ბეიების - იბრაჰიმის (სოფ. მარტყოფიდან, გვარად შინჯიკაშვილის), რომელსაც ეკავა შაიხ ალ-ბალადის უმაღლესი პოსტი მამლუქთა იერარქიაში და მურადის (თბილისიდან) დუუმვირატი მართავდა ეგვიპტეს (შესვენებებით) 1775-1798 წლებში. ისინი მოქმედებდნენ როგორც ქვეყნის დამოუკიდებელი მმართველები, გამუდმებით უგულვებელყოფდნენ ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებებს და ეწინააღმდეგებოდნენ ოსმალო გამგებლის ყოფნას ეგვიპტეში.

იბრაჰიმ და მურად ბეიებს, რომელთა სამსახურში 16-დან 12 ბეი ქართველი იყო, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, მეფე ერეკლე II-სთან. მარტყოფში, შინჯიკაშვილების უბანში, დღემდე დგას იბრაჰიმის მიერ გამოგზავნილი ფულით აშენებული კოშკი. მანვე გაგზავნა მარტყოფში ფული ეკლესიის ასაშენებლად.

კიდევ ერთი ქართველი - ისმაილ ბეი, რომელიც 1791 წ. შავი ჭირის მსხვერპლი გახდა, იყო იბრაჰიმ ქათხუდას მამლუქი და მისი სიძე, ეგვიპტის მამლუქების პროოსმალური ფრთის ლიდერი. მას პერიოდულად ეკავა შაიხ ალ-ბალადის თანამდებობა.

პროფ. ჯაფარიძის კვლევებმა პროფ. დანიელ კრესელიუსთან და პროფ. აპოლონ სილაგაძესთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყვეს ეგვიპტის ქართული წარმოშობის მამლუქების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინფორმაციის გავრცელებას.  მან და პროფ. კრესელიუსმა ორი ერთობლივი სტატია დაბეჭდეს წამყვან ორიენტალისტურ ჟურნალებში:  Journal of the Economic and Social History of the Orient. vol. 45, pt. 3, 2002, p. 320-341: “Relations of the Georgian Mamluks of Egypt with their Homeland in the Last Decades of the Eighteenth Century” and  Annales Islamologiques, 42, 2008, p. 313-337: “Georgians in the Military Establishment in Egypt in the Seventeenth and Eighteenth Centuries”.

პროფ. ჯაფარიძის მეორე პროექტი “ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVII ს.ს-ში” ახალი მიმართულებაა მის სამეცნიერო მუშაობაში. მისი მთავარი სიახლეა მამლუქთა და ოსმალთა ბატონობის დროინდელ პალესტინაში, ქართული სამონასტრო თემის შესახებ, იერუსალიმის და სინას მთის ბიბლიოთეკებში დაცული უნიკალური და გამოუქვეყნებელი არაბული დოკუმენტური წყაროების გამოვლენა.

მკვლევარმა შეისწავლა წმინდა მიწაზე ქართველი პილიგრიმებისა და ქართული სამონასტრო თემის ცხოვრება და საქმიანობა ეგვიპტის სულთნების ბრძანებულებების, ქართველი მეფე-მთავრებისადმი ეგვიპტის სულთნების წერილების, სასამართლო ოქმებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. კერძოდ, ეს დოკუმენტები მოგვითხრობენ ქართული სამონასტრო თემის სტატუსისა და მისი კუთვნილი, თუ იჯარით აღებული მიწების თაობაზე; ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციის წესებზე; ქართველებისა და ფრანცისკელების დავაზე გოლგოთას გარშემო, მამლუქთა, თუ ოსმალთა ბატონობის დროს და სხვ.

`მოპოვებული დოკუმენტური და არაბული ნარატიული წყაროების შესწავლამ საშუალება მოგვცა, საბოლოოდ დაგვედგინა ქართველთა მიერ მუსლიმთაგან მიტაცებული იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის დახსნის თარიღი - 1310 წ. მიწურული. გამოვლინდა უცნობი ქართული მონასტერი იერუსალიმში XII ს-ის ბოლო მეოთხედისთვის - “მონასტერი ახალი”. დადგინდა ეტიმოლოგია და დაზუსტდა ადგილმდებარეობა ქართველთა კუთვნილი დერთუფას და დერტავის დედათა მონასტრებისა იერუსალიმში. გამოვლინდა ქართული სამონასტრო თემის კუთვნილი სახნავ-სათესი მიწები და ბაღები იერუსალიმში - ჯვრის მონასტრის მახლობლად, კატამონში და სხვ. დოკუმენტები აზუსტებენ ჯვრის მამების (მონასტრის წინამძღვრების) ქრონოლოგიას და გვაძლევენ ჯვარის მამების ახალ სახელებს; ასევე ადასტურებენ ჯვრის მონასტერში მეჩეთის არსებობას ოსმალთა ბატონობის ხანაში XVI ს-ში. ... გაირკვა, რომ მამლუქთა სასულთნოებს პრეტენზია არ ჰქონდათ გარდაცვლილი ქართველი ბერებისა და პილიგრიმების მემკვიდრეობაზე და იგი რჩებოდა ქართულ სამონასტრო თემს. იერუსალიმის ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, მამლუქი სულთნების ნებართვით, ქართველები სარგებლობდნენ შეღავათით და არ იხდიდნენ გადასახადს - მეათედს (უშრ) თავიანთი სახნავ-სათესი მიწებიდან. სინაის წმ. ეკატერინეს მონასტერში და წმინდა მიწაზე მოპოვებული დოკუმენტები უჩვენებენ, რომ პალესტინის პორტებში შესული ქართველი პილიგრიმები, რომლებიც მიემართებოდნენ იერუსალიმში, არ იხდიდნენ გადასახადებს, მათ შორის ქრისტიანთათვის უწმინდეს აღდგომის (უფლის საფლავის) ეკლესიაში შესვლისას”, - აცხადებს კვლევის ავტორი.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ მის მიერ შესწავლილ დოკუმენტებში დასახელებულია მანამდე უცნობი ქართული სამონასტრო თემის კუთვნილი სახლები იერუსალიმსა და რამლაში, რომლებსაც აქირავებდნენ ქართველ სტუმრებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე; იერუსალიმის ქართულ მონასტრებთან მდებარე სამეურნეო ობიექტები, რომლებიც ქართველი პილიგრიმების გარდა ადგილობრივ მოსახლეობასაც ემსახურებოდნენ. შემოსავალი ქართული სამონასტრო თემის მეურნეობიდან ხმარდებოდა ქართველი ბერ-მონაზვნების საჭიროებებს, ფარავდა სხვადასხვა, მათ შორის ეკლესია-მონასტრებისა და სახლების შესაკეთებლად საჭირო ხარჯებს. გამოვლინდა სრულიად ახალი და უაღრესად საინტერესო მასალები 1512-1514 წლებში ეგვიპტეში ქართველი ელჩის და იმავდროულად, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის წინამძღვრის (ჯვარის მამის) ბეენა ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის შესახებ.

თავისი კვლევის შედეგების პრეზენტაცია პროფ. ჯაფარიძემ გამართა არაერთ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციაზე, მათ შორის პოლონეთშიც, ცნობილი ქართველი მეცნიერის, წმინდა მოწამის გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზეც.
მკვლევარი კვლავაც აგრძელებს ზემოხსენებულ თემებზე მუშაობს და დაგეგმილი აქვს მათ შესახებ უახლოეს მომავალში ორი მონოგრაფიის გამოცემა.


სხვა სტატიები »